დაპირისპირება ცაში

დაპირისპირება ცაში

“აირზენასა” და “აეროფლოტს” შორის საჰაერო დაპირისპირება შეიძლება ორმხრივი შეთანმებით დასრულდეს. ჯერჯერობით კი ისეთი ვითარებაა, რომ რუსული ავიაგიგანტმა ქართულ კომპანიას დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ავიარესებზე პარიტეტის დაცვაა და ახლა სწორედ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

რუსული მედიის ინფორმაციით, “აეროფლოტმა” უახლოეს დღეებში, შესაძლოა, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამციროს. კომპანიაში რუსულ “კომერსანტს” განუცხადეს, რომ ჯერ კიდევ ორშაბათს მოაწერეს ხელი პროტოკოლს “ჯორჯიან ეარვეიზთან” (აირზენა), რომელშიც ფასწარმოქმნის ყველა პირობაზე შეთანხმდნენ. თუმცა “აირზენასთან” დაკავშირებულმა წყარომ იგივე გამოცემას არ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პროტოკოლი ხელმოწერილია. მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

“ჯორჯიან ეარვეიზი” მოითხოვს, რომ ადგილობრივმა საავიაციო ხელისუფლებამ ყველა გადამზიდავი, მათ შორის, უცხოური, თანაბარ პირობებში ჩააყენოს: შვიდი სიხშირე ქართული კომპანიისთვის და ამდენივე ყველა რუსული გადამზიდავისთვის.

საქმე ისაა, რომ ავიაკომპანიების საერთაშორისო ხაზებზე დაშვების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ოქტომბრის პროტოკოლში ნათქვამია, რომ მხოლოდ “აეროფლოტს” შეიძლება გაეზარდოს სიხშირეების რაოდენობა ამჟამინდელი შვიდიდან თოთხმეტამდე. “რედ ვინგსს”, “კოგალიმავიას,” “იაკუტიას,” “იამალს” და “სევერნი ვეტერს” რუსეთის ხელისუფლებამ თითოეულს კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა”, - აღნიშნავს რუსული გამოცემა.

“როსავიაციაში” აცხადებენ, რომ ბოლო შეთანხმების თანახმად, მოსკოვი-თბილისის ხაზზე ორივე მხრიდან კომპანიების დაშვების მხრივ შეზღუდვები აღარ არსებობს.

“აეროფლოტისა” და “აირზენას” შორის საჰაერო ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ქართული კომპანია რუსულ გიგანტს დემპინგური ფასების დაწესებაში ადანაშაულებს.

“აირზენას” გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, ბოლო დროს მოსკოვის მიმართულებით “აირზენას” მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით შეუმცირდა. მიზეზი ავიაბაზარზე “აეროფლოტის” შემოსვლაა.

“10 ნოემბრიდან მგზავრთნაკადი მკვეთრად დაეცა, დაახლოებით, 60-70 პროცენტზეა საუბარი. “აეროფლოტი” არის უმდიდრესი სახელმწიფო ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტის დოტაციაზეა. მას ყველანაირი ფინანსური რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ მიმზიდველი ფასით ნებისმიერი ბაზარი უპრობლემოდ აითვისოს”, -აცხადებს ზაუტაშვილი.

“აეროფლოტის” შემოსვლამდე თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რუსული კომპანია “სიბირი” და “აირზენა” დაფრინავდა. ორივე კომპანია კვირაში 7-7 რეისს ასრულებდა.

თავის დროზე რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეისების რაოდენობაზე პარიტეტი აუცილებლად დაცული იქნება - როგორც რუსულ კომპანიებს, ისე “აირზენას” 14 სიხშირის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ დასტურდება.

ამასობაში საქართველოში შემოსვლას კიდევ ერთი კომპანია “ტრანსაერო” გეგმავს. კომპანიის საიტზე უკვე განთავსდა ინფორმაცია, რომ ერთი მიმართულებით ფრენის ღირებულება 5264 რუბლი, ანუ დაახლოებით 200 ლარი იქნება, ორივე მიმართულებით მგზავრობის ტარიფი კი 11 379 რუბლით (დაახლოებით 432 ლარი) განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანის ჯერ ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლის ნებართვა არ აუღია, ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.