„ამ ეტაპზე ნატო გადასულია თავისი წევრი სახელმწოფოების დაცვაზე. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას სერიოზული ცენტრი, რომელმაც შეიძლება რუსეთი დააფრთხოს და ჩვენ უსაფრთხოების გარანტია მოგვცეს“, - აცხადებს ექსპეტრი თორნიკე შარაშენიძე, რომლის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთი გაცილებით აგესულია, ვიდრე იყო 2-3 წლის წინ.
for.ge თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის განცხადებით, არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს იმპულსურ ლიდერებს შორის ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას. როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი სახის შეშფოთება, ხელისუფლების ქმედებებში იკითხება, რომ ქვეყანა შეიძლება დაუბრუნდეს ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას?
- საქართველოს ყველა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა რუსეთთან. ეს იყო ვერგააზრების პრობლემა. არ იყო გააზრებული სტრატეგია, არასოდეს არ იყო გაწერილი რა უნდა გაგვეკეთებინა, რა მოლოდინი შეიძლება გვქონოდა რუსეთისგან და რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა ამის საპასუხოდ, ეს გეგმა არასოდეს ჰქონდა ხელისუფლებას შემუშავებული. ყველივე ამის ფონზე, რაც ახლა ხდება, ვგულისხმოს ე.წ. რუსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას, ახლა მაინც თუ არ მოხდება სტატეგიაზე სერიოზული მუშაობა, მაშინ რთული სათქმელია საით მივდივართ.
მთელი მსოფლიო ლაგდება რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთის შესაკავებლად მიმდინარეობს მსოფლიოს მობილიზება. ჩვენ თუ არ შევხტით ამ მატარებელზე და მსოფლიოს თუ არ შევახსენეთ ჩვენი თავი, შედეგ უკვე გვიან იქნება.
როცა რუსეთი დაამთავრებს აფხაზეთის ანექსიას, მერე იგივეს გააკეთებს სამხრეთ ოსეთში, სადაც გაცილებით იოლი იქნება ეს პროცესი. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალში მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვა. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება და თავზე ხელებს გადაგვისვამს რუსეთი, არა, ბატონო! მერე წავა სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველო შეათრიოს ევრაზიულ კავშირში.
თქვენ თვლით, რომ სეპარატისტებთან, ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის მთავარი გზავნილი არის საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანის მცდელობა, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში და მთავრობაში ამ საკითხზე არსებობს ძალიან მკაფიო პასუხი, ჩვენ გზა ეს არის ევროპა...
- რა თქმა უნდა, რუსეთს ძალიან კარგად ესმის, რომ ჯერჯერობით საქართველოს საზოგადოებრივი აზრი ამას არ დაუშვებეს და ამას შეეწინააღმდეგება, ისევე როგორც მთავრობა. მაგრამ, რუსეთი ამისთვის შეამზადებს ნიადაგს. ხედავთ, რომ გააქტიურებული არიან რაღაცა გაურკვეველი ე.წ. არასამთავროები „ევრაზული კავშირი“ და მსგავი ორგანიზაციები, ისეთი თემები შემოაგდეს საზოგადოებრივი განხილვისთვის, როგორიც არის რუსეთთან დამეგობრება, პუტინთან ჩახუტება, ნეიტრალიტეტი, რომელიც აბსოლუტურად აბსურდია, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
1920 წელს გამოვაცხადეთ ნეიტრალიტეტი, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში დასრულდა ჩვენი ანექსიით. 1921 წელს ნეიტრალურები ვიყავით, როდესაც რუსეთმა ჯარები შემოიყვნა. როგორც ჩანს, რუსეთი ელოდება, რომ საქართველოში შიგნით სიტუაცია ნელ-ნელა აურიოს და საზოგადოებრივი აზრი მოატრიალოს თავისკენ, მერე უკვე, დაიწყება სერიზული ზეწოლა, რომ მთავრობა შევიდეს ევრაზიულ კავშირში. ამისთვის დღესვე თუ არ დაიწყო მზადაება მთავარობამ და წინასწარ თუ არ გაწერა სამოქმედო სტრატეგია, რას შეიძლება ველოდოთ, რა საფრთხე საიდან მოდის, მერე ამასთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება.
თქვენ ბრძანეთ, რომ გააქტურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა გააქტიურდნენ პოლიტიკური პარტიებიც. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო ვშორდებით აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს...
- მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ბოლო ორ წელიწადში ჩვენ არ დავახლოვებულვართ ნატოს. გაყინულია ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ყოველ წელიწადს იგონებენ რაღაცა ახალი თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც რეალურად ნატოსთან ჩვენ არ გვაახლოვებს. ჩვენ ვერც დავუახლოვდებით ნატოს, იმიტომ, რომ ეს პროცესი რუსეთმა მას მერე გაყინა, რაც ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ტრიტორიის. ასე რომ, ბურჯანაძის გამონათქვამებზე და მის წარსულზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს საერთოდ ცალკე თემაა. სამწუხაროდ, არავითარი დაახლოება ჩვენი ნატოსთან არ მომხდარა. ნატოსთან დაახლოება რომ მომხდარიყო და ნატოს დახმარებით გავძლიერებულიყავით, რუსეთი ამას ვერ გაბედავდა. ახლა ბედავს, იმიტომ, რომ ხედავს სუსტები ვართ.
ბურჯანაძის მთავარი გზავნილი არის შემდეგი - რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი არ არსებობს. ამ გზავნილის მიზანი არის დასავლეთის მიმართ იმედგაცრუება და შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ რუსეთის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას?
- რა თქმა უნდა, მიზანია მოსახლეობაში გაჩნდეს იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ და განწყობის შექმნა, რომ მხოლოდ რუსეთი თუ გვიშველის. ამ პოლიტიკურ პარტიებს ერთ რამეს შევახსენებ, 90-იან წლებში საქართველო მზად იყო ყველაფერზე მოეწერა ხელი, ოღონდ საქართველოს დაებრუნებინა ტერიტორიები, მაგრამ ეს მაშინ, რუსეთმა არ გააკეთა. ეს არ გააკეთა იმ პერიოდში, როდესაც გაცილებით იოლი იყო ამის გაკეთება, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ აფხაზეთის ომი 2-3 წლის დამთავრებული იყო.
ახლა, როცა მთელი თაობა გაიზარდა აფხაზეთში საქართველოს გარეშე, იმ თაობის საქართველოში დაბრუნება გაცილებით რთულია, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც შევარადმაძემ ყველაფრეზე მოუწერა ხელი რუსეთს, რომ სანაცვლოდ დაებრუნებინა ტერიტორია, რაც რუსეტმა არ გააკეთა. ნუ გვავიწყდება, რომ ეს იყო ელცინის (რომელიც გაცილებით ლიბელარი იყო) რუსეთი და არა პუტინის რუსეთი.
განცხადებების დონზე შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?
-განცხადება არის პოლიტიკის ერთი ნაწილი, მთავარი პოლიტიკა კეთდება განცხადების გაკეთებამდე. მთავარი პოლიტიკა არის აქტიური მუშაობა დიპლომატიური არხებით, კულუარებში მოქმედება. გასაგებია, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველომ შეძლო რუსული ბაზრის გახსნა, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი საკითხი ამოვარდა დღის წესრიგიდან, ჩვენ არავის არ ვახსოვართ. არ ვიცი ეს გაკეთდა შეგნებულად, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ, თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში საქართველო არ აინტერესებთ.
ორი წლის წინ პარლამენტში მზადდებოდა ასეთი პროექტი -საქართველო გახდეს როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამას ერთი გამართლება ჰქონდა - რუსეთი არ გაგვეღიზიანებინა იმ დონეზე, რომ ახალი აგრესია გამოგვეწვია მისი მხრიდან. ეს გასაგებია და მთავრობამაც ორმხრივი დაძაბულობა ნამდვილად შეანელა, მაგრამ მეორე მხრივ მთავრობას არაფერი უშლიდა ხელს, რომ კულუარებში აქტიურად ემუშავა იმისათვის, რომ ჩვენი საკითხი დასავლეთს არ დავიწყებოდა. ჩემი აზრით, ამ მხრივ ძალიან სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული.
ეს იყო შეცდომა თუ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა?
- არ ვიცი, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ დღეს. დღეს ნაციონალები მოუწოდენენ მთავრობას, რომ შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, შორს ვარ ამ აზრისგან, ეს სულ სხვა რაღაცაა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უნდა შევეშვათ თავის მოტყუებას. მთელი მსოფლიო გერმანიის ჩათვლით, რომლიც აქამდე თავს იტყუებდა და ცდილობდა დაელაგებინა ურთიერთობა რუსეთთან, გონს მოდის. ჩვენც მოვიდეთ გონს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ომი გამოვუცხადოთ რუსეთს - არა, ეს გულისხმობს იმას, რომ გავააქტიუროთ მუშაობა დიპლომატიურ კულუარებში და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი თავი გავახსენოთ.
ამის ერთი ნიშანი გამოჩნდა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დროს, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეს არის 2008 წლის ომის გაგრძელებაო. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი დატვირთვის განცხადებები. ჩვენ მარტო ერთი-ერთზე რუსეთთან ურთიერთობას ვერ დავალაგებთ. რუსეთს მიაჩნია, რომ შენ უნდა იყო მისი გავლენის სფერო. სანამ რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველოს გარეშე რუსეთის იმპერია სრულყოფილი ვერ იქნება, მანამდე ერთი-ერთზე მასთან ურთიერთობას ვერ დავალაგებთ.
თებერვალში დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სწორედ ამ მინისტერიალზე გახდება ცნობილი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები. როგორ ფიქრობთ, რუსეთის მხრიდან ეს დესტრუქციულ ქმედება პირდაპირ კავშირშია საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან?
- ეს არის მხოლოდ საბაბი მათი მხრიდან. როდის გაკეთდება ნატოს საწვრთნელი ბაზა და რა ფორმით, ეს არავინ ვიცით. მაგრამ, ეს ცენტრი რუსეთს საფრხეს ვერ შეუქმნის და ამას რუსეთში ძალიან კარგად ხვდებიან. გავიხსენოთ რა ხდბეოდა უელსის სამიტამდე, ხდებოდა მავთულხლართების აგება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ა.შ. ღმერთმა ჰქნას, რომ ამ საწვრთნელმა ცენტრმა რუსეთი დააფრთხოს. ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენთან ისეთი საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას, რომ რეგიონში სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.
ამ ეტაპზე ნატო გადასულია თავისი წევრი სახელმწოფოების დაცვაზე. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას სერიოზული ცენტრი, რომელმაც შეიძლება რუსეთი დააფრთხოს და ჩვენ უსაფრთხოების გარანტია მოგვცეს. ასე რომ, არ მგონია ეს შეთანხმება უკავშირდებოდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობას. ამ ეტაპზე რუსეთი არის ძალიან აგრესული, გაცილებით აგესული ვიდრე იყო 2-3 წლის წინ. როგორც გითხარით, რუსეთი გრძნობს, რომ საქართველო ამ ეტაპზე არის სუსტი და ამით სარგებლობს.