საქართველოში ლოგისტიკური პრობლემები გაჩნდა. გადამზიდავი კომპანიები დრო და დრო პროტესტს გამოთქვამენ, საბაჟოზე გამტარუნარიანობის მხრივ შეფერხებებია, რეიტინგიც დაბლა წამოვიდა.
ბოლო დღეებში სარფის საბაჟოზე სერიოზული დაბრკოლებებია - იქმნება რიგი, მანქანებს დროულად ვერ ატარებენ, რის გამოც გადამზიდავი კომპანიებიც ზარალდებიან და მათი პარტნიორებიც, რომლებსაც კონტრაქტით შეთანხმებულ პირობებს ვერ უსრულებენ. გადამზიდავი კომპანიები შემოსავლების სამსახურს ამ პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
„საბაჟოებზე სულ რიგებია. რიგში დგომისას შეიძლება ერთი დღეც კი დაკარგო, რაც გადამზიდავი კომპანიისათვის სასიკეთო სულაც არ არის. მარტო თურქეთში კი არა, გადამზიდავ კომპანიებს აზერბაიჯანის საზღვარზე, ანუ წითელ ხიდზეც სერიოზული პრობლემები ხვდებათ“, - ამბობს კომპანია MSS Georgia -ს ხელმძღვანელი ზურაბ თუშიშვილი. მისი ნათქვამიდან დასტურდება, რომ პრობლემა მხოლოდ თურქეთის მიმართულებით არ არის.
ასეთ დროს ზარალობს ყველა, განსაკუთრებით კი ის, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია გადააქვს, რადგან მაცივარი აქვს ჩართული, ეს კი, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ლოგისტიკა ისეთი სფეროა, რომელიც პუნქტუალობას მოითხოვს.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, საბაჟოზე არსებული პრობლემები ქართული მხარის ბრალი არ არის:
„ჩვენი მებაჟეები ამ საკითხის გასარკვევად გადასული იყვნენ თურქეთში. როგორც თურქმა მებაჟეებმა განაცხადეს, მათ სისტემური პრობლემები ჰქონდათ, კერძოდ, ელექტროენერგიის წყვეტას ჰქონდა ადგილი და ამის გამო დაუგროვდათ საზღვარზე დიდი რაოდენობით მანქანები. გარდა ამისა, სხვა ობიექტური პრობლემებიც აქვთ. დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან სიტუაცია გამოასწორონ და მანქანები ნორმალურად გაატარონ. თურქებს მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი აქვთ და მანქანების ნაკადს დროულად ვერ ატარებენ, ამიტომაც გროვდებიან საზღვარზე მანქანები. ქართულ საბაჟოზე კი ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - განუცხადა მოისწრაფიშვილმა სააგენტო „ბიპიენს“.
ასე თუ ისე, ამ და სხვა პრობლემების გამო, საქართველო ლოგისტიკურად უკან იხევს. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსის“ მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ 77-ე ადგილიდან 116-ზე გადაინაცვლა.
ეს კვლევა 160 ქვეყანას მოიცავს და ორ წელიწადში ერთხელ აფასებს ინდექსში მონაწილე ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო მენეჯმენტის ეფექტიანობას, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხს, გადაზიდვების სიმარტივეს და სხვა.
არადა, მთავრობის გაცხადებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად, ჰაბად ჩამოყალიბებაა. ამასთან დაკავშირებით საქართვერლოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსაუბრია.
ეს კვლევა პირველად 7 წლის წინათ ჩატარდა და საქართველო იქ საერთოდ ვერ მოხვდა. 2010 წელს 93-ე პოზიციაზე აღმოვჩნდით, ორი წლის თავზე კი უკვე 77-ე ადგილამდე დავწინაურდით. უკანასკნელი კვლევის მიხედვით კი, საქართველომ 39-პუნქტიანი გაუარესება აჩვენა.
პრემიერი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „საქართველო რჩება სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო ქვეყნად“, მაგრამ ამისათვის მთავრობას დიდი მუშაობის ჩატარება მოუწვს, რათა დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს და სამომავლოდ წინ წაიწიოს.