საქართველოში შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და მის ნაცვლად, სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდეს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არასაპარლამენტო ოპოზიციამ დააყენა, რომლის პოზიციას რესპუბლიკელებიც იზიარებენ.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს, მაგრამ მანამდე, პოლიტიკური ძალები იმ მოდელზე აპელირებენ, რომელმაც მაჟორიტარული სისტემა უნდა ჩაანაცვლოს.
როგორც for.ge-ს „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა, ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ „სარჩევნო კოდექსი“ უნაკლოა, მაგრამ კანონმდებლობაში ბევრი ნაკლოვანება არსებობს. მისი შეფასებით, საქართველოში ამჟამად, საარჩევნო სისტემის მახინჯი მოდელია, რომელიც მანდატების მოპარვის საშუალებას იძლევა.
„თბილისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43 პროცენტი მიიღო, მაგრამ მანდატების 75 პროცენტი აიღო, ანუ, მანდატების 30 პროცენტი მოიპარა, სისტემაა ასეთი. პარლამენტშიც ასე ხდებოდა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალშიც ასე მოხდება. მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და პოლიტიკური პარტია არჩევნებში ხმების რამდენ პროცენტსაც მიიღებს, მან იმდენი პროცენტის მანდატები უნდა აიღოს როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში. ანუ, მხოლოდ პროპორციული სისტემა უნდა არსებობდეს“,- განაცხადა კაციტაძემ, რომლის პათოსს იზიარებს „ქართული დასის“ ლიდერი.
for.ge-სთან საუბარში ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პარაზიტად გადაქცეული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად, საერთო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს.
ბაღათურიას მოსაზრებით, თუ სახელმწიფო ასეთ სისტემაზე გადავა, პარლამენტში 80 პროცენტიან უმრავლესობა აღარ იქნება, რომლებიც ძირითადად საკუთარ კეთილდღობაზე, სახელფასო დანამატსა და პრემირებაზე ზრუნავს და არა ეკონომიკურ რეფორმებსა და პენსიაზე.
„პარაზიტებად გადაქცეულ მაჟორიტარებს ვეღარ ნახავთ, რომლებიც საკუთარი რაიონის ბიუჯეტსა და მოსახლეობას სისხლს წოვენ“, - აღნიშნავს ბაღათურია.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთმანდატიანი ოლქები კრიტიკას ვერ უძლებს. მისი შეფასებით, საარჩევნო ოლქებს შორის თანაზომადობა არ არის, რადგან ყაზბეგისა და გლდანის მოსახლეობა ერთი და იმავე რაოდენობის დეპუტატს ირჩევს.
„არსებულ სისტემას სულ ვაკრიტიკებდით, რომლის ჩანაცვლების რამდენიმე ძალიან კარგი ვერსია არსებობს. კერძოდ, ეს იქნება რეგიონალურ პროპორციული სიები, თუ გერმანული მოდელი, სადაც პარტია იმდენ მანდატს იღებს, არჩევნებში რამდენც ხმასაც მიიღებს. რომელიმე რბილი საარჩევნო სისტემის მიმართ ვარ განწყობილი და შეიძლება, ერთიანი პროპორციულ-რეგიონალური სისტემა იქნეს შემოღებული“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის თანაგუნდელი გია ვოლსკი საკითხის დეტალურ შესწავლაზე აპელირებს.
for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ცალსახად იმის გადაწყვეტა, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, არ შეიძლება.
ვოლსკის განცხადებით, მანდატების მექანიკური განაწილება არ უნდა ხდებოდეს და პრობლემები მცირე მოსახლებიან რეგიონებს და საზღვრისპირა სოფლებს არ უნდა შეექმნათ, სადაც მოსახლეობა ისეთაც ცუდად არის დამაგრებული.
„მოსახლეობის მცირე რაოდენობას საშუალება არ უნდა წავართვათ, რომ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ. ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით მანდატების გადანაწილება საფრთხეს შეუქმნის როგორც სახელმწიფო ინეტერსებს, ასევე მის უსაფრთხოებას“, - აცხადებს ვოლსკი, რომლისგან განსხვავებით, საკითხს ამ ჭრილში არ უყურებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევო სისტემის დახვეწა და მისი სამართლიაობის პრინციპთან მიახლოება, სერიოზული ამოცანაა. სპიკერის შეფასებით, არსებული საარჩევნო სისტემა სერიოზული კრიტიკის ობიექტია არა მხოლოდ პროპორციულ-მაჟორიტარობის გამო, არამედ მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით.
უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკურ წრეებს საარჩევნო სისტემასთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მუშაობა მოუწევთ.
„2008 წლის გაზაფხულს გავიხსენებ, როდესაც მაშინდელი ოპოზიციონერები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ვითხოვდით. მაშინდელ ხელისუფლებასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე შევთანხმდით, მაგრამ მეორე დღეს, მათ „სიურპრიზად“ განგვიცხადეს, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს. სამწუხაროდ, იმ შეთანხმების დარღვევამ ქვეყნისთვის ბევრი ცუდი მოიტანა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საკითხზე სასაუბროდ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა, რომელშიც 12 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და პარლამენტის თავმჯდომარე საკითხზე მოკავშირედაც კი მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხსაც დააყენებს, რადგან მათი შეფასებით, უსამართლობაა, როდესაც ადმინისტრაციის 13 წევრიდან 11 წევრი ხელისუფლების წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან შედგება.