დაკავებიდან 28 დღის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. საქმეზე „საიდუმლო“ არ მოეხსნა მასალების მხოლოდ 7 პროცენტს, რომლებიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, შსს-ს კონტრადაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის მიმართვის შემდეგ შეისწავლა აღნიშნული მასალები და საქმის დანარჩენ ნაწილზე გრიფის მოხსნა დასაშვებად მიიჩნია.
კაციტაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა მინიჭებული საიდუმლო გრიფი, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვას. შესაბამისად, ყველა დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შესყიდვასთან, თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ ჰქონდა მინიჭებული საიდუმლო გრიფი.
მისივე თქმით, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის საკითხის დაყენებისთანავე, აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომა მიიღო, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხსნოდა საიდუმლო გრიფი ხსენებულ საქმეში არსებულ თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს.
კაციტაძის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროსა და კონტრადზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაოების შედეგად, მოხდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული საიდუმლო და არასაიდუმლო მასალების ერთამენთისგან გამიჯვნა და ყველა სახელმწიფო უწყებამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოხსნა მის მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას გრიფი.
„ეს მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა დაცვის მხარეს. საიდუმლოდ დარჩენილი სისხლის სამართლის საქმის მცირე ნაწილი კი, დადგენილი წესით, გაეცნობა მხარეებს, სათანადო პროცედურების დაცვით. შემდგომი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, რასაც ბოლო პერიოდში მრავლად ჰქონდა ადგილი, ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გრიფი „საიდუმლო“ თავადცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მოეხსნა საქმის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც შეეხება საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროცენტულად გრიფი არ მოხსნია მთლიანი სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ 7 პროცენტს, რისი გაცნობის შესაძლებლობაც კანონის ფარგლებში ექნება დაცვის მხარეს“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
დღის ბოლოს პროკურატურაში მივიდნენ დაკავებულების ადვოკატები. ადვოკატები მიესალმებიან მთავარი პროკურატურის მცდელობას, რომ დაბრუნდეს სამართლებრივ რელსებზე. თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს პროკურატურაში საიდუმლო გრიფმოხსნილი მასალები გადაეცათ. ადვოკატებმა პროკურატურა საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დატოვეს.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილის განმარტებით, პროკურატურამ საქმის მასალების დანარჩენი ნაწილის დაცვის მხარისთვის გადაცემაზე კვლავ უარი თქვა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება. ადვოკატების განცხადებით, მასალების დამუშავებისა და შესწავლისთვის დაცვის მხარეს დრო საკმარისად აქვს. თუმცა, როგორც დაცვა ამბობს, წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული და საკითხავია, რამდენად მოასწრებენ ადვოკატები ექსპერტიზების ჩატარებას და მტკიცებულებების მოგროვებას, რათა განახორციელონ სრულყოფილი დაცვა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალების იმ ნაწილს, რომელსაც გრიფი ჯერ კიდევ ადევს, ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ ადვოკატებს გადაეცათ ჩამონათვალი იმ მასალების, რომელსაც გრიფი ადევს. მისი თქმით, შესწავლის შემდეგ ექნებათ საშუალება შეაფასონ, საჭიროებდა თუ არა მასალების ნაწილი გრიფის არმოხსნას.
„დაახლოებით 2 500 ფურცელი გადმოგვეცა, ბუნებრივია გარკვეული დრო დაგვჭირდება ამ მასალების გასაცნობად. საქმის მასალებს სჭირდება დეტალური შესწავლა და სწორედ ამის შემდეგ ვნახავთ რა არის ის 7 პროცენტი, რომელსაც გრიფი ადევს. ახლა ჩვენთვის მთავარია საქმეს გავეცნოთ და გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გავეცნობით მასალას, ახლაც ვზივართ და ვეცნობით საქმის მასალებს. იცით, რომ პროკურატურამ თავიდანავე არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა“, - აცხადებს ლევან სამუშია.
როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით, განახორციელა კომპანია „სილქნეტისგან“, აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ. პროკურატურის ინფორმაციით, „სილქნეტმა“ სამინისტროს ტენდერში, ასევე ხელოვნურად გაიმარჯვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნას, სამართლიანობის დადგენისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებით, პროკურატურა იძულებული გახდა, მათი მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და დოკუმენტების უმრავლესობისთვის გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა.
„ირაკლი ალასანიას, „თავისუფალი დემოკრატების“, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანადგომის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გრიფი მოხსნილი აქვს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღირსეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას აუცილებლად შემდგომში მოყვება პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები. ისინი პასუხს აგებენ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე შეფასებით, თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრიფის მოუხსნელობა დროის გაჭიანურების მცდელობა იყო.
„ჩვენ მოვუწოდებდით, რომ რაც უფრო მალე განასაიდუმლოებენ დოკუმენტებს, მით უფრო მალე გამოვლენ ამ ჩიხიდან. მესმის, რთულია იმის აღიარება მათთვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და ადვოკატებისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას და ადამიანების უდანაშაულობის დამტკიცებას“, - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ როგორც კი ადვოკატებს საშუალება მიეცემათ საქმეს გაეცნონ, გაიფანტება ეჭვები, რომ თავდაცვის სამინისტროში რაიმე დანაშაული მოხდა.
„რამდენიმე დღეა ამ გრიფის მოხსნა-არმოხსნაზე სპეკულაციები მიმდინარეობს. საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირი, ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ პროკურატურა პოლიტიკური მოტივებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული, ეტყობა, იძულებული გახადა პროკურატურა, ოფიციალურად გამოეცხადებინა, რომ გრიფი მოხსნილია.
ევროკავშირმა კრიზისი უწოდა ამ ფაქტს, რაც მოხდა. ამ ფონზე ამდენი ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ უნდა მოიხსნას თუ არა გრიფი და ასეთი გაჭიანურება პროცესის, არის წამგებიანი მთლიანად ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პოლიტიკური მოტივებია მთავარი და მთელი საქმე არის შეთითხნილი და შეკერილი. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ადვოკატებს მიეცემა მასალების გაცნობის საშუალება, გაიფანტება ის ეჭვები, რომელიც შეიძლება ვინმეს კიდევ აქვს, რომ რაიმე დანაშაული იყო თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.