რუსეთი სარკნიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდა, თბილისი დუმს

რუსეთი სარკნიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდა, თბილისი დუმს

„მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგ, რუსეთის პრეზიდენტი სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით სარკნიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდა. როგორც ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთსა და აფხაზეთს, საერთო შეთანხმების შემთხვევაში, შეუძლიათ სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით.

„შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ და საერთო შეთანხმების შემთხვევაში, განვახროციელოთ ისეთი პროექტი, მაგალითად, როგორიც არის სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის თქმით, თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, საერთო შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით. სურკოვი ამტკიცებს, რომ  შესაძლებელია ამ საკითხზე დაფიქრება და საერთო თანახმობის შემთხვევაში, განხორციელება.

„იდეა რუსეთისა და სომხეთის სატრანზიტო რკინიგზით დაკავშირებაა. ამ საკითხზე არ მიმუშავია, თუმცა არსებული ცნობებით, თბილისი არასდროს ყოფილა ამ გზის წინააღმდეგი“, - განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.

„თავისულაფლი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე - საქართველოს გავლით, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხს ითხოვს.

„რას გულისხმობს ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას? ორაზროვნების დრო ნამდვილად არ არის. რაც მალე ჩამოაყალიბებთ ღიად პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით, მით უკეთესი საქამისთვის!  რას გულისხმობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვუპასუხოთ ისტერიის გარეშე, მაგრამ პრინციპულად?

გთხოვთ, დააკონკრეტეთ პოზიცია ბატონო ზურაბ, რკინიგზასთან დაკავშირებით! და რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით! ცხადად და მკაფიოდ! ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც წინააღმდეგი ვართ“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე,  ოფიციალური კომენტარს საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკეთებს. პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის სარკნიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, არავის არ მიუმართავს და ამის შესახებ არანაირი საუბარი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, ნებისმიერი სატრანსპორტო თუ საკომუნიკაციო არხის აღდგენა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება.

„ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არის ქვეყნის სუვერენული უფლება. ნებისმიერი სატრანსპორტო, თუ საკომუნიკაციო არხები განვითარდება მხოლოდ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც იქნება სახელმწიფოს ძირითადი ინტერესი. ქართული სახელმწიფოს ინტერესი კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ქვეყნის პირველი დიპლომატი არ აკონკრეტებს,  რას გულისხმობს იგი  ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ტიპის განცხადება გაუგებარია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის ასოციაციის“ თანადამფუძნებლისთვის. ელენე ხოშტარია განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს რას გულისხმობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო რამდენიმე სხვა მინისტრი ამას ნეგატიურად არ აფასებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ როგორც მინიმუმ, მთავარობას არ აქვს მკაფიოდ ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

„საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ეს განცხადება არის საფრთხის შემცველი. თუმცა, ჩვენ გვიჭირს ამ თემის შეფასებაც კი. ჩვენ გვახსოვს პუტინის არაერთი განცხადება, რომელსაც არაერთი პრობლემა მოჰყვა შემდეგ. როდესაც პუტინი ამბობს, რომ ის ხედავს ამ რკინსიგზას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ხედავს საქართველოს ევრაზიულ სივრცეში თავისი ეკონომიკური და ყველა შემადგენელით. მე მგონოა, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა და მისი გეგმების გაჟღერება ჩვენთან მიმართებაში“, - აცხადებს ხოშტარია.

მისივე განცხადებით, რკინისგზის თემა ხელისუფლებამ არასწორი განცხადებებით თავადვე გაააქტიურა.

„იმ ვითარებაში, როდესაც ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, როდესაც ხდება ყირიმი და როდესაც მიმდინარეობს ევრაზიული კავშირის ფორმირების პროცესი, დღეს ამ გეგმის განხილვა ნიშნავს ამ პროცესებში ჩართვას. ცალსახად, მთავრობამ უნდა დააფიქსიროს ნეგატიური პროცესი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში შედის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიგვაბამს ევროპულ სივრცეს და არ დაგვაბუნებს რუსული გავლენის ქვეშ. ჩვენი მთავრობის ეს ორაზროვანი ქმედებები არის არასწორი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ელენე ხოშტარია.

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორი ლევან გერაძე თვლის, რომ ქართული მხარე სარკინიგზო მიმოსვლას შესაძლებელია დათანხმდეს მხოლოდ მაშინ, თუ გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ განცხადებაზე, არამედ რეალურ ვითარებაზე და შესაძლებლობებზე.  მიმდინარეობს თუ არა ამ თემაზე ისეთი აქტიური მუშაობა, როგორც ამბობენ, ძნელია ამის თქმა. ამასწინათ, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციებიო. ახლა უკვე პუტინმაც იგივე თქვა.

როდესაც ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ თემის განხილვაში, მაშინ მხოლოდ ეს თემა არ განიხილებოდა. კონფლიქტის მსხვილმასშტაბიანი მოგვარების მთლიან კონტექსტში იყო განხილული ეს საკითხი. არ მგონია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის განვითარებისგან განცალკავებით რაიმე პრესპექტივა ჰქონდეს ამ საკითხის განხილვას. მაგრამ, თუ ასე მოხდა, ეს უკვე შემაშფოთებელი იქნება და ხელს შეუშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან გერაძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ რუსეთს ადარდებს არა რაიმე კომუნიკაციის შექმნა აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ მისი მუდმივი სადარდებელი არის სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც გეოგრაფიულად, გერის როლში აღიქმება კრემლისთვის. პოლიტოლოგის განცხადებით, ამის პარალელურად, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმ მზაკვრული ჩანაფიქრის მიმართ, რასაც ჰქვია საავტომობილო გზის მშენებლობა რუსეთიდან სომხეთისკენ საქართველოს ტერიტორიის გავლით და რომლის რუსული ნაწილის მშენებლობა უკვე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

„რასაკვირველია, სრულიად მკაფიო წინაპირობები უნდა არსებობდეს ასეთი პროექტების, არათუ განხორცილების, არამედ ასეთ თემებზე საუბრის დაწყებისას. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთიდან წამოსული მატარებელი წამოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის გავლით. მაგრამ, ამ ტვირთვების  გადაზიდვის თემა უნდა იყოს  თბილისის და ერევანის თანამშრომლობის საგანი.

ოღონდ, ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მეზობელი არის არა მხოლოდ სომხეთი, არამედ აზერბაიჯანიც, რომელიც პოლიტიკურად უფრო ცხადი მხარდამჭერია ქართული ინტერესების საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიდრე ამის საშუალება, ან უფლება გააჩნია ჩვენს სომეხ მეზობლებს. ეს არ გახლავთ სატრანპორტო თემა, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური თემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.