„სასწორზე დგას საქართველო, მისი ხვალინდელი დღე“

„სასწორზე დგას საქართველო, მისი ხვალინდელი დღე“

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული 9–პუნქტიანი რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ. რეზოლუცია რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას ეხება და საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. კომიტეტების სხდომა დღეს 17:30 საათზე დაიწყება და რეზოლუციაზე საპარლამენტო უმრავლესობის საბოლოო პოზიცია, სწორედ, განხილვების პროცესში გამოიკვეთება.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის საკითხზე for.ge–ს საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელი გია ვოლსკი ესაუბრა.

ბატონო გია, როგორ შეაფასებდითნაციონალური მოძრაობისმიერ მომზადებულ რეზოლუციას? დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ამ დოკუმენტს?

– მათ სტრატეგიას საქართველოსთვის კარგი არაფერი მოუტანია. ჩიხში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, სწორედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეგვიყვანა. ვიმსჯელებთ დღეს ამ საკითხზე. ღია თუ დახურულ რეჟიმში წარიმართება ეს სხდომა ჯერ არ ვიცი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც აპირებენ მოსვლას.

უმრავლესობის პოზიციაზე ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ამ საკითხზე მსჯელობის დროს რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა საერთაშორისო მოთხოვნებს, წინადადებებს, „საგზაო რუკას“, რომელიც მათ ძალიან ეფექტურად შესთავაზეს კიდეც და ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყვეს - ეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, 2006 წლის ივლისამდე ხდებოდა... მიგვიყვანეს იქამდე, რომ რუსეთს ყველა სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში შეუწყვეს ხელი საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკით. ახლა გვთავაზობენ, ყველანაირი მოლაპარაკება შევწყვიტოთ და შევუერთდეთ სანქციებს. ამ პოლიტიკით კვლავ უპირისპირდებიან იმ საერთაშორისო მოთხოვნას, რაც სულ ახლახან, პრემიერის ბრიუსელში ყოფნისას ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა. კონკრეტულად, ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული სტრატეგიის მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებაში. ყველასთვის გასაგებია ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც, როგორ მოქმედებს საქართველოს მთავრობა.

ასე რომ, მე ვფიქრობ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გულითად აღტკინებას არ გამოხატავს ეს დოკუმენტი, ისევე, როგორც 15 ნოემბრის აქცია – ეს არის ძალისხმევის მიმართულება იქითკენ, რომ შეარყიოს საქართველოს სტაბილურობის მაჩვენებელი - რაც საკმაოდ მაღალია და რასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.

კატეგორიული ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არათუ არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, არის აგრესიული და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს ისეთ ნაბიჯებზე, რომ რუსეთს საშუალება მისცეს, არაკონსტრუქციულობა დაგვაბრალოს, მიუხედავად იმისა, რომ ამაშიც არ იქნება რუსეთი მართალი. არ უნდა შეიქმნას ვითარება, რომ მოლაპარაკებების არარსებობის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც კონფრონტაციის ისეთ ხარისხზე გაგვიყვანს, საიდანაც გამოსავალის პოვნა უკიდურესად რთული იქნება, რაც, კიდევ ვიმეორებ, არ არის ის პოზიცია და სტრატეგია, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები გვკარნახობენ.

რუსეთთან წარმოებული ერთგვარად ფრთხილი პოლიტიკისთვის ოპონენტები მკაცრად გაკრიტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობახშირად აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსეთის გაღიზაინებას ერიდება და ეს სტრატეგია შედეგს ვერ მოიტანს. უკმაყოფილებას გამოხატავენ საერათაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ დაუსმელობისთვისაც. რა არგუმენტები გაქვთ მათ წინააღმდეგ?

– ბრალდება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციისთვის არაფერს აკეთებს, არის პროვოკაციული სიცრუე. ბრიუსელში პრემიერის ყოფნის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობების განცხადებებმა აშკარად აჩვენა, რომ საქმე გვაქვს ვითარების ფალსიფიცირებასთან, რაც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პოლიტიკას.

ნაციონალური მოძრაობისმიმართ თქვენი და თქვენი თანაგუნდელების განწყობა აჩენს ვარაუდს, რომ მათ მიერ მომზადებული რეზოლუცია დიდი ალბათობით ჩავარდეს. საპარლამენტო უმრავლესობა ხომ არ გეგმავს, ალტერნატიული რეზოლუცია მოამზადოს?

– პარლამენტმა ახლახან მიიღო განცხადება, რომელშიც ზუსტად ფასდება, რა ვითარება და მისწრაფება აქვს რუსეთს, ამის გათვალისწინებით კი საგანგებო ამოცანებია დასმული საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ვფიქრობ, ამომწურავი პასუხი გავეცით შექმნილ ვითარებას, რასაკვირველია, ეს არ არის გამოსავალი, ვითარება საკმაოდ რთულია. მე პირადად ახალი განცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა, არ გამოვრიცხავ პროექტის მომზადებას. საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გავლა, თუ რამდენად გამოადგება ეს, არა რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, არამედ, ქვეყანას და უშუალოდ საქართველოს ინტერესებს.

რუსეთაფხაზეთის ხელშეკრულების საკითხზე მნიშვნელოვანია თავად აფხაზი ხალხის პოზიციაც. ანუ, თუ 90–იან წლებში აფხაზი ხალხის მოთხოვნა დამოუკიდებლობა იყო, ამ ხელშეკრულებით გამოდის, რომ მათი დეფაქტო მთავრობა დოკუმენტურად ამბობს უარს დამოუკიდებლობაზე.

– მოსკოვის მიერ წარმოდგენილ პროექტსა და სოხუმის მიერ მომზადებული ალტერნატიულ ხელშეკრულებას შორის სხვაობა არის. შედარებითი ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ ხაჯიმბა იძულებული გახდა აფხაზი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის შეშფოთება გაეზიარებინა და ბევრი რამ შეიცვალა იმ ტერმინებში, რომელიც მოსკოვს ჰქონდა წარმოდგენილი.

მაგალითად, რუსული ვერსიის სახელწოდებაში, პრეამბულასა და მთლიან ტექსტში ფიგურირებს სიტყვა „ინტეგრაცია“, აფხაზურ ვარიანტში – „ინტეგრაცია“ შეცვლილია „სტრატეგიული პარტნიორობით“ და ეს ხაზი გასდევს მთელ ამ დოკუმენტს.

რუსეთის ვერსიაში არის თანამშრომლობა, მჭიდრო პარტნიორობა და ინტეგრაციული კავშირები, აფხაზურ ვერსიაში ვკითხულობთ - „ურთიერთმოქმედება, მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა“. რუსულ ვარიანტში - „შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა“, აფხაზურში - „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა“, რუსულ ვარიანტში - „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცე“, აფხაზურში - „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“. ანუ, წამოწეულია პარტნიორული თემები და არა ინტეგრაციული.

თუმცა, მე სოხუმის ვერსიას ადვოკატირებას ვერ გავუწევ, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როგორც მოსკოვის, ისე სოხუმის მიერ წარმოდგენილი ვერსიები საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, სრული ნონსენსია. აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს და მასთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება ინტეგრაციაზე იქნება ეს ორიენტირებული თუ პარტნიორობაზე, მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციით გვთავაზობს, რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტას. რაც არადიპლომატიურია. ისრაელისა და პალესტინის მოლაპარაკებებიც კი გვახსოვს საკმაოდ მძიმე ვითარებაში, ასევე გვახსოვს ამ საკითხზე აშშ-ის პოზიცია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს მოლაპარაკებების წარმოებას რუსეთთან. არა იმის გამო, რომ როგორც ნაცები ამბობენ, მწვანილი და პამიდორი გავყიდოთ, არამედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ბიზნესის კეთების მაღალი მაჩვენებლები. უსაფრთხოების თემა უნდა წამოვწიოთ წინ - ისეთ აგრესიულ მხარეს, როგორიც რუსეთია, არ უნდა მივცეთ აგრესიის განცხორციელების საშუალება და ვიყოთ იმ პოზიციაზე, რასაც მოლაპარაკებების გზით პრობლემის მოგვარება ჰქვია. ეს არის ჩვენი არგუმენტები, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარმოვადგენთ.

მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნებაზე საუბრობთ, თუმცა, ფაქტია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებმა ვერაფრით შეაჩერა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა და ვერ შეაფერხა აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმება, ასეთ პირობებშიც აქვს აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას?

– მოლაპარაკებების წარმოების საკითხზე მძლავრი მხარდაჭრა გვაქვს თანამეგობრობისგან. ასეთ პირობებში ანექსიის მცდელობასათან და ოკუპაციასთან დაპირისპირება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მოლაპარაკების ფორმატის მიღმა დარჩენა და მხოლოდ განცხადებებითა და შეფოთებებით შემოფარგვლა. იმედი გვაქვს, მრავალმხრივი მეთოდების გამოყენებით მივაღწევთ ჩვენთვის მომგებიანი მოლაპარაკებების გამართვას. ამ ყველაფრის საწყის ეტაპზევე მონგრევა, შესაძლოა, ყველაზე მეტად ხელს აძლევდეს რუსეთს. შეიძლება ხელს აძლევდეს, როცა ვამბობ, ვგულისხმობ იმასაც, რომ რუსეთს შესაძლოა, სურდეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაგვიპირისპირდეს იმის გამო, რომ უგულველვყავით უსაფრთხოების აუცილებლობა. რაც უნდა მაღალი რეიტინგი გვქონდეს, არც ერთი ინვესტორი საქართველოში არ შემოვა, თუ ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართველი ცხოვრობს და ეკონომიკურად არის დაკავშირებული თავის ოჯახებთან საქართველოში. კონფრონტაციული ხაზის გატარება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზაინის მომტანი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

პრობლემა სერიოზული და ძალიან მძიმეა, მაგრამ როდესაც სასწორზე ვდებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ, გამოვთვალოთ, რომელი იქნება უფრო საზიანო ჩვენთვის. კონკრეტულად უნდა ავარჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოლაპარაკების გაგრძელება, თუ შეწყვეტა.

არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველო ჩაწერილია საკმაოდ მკაფიო, მუქი შრიფტით და ხელშეწყობა და მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. ამაზე უარის თქმა ან სხვა მიმართულების აღება საზიანო აღმოჩნდება ქვეყნისთვის. ასე რომ, აქ თვითმიზანი არ არსებობს - სასწორზე დგას საქართველო, მისი ხვალინდელი დღე და კონფლიქტის მოგვარების, ჯერჯერობით, ძალიან მყიფე, მაგრამ რეალური შესაძლებლობა. ალტერნატივა კი არსებობს ისეთი, რომელიც ამ პერსპექტივას სპობს.