ლარი 2010 წლის ანტირეკორდისკენ დაეშვა. ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით ეცემა. ასე გაგრძელების შემთხვევაში კურსის მერყეობა აუცილებლად იმოქმედებს სამომხმარებლო ბაზარზე და პროდუქტის ფასებზე.
გასული კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1,76-დან 1,82-მდე ჩამოვიდა. გაცვლითი კურსის ვარდნა ყველაზე შესამჩნევი 23-24 ნოემბრის მონაკვეთში იყო, როდესაც ლარი დაახლოებით 2,3 თეთრით გაუფასურდა. საერთოდ კი, ეს არის ყველაზე მაღალი კურსი 2010 წლის 23 სექტემბრის შემდეგ.
ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. არასტაბილურობის განცდა ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალური ეკონომიკური მიზეზები.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ლარის ვარდნის მიზეზებს განმარტავს. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა შიდა ხარჯების გააქტიურებამ გამოიწვია. ექსპერტის აზრით, წლის ბოლოს საბიუჯეტო სახსრების მართვამ გამოიწვია ბაზარზე ფულის მასის ზრდა, რასაც ლარის კურსის ვარდნა მოჰყვა. ლექვინაძის განცხადებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის მიუხედავად ინფლაციის საფრთხის წინაშე არ დგას, რადგან ეროვნულ ბანკს სარეზერვო ფონდის მეშვეობით, პროცესის კონტროლი შეუძლია.
„ლარის მერყეობა უკვე მეორე წელია იქცა სეზონურ ფაქტორად რისი გამომწვევიც არის შიდა ხარჯები, რომელიც წლის ბოლოს გააქტიურებულია. შარშან ასე იყო და მივიღეთ ლარის დაცემა მცირე დროით. ახლაც ასეა, რადგან ზეწოლაა ლარის კურსზე საბიუჯეტო ხარჯების გააქტიურების გამო. უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, შარშანდელთან შედარებით, ექსპორტის ზრდის ტემპიც შემცირებულია, იმპორტისა კი - გაზრდილია. ფულადი გზავნილები და საინვესტიციო ტემპი დაკლებულია. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის ჯამი გვაძლევს ლარის კურსის ამ ტენდენციას.
თუმცა ეს პროცსი არის კონტროლირებადი, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები, ის აკვირდება პროცესებს და არ დაუშვებს ისეთ მერყეობას რომელმაც ბაზარზე შესაძლოა ფასების კორექტირება მოახდიინოს. შარშან ინფლაცია გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი და წელს გვაქვს 5%-ის ფარგლებში. ამიტომ წელს უფრო მწვავე იქნება ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე.
წლის ბოლოს საბიუჯეტო სახსრების მართვამ გამოიწვია ბაზარზე ფულის მასის ზრდა, თუმცა ამ ყველაფრისთვის შეცდომის იარლიყის მიკერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, უფრო აკურატული და უფრო ზომიერი უნდა ყოფილიყო მთავრობა. წლევანდელი ბიუჯეტის პრობლემაც ისაა, რაც გასულ წლებში - გეგმას არ მიყვებოდა დაფინანსების და ფინანსური რესურსის ათვისების მაჩვენებელი. ალბათ, უფრო მკაცრი პოზიცია იყო საჭირო ფინანსთა მინისტრის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
ეროვნული ბანკი, რომელსაც ყველაზე მეტად ეკისრება პასუხისმგებლობა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, ჯერჯერობით დუმს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა კომენტარი ლარის მერყეობაზე და აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების პრობლემას ვერ ხედავდა.
„ამის პრობლემას ვერ ვხედავ. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, კურსი იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს, ანუ როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მთავრობიდან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა. მან ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზე დოლარის პოზიციას დაუკავშირა.
„ყველა ქვეყანაში, ყველა ვალუტასთან მიმართებაში დოლარი გამყარდა. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ლარზეც აისახება. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ბიუჯეტში რაც დასახარჯია და რაც იხარჯება, უცხოური ვალუტით შემოდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად სწორედ დოლარში ვიღებთ თანხას და პირიქით, ეს შეიძლება ეხმარებოდეს, რომ ლარის კურსის გამყარება მოხდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ეკონომიკის ექპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ გაცვლით კურსში ასეთი რყევები ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის არასწორ დაგეგმვას უკავშირდება. მისი აზრით, სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში ვერ აითვისა ბიუჯეტით განსაზღრული ხარჯები, რის გამოც ის წლის ბოლო კვარტალში ცდილობს თითქმის 1,7 მილიარდი ლარის ათვისებას. მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობით ლარის მიწოდებამ კი ინფლაციური პროცესის გაძლიერება გამოიწვია.