„ნაციონალური მოძრაობა“ პუტინი-ხაჯიმბას მიერ ე.წ. ანექსიის ხელშეკრულების გაფორმების პასუხად პარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღებას მოითხოვს. მათ მიერ შემუშავებული პროექტი პარლამენტის ბიუროზე უკვე გავიდა და დეპუტატების მსჯელობის საგანიც გახდება. სწორედ, ნაციონალების მიერ მომზადებული 9-პუნქტიანი რეზოლუცია იქნება მთავარი თემა 25 ნოემბრის საღამოსთვის ჩანიშნულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რუსეთის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს, მათ შორისაა რუსეთისთვის სანქციების დაწესების და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრების გაუქმება.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატამა გიგი წერეთელმა დასვა. იგი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში აღნიშნული რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანია და პარლამენტმა მას მხარი უნდა დაუჭიროს.
„მე მგონი, ყველას კარგად ესმის, რა ვითარებაა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ოკუპირებული ტერიტორიების გაფორმება და ანექსია ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უკვე გააფორმეს აფხაზეთთან ხელშეკრულება ე.წ. ინტეგრაციასა და მოკავშირეობაზე, რაც რეალურად ნიშნავს აფხაზეთის მიერთებას, უკვე, დე-ფაქტოდ. იგივე პროცესების პროგნოზი შეიძლება ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც, სადაც რუსეთთან მიერთებაზე უკვე დიდი ხანია კეთდება იქაური ე.წ. ხელისუფლების განცხადებები. ვფიქრობ, ეს პროცესი ამგვარად არ შეფერხდება“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიგი წერეთელი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მიმართ ფრთხილ კრიტიკას გულისხმობდა და ამით ცდილობდა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა, მცდარი იყო.
„ჩვენი პროგნოზები გამართლდა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა გაავლო ახალი საოკუპაციო ზოლი, გააფართოვა და მავთულხლართებითა და ბეტონის ნაგებობებით გაამაგრა იგი, ახლა კი პირდაპირ იერთებს ოკუპირებულ ტერიტორიას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას უფრო აქტიური ნაბიჯები და ჩვენ მიერ მომზადებული რეზოლუცია, სწორედ, ამას მოითხოვს. ამ დოკუმენტის მიღება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გვსურდა, მაგრამ მაშინ უმრავლესობამ განაცხადა, რომ პროცედურული საკითხები უნდა გაგვევლო. მიმაჩნია, რომ შექმნილ ექსტრაორდინალურ ვითარებაში მსგავსი ფორმალობები შეიძლება გვერდზე გადაიდოს და ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გაიმართოს მსჯელობა ამ რეზოლუციაზე“,- აცხადებს გიგი წერეთელი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ შესაბამისი საკითხის განხილვაში საკუთარ თანაპარტიელებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება. რეზოლუციის მთავარ მიმართულებებს კი ასე განსაზღვრავს:
„საქართველო უნდა იყოს მხარდამჭერი იმ სანქციებისა, რასაც დღეს დასავლეთი ატარებს რუსეთის მიმართ; საქართველო უნდა იყოს განხილული უკრაინასთან ერთად და რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს გამოც უნდა ხდებოდეს.
აფხაზეთის ანექსიის საკითხზე აქტიურად უნდა ამოქმედდეს საერთაშორისო ფორმატები - იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭო თუ ეუთოს შესაბამისი სტრუქტურები, საერთაშორისო სასამართლოები და ა.შ. უნდა შეიცვალოს ის ვითარება, რომელიც დღეს არის რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების სახით - არაფრის მომცემია და უნდა გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი“.
ოპოზიციონერი კოლეგისგან განსხვავებით, რეზოლუციის საკითხზე კონკრეტული პოზიცია ჯერ არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანი მიროტაძეს. დეპუტატი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომას დაესწრება და გადაწყვეტილებას კოლეგებთან ერთად მსჯელობის შედეგად მიიღებს.
„თუ იქნება მხარდასაჭრი, მხარს დავუჭერთ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, როგორი იქნება უმრავლესობის პოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გვქონია. ცალკე საკითხია, რას უშველის შექმნილ პრობლემას რეზოლუციის მიღება. ჩვენ ამ პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდებით, ეს არის ფაქტი. აუცილებელია პარტნიორი ქვეყნების მაქსიმალური მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. ამის შემდეგ კი კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ წუთში არ მაქვს მზა რეცეპტი, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ან, ზოგადად, ქვეყანამ, მაგრამ ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ ეს არის როგორც საქართველოს, ისე აფხაზი ერის პრობლემა. დღეს ვხედავ აფხაზი ერის გაქრობის საშიშროებას - როგორც არასდროს“,- აცხადებს ანი მიროტაძე. იგი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგანილი რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტიც შეიმუშავოს, თუმცა ეს საკითხი, ისევე, როგორც ზოგადი პოზიცია, კონსულტაციების შედეგად გაირკვევა.
პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს პარლამენტი აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს და ამ მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტზე მსჯელობაც უნდა შედგეს.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკური სპექტრი პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა უნდა დადგეს და წარმოდგენილ რეზოლუციას მხარი უნდა დაუჭიროს.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ამ რეზოლუციის ავტორი. ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ინტერესებში შედის. იდეები, რომელიც ამ რეზოლუციაში წერია, ჩემი აზრით, სრულიად მისაღებია და ასევე მისაღები უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებშიც მსგავსი პოზიციაა, ამიტომ, პარლამენტის მიერ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში პრობლემატური საკითხია აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუმცა, პრაქტიკულად, ეს შეხვედრები ვერაფერს წყვეტს და მხოლოდ ფორმატის გულისთვის მისი შენარჩუნებაც აზრს კარგავს.
„ფორმატთან დაკავშირებით იქნება წინააღმდეგობა, თუმცა, მე მგონია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება შესაძლებელია და არ მიმაჩნია, რომ ამ პუნქტის გამო უნდა ღირდეს რეზოლუციაზე უარის თქმა“,- აცხადებს სერგი კაპანაძე. ექსპერტი ფიქრობს, რომ მართებული იყო პარლამენტის პოზიცია ოქტომბერში, როდესაც განცხადებით უპასუხა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების პროექტს, მაგრამ ასევე საჭიროა, საკანონმდებლო ორგანო უფრო მაღალი დონის დოკუმეტით გამოეხმაუროს უკვე დასრულებულ პროცესს და გაფორმებულ ხელშეკრულებას.
„ზოგადად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის დოკუმენტებს და რეზოლუციებს დიდი არაფერი ძალა აქვს და ვერაფერს შეცვლის, მაგრამ მსგავსი დოკუმენტის მიღება პოლიტიკური პოზიციის გამოსახატავად არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუცია მისაღებია საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა ექსპერტის კახა გოგოლაშვილისთვისაც. იგი ფიქრობს, რომ სადავო შეიძლება იყოს რეზოლუციის გარკვეული პუნქტები, მაგრამ ამის გამო დოკუმენტზე უარი არ უნდა ითქვას.
„შესაძლოა, რეზოლუციის ზოგიერთი მუხლი სადავო იყოს - მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების გამოცხადება, მაგრამ ეს დებატების საკითხია. რეზოლუცია შესაძლოა, დაიხვეწოს, მაგრამ ასეთი დოკუმენტი რომ უნდა მივიღოთ, ფაქტია. ასევე დებატების საგანი შეიძლება გახდეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ორმხრივი ფორმატი“,- განუცხადა for.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმებით ის სტატუს-კვოც კი დაარღვია, რომლიდანაც საქართველომ მასთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამიტომ, ამ ფორმატის გაგრძელება ყოველმხრივ უმართებულოა, მაგრამ მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს ამ ფორმატის საკითხი, უნდა შეჩერდეს, თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ის.
ექსპერტი რეზოლუციაზე საუბრისას ყურადღებას შიდა პოლიტიკურ კონტექსტზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მმართველმა ძალამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის ანექსიის საკითხზე ინიციატივა ერთგვარად ხელში ჩაუგდო „ნაციონალურ მოძრაობას“.
„მათ ამ საკითხზე დემონსტრაციაც მოაწყვეს, რეზოლუციის ტექსტიც შეიმუშავეს. ამიტომ, დღეს მმართველი ძალა პრაქტიკულად, მოპასუხის როლშია ისეთ საკითხზე, რომელზეც, პირველ რიგში, თავად უნდა ჰქონდეს რეაგირება. დაბნეულები არიან, არ აქვთ ხედვა და სტრატეგია. ამიტომ, სჯობს, დასთანხმდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ გაჰყვნენ ამ საქმეში. ვფიქრობ, ეს ნაკლები ბოროტება იქნება, რეზოლუციაზე უართან შედარებით“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემუშავებულ რეზოლუციას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები თბილისში განიხილავენ. რეზოლუციის საკითხზე მომხსენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი თინა ბოკუჩავა იქნება.