ე.წ გასაღების თაობაზე რესპუბლიკელები და „ქართული ოცნება“ კანონპროექტების მიღებისთვის ემზადებიან. ორივე ფრაქცია ცალ-ცალკე ხმებს ითვლის, მობილიზაციას აცხადებს და ფრაქციის წევრებს საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით წასვლის უფლებას არ აძლევს. ასე მოხდა თინა ხიდაშელის შემთხვევაშიც, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, 27 ნოემბერს, ისრაელში მხოლოდ იმიტომ ვერ მიდის, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, კენჭისყრაზე ხმა ვახტანგ ხმალაძის ინიციატივის სასარგებლოდ მისცეს და მოსალოდნელი შედეგი ერთი ხმით გააუმჯობესოს.
for.ge-ს ინფორმაციით, დეპუტატების მობილიზაცია ხდება უმცირესობასა და „თავისუფალ-დემოკრატებშიც“, რომლებიც მზადყოფნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ცვლილებების სასარგებლოდ გამოთქვამენ.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, მიმდინარე სასესიო კვირას, ის მოლდოვაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ვიზიტი პარლამენტში დანიშნული კენჭისყრის გამო ჩაშალა.
წერეთელის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს იმ კანონპროექტს დაუჭერს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში „გასაღებს“ არ დატოვებს.
„ყველაზე მეტად იმ პრინციპებს ვიზიარებთ, რომელსაც ხმალაძის ინიციატივა ითვალისწინებს. შესაბამისად, მაქსიმალური მობილიზაცია გვექნება, რომ ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებს წერეთელი, რომლის მსგავსად, ვახტანგ ხმალაძის პროექტს მხარს უჭერს ფრაქცია „თავისუფალი-დემოკრატები“.
for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ექნება ხმალაძის წინადადებას, რომლითაც ადამიანის უფლებები დაცულია.
ჩიქოვანის განცხადებით, მთავარი მიზანია, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დარჩეს.
„თავისუფალი-დემოკრატები“ მხარს ხმალაძის წინადადებას ვუჭერთ“, - ამბობს ჩიქოვანი, რომელიც ხმალაძის წინადადების მოქნილობაზე აპელირებს.
ხმალაძე, რომელიც ე.წ. გასაღებს და ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადასცემს, ცვლილებების ამოქმედების ვადად 2015 წლის 1-ელ ივნისს განსაზღვრავს და საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისთვის დაახლოებით 100 000 ლარიან ხარჯს პროგნოზირებს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესრულებისთვის კი, საჭირო დაახლოებით 280 000 - 300 000 ლარი იქნება, ცვლილებების ამოქმედების ვადად 2015 წლის 31 მარტი განისაზღვრება და „ორგასაღებიან“ სისტემაში ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
საკუთარი კანონპროექტების მიზანშეწონილობაში ვახტანგ ხმალაძეც დარწმუნებულია და ეკა ბესელიაც, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს იმის პროგნოზი უჭირს, მისი ინიციატივა მოაგროვებს თუ არა საჭირო ხმებს.
ბესელიას შეფასებით, მის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა ხდება, მეორე მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებია გათვალისწინებული.
კანონმდებელის მოსაზრებით, ხმალაძისა და მისი პროექტის კონცეფცია სხვადასხვა არის, მაგრამ კონსესუსის მიღწევაც შესაძლებელია.
„განწყობილი ვართ იმისთვის, რომ პოზიციების შეჯერება მოხდეს და პროექტში გარკვეული დაზუსტებებიც შეიძლება შევიდეს. ცვლილებების ძირითადი არსი ის არის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მეტი კონტროლი არსებობდეს და პარალელურად, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების - უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზურნველყოფს“, - აცხადებს ბესელია, რომლის მსგავსად, ხმალაძე პოზიციების შეჯერებას არ გამორიცხავს, მაგრამ ამავდროულად, ამბობს, რომ ზოგჯერ იმის შეჯერებაც რთულია, რაც თეორიულად ჩანს, რომ ადვილად გასაერთიანებელია.
ხმალაძის მოსაზრებით, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან „გასაღების“ გარეთ გატანა უნდა მოხდეს.
„მთავარი პრინციპია ის, რომ ერთი „გასაღები“ იყოს აღმასრულებელის ხელისუფლების გარეთ და თან სწორ ადგილას იყოს“, - განუცხადა for.ge-ს ხმალაძემ, რომლის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები გიორგი კახიანი და ზვიად კვაჭანტირაძე.
for.ge-სთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აღნიშავს, რომ ის მხარს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს უჭერს.
დეპუტატის შეფასებით, ის ღირებულებები, რომელიც სასწორზე დევს - ადამიანის უფლებები და ქვეყნის უსაფრთხოება, ამ მოდელით დაბალანსებულია.
„ბალანსი ისე უნდა გავავლოთ, რომ არცერთი მხარე არ დაზიანდეს. ამ პროექტში ეს ინტერესია ჩადებული“, - ამბობს კახიანი, რომლის პათოსს იზიარებს ზვიად კვაჭანტირაძე.
როგორც for.ge-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი „გასაღები“ მაინც არ ჰქონდეს.
მისი თქმით, ეს საკითხი რომელიმე კერძო პირის მოსმენას არ შეეხება, არამედ საუბარია ქვეყნის უშიშროებისა და უსაფრთხოების დაცვაზე.
„ქვორუმის პრობლემა არ გვაქვს, შესაბამისად, უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას მაინც გაიტანს. თუკი პრეზიდენტი პროექტს ვეტო დაადებს, ვეტოს დავძლევთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო ისევ გამოიყენოს“, - აცხადებს კვაჭანტირაძე, რომლის იდეამ ხმალაძე-ბესელია ბიუროს სხდომაზე დააპირისპირა.
კერძოდ, კვაჭანტირაძემ მოითხოვა, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყოფილიყო, რასაც ხმალაძის პროტესტი მოჰყვა. რესპუბლიკელმა აღნიშნა, რომ საკითხზე წამყვანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უნდა იყოს, რადგან თემას წელიწადნახევარია, რაც მისი კომიტეტი იხილავს და მისი წევრებიც საკითხში უფრო მეტად ჩახედულნი არიან. ხმალაძის ეს შეფასება ბესელიას არ მოეწონა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რაც შეეხება ღრმა განსწავლულობას, უკაცრავად, მაგრამ ამ საკითხებს 15 წელი მოვანდომე“.
ხმალაძე-ბესელიას შორის არსებული კონფლიქტი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განმუხტა და საკითხზე კენჭისყრა ჩაატარა, რომლის შედეგებით გადაწყდა, რომ საკითხზე წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იქნება, რომელიც კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს.
იქედან გამომდინარე, რომ კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ცვლილებები 28 ნოემბერს იქნება მიღებული, მაგრამ რომელი დეპუტატი რომელი პროექტისკენ გადაიხრება, ეს ჯერ კიდევ უცნობია. მართალია, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს მხარს 78 კაციანი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაუჭერს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ამ ფრაქციიდან თამარ კორძაიას, ზაქარია ქუცნაშვილისა და ელისო ჩაფიძის ხმები სწორედ ხმალაძის მიერ მომზადებულმა პროექტმა მიიღოს. ამას გარდა, ხმალაძის პროექტი „თავისუფალი დემოკრატების“ რვა ხმას მიიღებს, რესპუბლიკელების ცხრა ხმას, უმცირესობის დაახლოებით 51 ხმას და შესაძლოა, ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატის ხმაც ხმალაძის პროექტმა დაიმსახუროს. შესაბამისად, ორივე კანონპროექტის ბედი ხმების მობილიზებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება კანონპროექტებს, ხმალაძის წინადადებით, პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის განჩინებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას - პროკურორის დადგენილებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოსამართლეს დასამტკიცებლად წარედგინება.
კანონპროექტით, ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიეკუთვნება და რომელსაც ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აქვს და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, თავისი „გასაღებით“ ხსნის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელისა და შსს-ს დამაკავშირებელ არხს.
ხმალაძის პროექტით, ზემოთაღნიშნული პროცესის დროს შესრულებული მოქმედებების კანონიერებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს, ზედამხედველობა კი ხორციელდება როგორც უშუალო შემოწმებით, ასევე კონტროლის ელექტრონული მეთოდების გამოყენებით.
ბესელიას პროექტით კი, ფარული მოსმენა-მიყურადების განხორციელებისას საჭირო იქნება მოსამართლის განჩინების ოთხი ეგზემპლარი, რომელთაგან ორი შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს გადაეცემა, ერთი სასამართლოში რჩება, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიეწოდება.
ცვლილებებით, ინიციატივით, გადაუდებელი წესით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის საკითხის განხილვისას, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოსამართლეს უფლებამოსილება ენიჭება წერილობით გამოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი და მისი გაცნობის შემდგომ, მასვე ეკისრება ვალდებულება აღნიშნული მასალის განადგურების.
შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე, პარლამენტმა კანონპროექტი აგვისტოში მიიღო, თუმცა, ერთ-ერთი მუხლი ღია დატოვა, კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებულ მონაცემებზე წვდომა თუ ვის უნდა ჰქონდეს - შს სამინისტროს თუ მობილურ ოპერატორებს. აგვისტოში დათქმა გაკეთდა, რომ ამ საკითხზე დეპუტატებს 1-ელ ნოემბრამდე უნდა ემსჯელათ და ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, მაგრამ ჯგუფმა კანონპროექტის მომზადება ვერ მოასწრო, რის გამოც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ ამ ვადის 1-ელ აპრილამდე გაგრძელება მოითხოვა. შავგულიძემ შესაბამისი ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეიტანა და პარლამენტმა მისი განხილვა დაიწყო, თუმცა, პროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ცვლილებებს მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ არ უჭერდნენ. შექმნილ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შავგულიძეს ცვლილებების მომზადების ვადად 1-ელი მარტი შესთავაზა და საკანონმდებლო ორგანომ ამ ნორმით კანონპროექტი დაამტკიცა, მაგრამ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.
პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება მოუწია, რადგან უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის 76 ხმის შეგროვება გაუჭირდებოდა. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, დეპუტატებმა ე.წ. გასაღების მომზადების თარიღად 1-ელი დეკემბერი განსაზღვრეს და ცვლილებებზე მუშაობაც დაიწყო.