„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას“

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას“

როგორ უნდა იმოქმედონ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქნილი პრობლემების დასაძლევად, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრეზიდენტმა ასევე სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყველა კონფესიის წარმომადგენელს საქართველოში, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა.

„მე ვთხოვ გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, რათა არ დაუშვან მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია. ჩვენ ყველა, უნდა გავერთიანდეთ ამ საფრთხის ირგვლივ და მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის იმის რესურსი, რომ ეს ურთულესი ვითარება დაძლეულ იქნას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთი უკვე ფორმალურადაც მოაქციოს საკუთარ სამხედრო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში, ხოლო საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვარი მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურზე გადმოიტანოს. პრეზიდენტის შეფასებით, ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთი გააგრძელებს თავის ექსპანსიონისტურ და ანექსიონისტურ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისკენ. ამ მიზნით პრეზიდენტს გადაუდებლად მიაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: მოწვეულ უნდა იქნას გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც ადეკვატური შეფასება მიეცემა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს;

ასევე, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნები აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის წარმოსაჩენად; საერთაშორისო არენაზე უნდა წარმოვაჩინოთ ის საფრთხეები, რომლებიც აფხაზეთის ანექსიითა და მილიტარიზაციით ექმნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონსა და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას.

„უნდა გამოიკვეთოს საფრთხეები, რომელსაც ეს დოკუმენტი უქმნის თავად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, თვითმყოფადობას, კულტურას, ენასა და ტრადიციებს, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, და, აქედან გამომდინარე, მათ და მათი შვილების მომავალს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველო რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვს. ასევე, ქართულმა მხარემ უკვე მოითხოვა ეუთოში სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება. მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას, ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პრემიერ-მინისტრი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ყველა ნაბიჯი გადადგა, გააძლიერა ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა. 

ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება, რომ მათ, როგორც ჩანს, რეალურად არ სურთ პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს არის ცალკე საკითხი. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ვეხებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას არ ცნობს აშშ. ე.წ. მოკავშირეობის დოკუმენტს არ აღიარებს ალიანსი.

„აფხაზეთი და სამხრეთო ოსეთი საქართველოს ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ ამისკენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება არის გზავნილი საქართველოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას, აგრეთვე, მცდელობას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენა.

მაია ფანჯიკიძე აცხადებენ, რომ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს იქნა შემუშავებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კერძოდ: 1. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური რეაგირება უმაღლეს დონეზე. მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის;

2. აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი) პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან;
3. საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) დაუყოვნებლივ იქნას მოთხოვნილი საგანგებო სხდომების მოწვევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე;

4. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით;

5. მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას;

6. საქართველოს პარლამენტმა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ფაქტის ადეკვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების ჩათვლით;

7. საქართველოს ხელისუფლებამ გაააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით;

8. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის.

„მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ადეკვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების გზით.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებაზე რეაგირებისათვის“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.