რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეთანხმება 10 წლის ვადით გაფორმდა მისი ხუთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. ხელმოწერა სოჭში შედგა, სადაც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.
მეკავშიროების ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და დღეს ამ შეთანხმების ხელმოწერით აფხაზეთი ახალ ფაზაში გადადის. როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, შეთანხმების ხელმწერის შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს.
მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში გაიმართა, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, შეთანხმების ხელმოწერა შეხვედრის შემდეგ შედგა.
რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით. შეთანხმებაში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება“, „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის“, „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარებას. „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების“ ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.
ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის“ ფარგლებში რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზანი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია მიიღებს დამატებით ზომებს, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გასამარტივებლად.
ამავე შეთანხმების მიხედვით, 1 იანვრიდან, 3 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების პენსიონერულ უზრუნველყოფას განახორცილებს და ისინი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ, რაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია აქვს ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ ე.წ. დოკუმენტი არის არალეგიტიმური, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც გაგრძელდება. აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, კონსულტაციები აქვთ საქართველოს მთავრობასთან და, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია იგზავნება ვაშინგტონში.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას საგანგებო განხადებით ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტოროების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს.
თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ე.წ. დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ შელახვას. მისივე თქმით, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საპასუხოდ.
„საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძნობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ეს პერსპექტივა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ჰქონდეთ. ე.წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საფრთხეებზე საქართველო მუდმივად აწარმოებდა აქტიურ დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ახლა ეს ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო ინტენსიური გახდება“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება, დაპირისპირების მიზეზი გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოკავშირეობის შესახებ შესწორებული დოკუმენტი სახიფათო პუნქტებს შეიცავს. შესაბამისად, სოხუმის ქუჩებში რუსეთთან მოკავშირეობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება.
სოხუმის მთავარ მოედანზე „ამცახარას“ წარმომადგენლები მომხრეებს შეკრებისკენ და ხელშეკრულების გაფორმების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ხელშეკრულების მხარდასაჭერ მიტინგს მართავს პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო. აფხაზეთში მოქმედი ა-ო „საზოგადოებრივი პალატის“ მდივანი ნათელა აკაბა ამბობს, რომ შეტანილი ცვლილების მიუხედავად, პროექტის საბოლოო ვერსიაში ისევ რჩება გაურკვეველი გარემოებები, რომლიც ეწინააღმდეგება „აფხაზეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, ამ დოკუმენტმა შესაძლოა რესპუბლიკის სუვერენიტეტისათვის არასასურველი შედგები მოიტანოს.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებაში ასახული იყოს ის პრინციპები, რომელიც სამომავლოდ აფხაზეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს თავად გადაჭრას სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. არ დავუშვებთ ამ ფორმით მიღებული იქნას ეს დოკუმენტი, რადგან ეს არ ასახვას აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას. არ ვაპირებთ შევეგუოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას“, - აცხადებს ნათელა აკაბა.
იურისტი ირაკლი ჯინავას განმარტებით, მიუხედავად რაულ ხაჯიმბას განცხადებისა, რომ ხელშეკრულება არ შეზღუდავს აფხაზეთის სუვერენიტეტს, გარკვეული საფრთხეები არსებობს. მისი თქმით, შეთანხმების ტექსტი მზად არ არის იმისათვის, რომ მას ხელი მოეწეროს.
„ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტი გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება მოქმედებს. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია რა შინაარსის შეთანხმებას მოეწერება საბოლოოდ ხელი. ბატონი ხაჯიმბა ამბობს, რომ ხელშეკრულება არ შეზღუდავს აფხაზეთის სუვერენიტეტს, თუმცა, ჩვენ გარკვეულ საფრთხეებს ვხედავთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეთანხმების ტექსტი მზად არაა იმისათვის, რომ მას ხელი მოეწეროს. შეთანხმების ტექსტზე ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ“, - აცხადებს ირაკლი ჯინავა.
„ამცახარას“ წარმომადგენელი ნუგზარ მაროხია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობა არ დათმობს საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვას. მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებით, რუსეთი ცდილობს აფხაზებს საკუთარი მიწა წაართვას, რასაც მოსახლეობა არ დათმობს.
„ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის აზრის იგნორირებას, რასაც ჩვენ, აფხაზი ხალხი არ დავთმობთ. ეს დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა შესწორებული ვარიანტია, ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის და აფხაზეთის მთავრობამ დაამტკიცა. სამწუხარდ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საზოგადოების პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ ხელშეკრულებასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სოფელ აბღას იერთებს, რომელიც აფხაზეთის ტერირორიაზე მდებარეობს.
იცით, რომ რუსეთის ფედერაცია ამ პატარა სოფლის მიერთებას ჯერ კიდევ ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში ითხოვდა, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. სოჭის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესტუმრა სოფელ აიბღას და აფხაზური სოფელი რუსეთის კუთვნილ ტერიტორიად გამოაცხადა. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთთან მიერთების ხელშეკრულებას. ეს არის აფხაზეთის ტერიტორია“, - აცხადებს ნუგზარ მაროხია.
ექსპერტების განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ერთ ნაბიჯს რუსეთისკენ დგამდა, მეორეს კი, დასავლეთისკენ. ერთმანეთისგან გამომრიცხავი ნაბიჯები კი, სხვა შედეგს ვერ მოიტანდა. ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა - არ გააღიზიანოს რუსეთი და ამით დრო მოიგოს, რუსეთი ანგარიშს არ უწევს.
„საბოლოო ჯამში, რუსები პატივს სცემენ ძლიერ, გაერთიანებულ ქვეყანას და სწორედ მაშინ იხევენ უკან. როდესაც ხედავენ, ჩვენთან რა შიდა პოლიტიკური ქაოსია, ეს აფიქრებინებს, რომ საქართველო ვერაფერს დაუშავებს. რუსეთი მხოლოდ მაშინ გადაიფიქრებს ძალის პოლიტიკს, თუ ჩვენ გვექნებოდა ერთიანი შეკრული პოზიცია ქვეყნის შიგნით და დალაგებული ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც მას გააგებინებდნენ, რომ ეს ყველაფერი დაუჯდებოდა ძალიან ძვირი. როცა ხედავს საქართველოში არსებულ რეალობას, გაბედა ის, რაც გაბედა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
რაც შეეხება აფხაზი მოსახლეობის პროტესტს, შარაშენიძის განცხადებით, მთავარია რა ნაწილია ქუჩაში გამოსული.
„თუ ეს არის აქტიური, განათლებული მობილიზებული ახალგაზრდები, მაშინ მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. არაა აუცილებელი უმრავლესობა გამოვიდეს ქუჩაში. აუცილებელია ქუჩაში გამოვიდეს მოსახლეობის აქტიური და განათლებული ფენა. აი, ისინი ახდენენ ყოველთვის ცვლილებებს პოლიტიკაში. თუ ეს ძალაა დღეს აფხაზეთში მობილიზებული, შესაძლებელია, მათ რაღაცა შეცვალონ პოლიტიკაში“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.