უკრაინელებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შემთხვევაში, რუსეთი კონფლიქტის გაღრმავებით იმუქრება

უკრაინელებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შემთხვევაში, რუსეთი კონფლიქტის გაღრმავებით იმუქრება

რუსეთი უკრაინის გამო ამერიკას ღიად დაემუქრა. ტექსტები კვლავაც კატეგორიულია - „კონფლიქტი გაიზრდება, თუკი ამერიკელები უკრაინელებს იარაღს მიჰყიდიან“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ღიად დაადანაშაულა შეერთებული შტატები უკრაინის კონფლიქტის ინიცირებაში.

„ვთვლი, რომ შეერთებული შტატები იმ კონფლიქტის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ხდება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი იარაღს გაყიდიან, კონფლიქტი გაიზრდება“, - განაცხადა პატრუშევმა.

როგორც ცნობილია, უკრაინასა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 16 მილიონი დოლარი უკვე გამოუყო.

ცოტა ხნის წინ კი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს და კიევისთვის საბრძოლო საშუალებებით დახმარებამ უნდა აიძულოს მოსკოვი, „დაფიქრდეს და თავი შეიკავოს შემდგომი მოქმედებისაგან“.

თუმცა არიან ისეთნიც, ვინც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, სარისკოდ მიიჩნევს. მაიკლ კოფმანი, ქენანის ინსტიტუტის მკვლევარი, პირდაპირ ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა მიაწოდოს ამერიკამ უკრაინას იარაღი. მისი თქმით, 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ, რომელიც ზედმეტად გაამაყებული იყო თავისი არმიის დასავლურ ყაიდაზე მომზადებითა და სამხედრო დახმარებით, დაიჯერა, რომ რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვება შეეძლო. ამ დროს კი, 2008 წლის დროინდელმა რუსეთის არმიამ, რომელიც უფრო სუსტი და ჩამორჩენილი იყო, ვიდრე ახლა, სულ ორიოდე დღეში დაამარცხა საქართველოს შეიარაღებული ძალები და ხელში ჩაიგდო მოწინავე დასავლური ტექნიკა. გარდა ამისა, ამერიკელი ანალიტიკოსი თვლის, რომ, ვინც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს, ცუდად აცნობიერებს, თუ რა მიზეზით წააგო უკრაინამ ეს კონფლიქტი. წესით და რიგით, უკრაინას საკმარისი იარაღი ჰქონდა დონეცკელი სეპარატისტების დასამარცხებლად. მართალია, ბევრი ტანკი გაფუჭდა და ბრძოლის ველზე იქნა მიტოვებული, მაგრამ არსებული ტექნიკითაც კი, კიევი საკმაოდ წარმატებით ავიწროვებდა დონეცკელ მოლაშქრეებს.

მოწინააღმდეგეთა მსჯელობის პარალელურად, კიევისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდების იდეა სულ უფრო ფართო მხარდაჭერით სარგებლობს კონგრესში.

პატრუშევის მუქარის ფონზე, რამდენად სარისკოა ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს, რომელსაც ცალკეული ექსპერტები უწინასწარმეტყველებენ, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაამძაფრებს ულტიმატუმს ჩვენი ქვეყნის ევრაზიულ კავშირში მოსახვედრად. ეს ულტიმატუმი კი მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელ ასოცირების ხელშეკრულებას დაუკავშირდება.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკამ აუცილებლად უნდა მისცეს იარაღი უკრაინას, რადგან რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესიული იქნება. რუსეთში გეგმებს აწყობენ იმაზე, განაახლონ ომი უკრაინასთან და პატრუშევის მუქარაშემცველი განცხადებაც რუსეთის ინტერესშია, რომ არ მიყიდონ უკრაინას იარაღი და უფრო ადვილად დაამარცხონ ეს ქვეყანა.

„თურმე იმის გამო დაიწყო ეს კონფლიქტი რუსეთმა, რომ უკრაინას იარაღი მიჰყიდეს. აბსურდია პატრუშევის განცხადება, რომ ამერიკა ყოფილა ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ინიციატორი. ჩემი აზრით, უფრო მეტი რისკი იქნება ამერიკისთვის, თუ ის იარაღს არ მიაწვდის უკრაინას. ამით უკრაინა დაუცველი დარჩება, რადგან აქ ლაპარაკია ომზე - ან დაუცველია უკრაინა და რუსეთი მაინც ომობს მასთან, ან, ასე თუ ისე, უკრაინა იცავს თავს და რუსეთი მაინც ომობს მასთან. სხვა გზა აღარ არის. ერთადერთი, რუსეთის შეკავება ახლა ძალით შეიძლება. რუსეთი უკვე მიმწყვდეული დათვი აღარ არის, ეს არის დათვი, რომელიც შეტევაზე გადადის, მას რაღაცნაირად უნდა გაუმკლავდე, ან უნდა გაუსხლტე, ან დაუპირისპირდე იარაღით. ასე რომ, განსხვავება დიდია. რახან რუსეთს აქვს ატომური იარაღი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უნდა მივცეთ საშუალება, ყველა დააშინოს და დააშანტაჟოს? მაშინ უკრაინას დაემუქრება ატომური იარაღით და მთლიანად აიღებს. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ის კი არა, აუცილებელია, ამერიკელებმა იარაღი ჩვენც მოგვაწოდონ, სხვანაირად რუსეთს ვერავინ შეაკავებს. რუსეთმა შეიძლება ნებისმიერი რამ შეგვთავაზოს, ევრაზიულ კავშირში შესვლა რაღაც ფორმაა, თორემ ამის შიგთავსია, რომ რუსეთმა გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველო.

საქართველოსთან მიმართებით ულტიმატუმი შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ესკალაცია მოხდება და დაპირისპირება აბსოლუტურად ხისტი და შეუვალი გახდება დასავლეთსა და რუსეთს შორის. აქ უფრო მეტია საშიშროება, რუსეთი ჩვენ მოგვიბრუნდეს და გვითხრას, არჩევანი გააკეთეთ, ან იქით ხართ, ან აქეთ. თუ აქეთ ხართ, ხელს არ გახლებთ, მაგრამ მომეხმარებით ჩემი გეგმების განხორციელებაში, თუ იქით ხართ, მაშინ დაგარტყამთ. ამიტომ, უნდა მოვემზადოთ დარტყმისთვის და შევაკავოთ. კარგად თუ მოვემზადებით, შეიძლება, ვერც დაგვარტყას“, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება აქვს, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იარაღი შეიძონოს. რუსეთის პოზიცია, რომელიც უკრაინას აცხადებს თავისი სასიცოცხლო ინტერესების ზონად, გასაგებია, მაგრამ მიუღებელია ახალი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში, რადგან გავლენის სფეროებად დედამიწის დაყოფის პროცესი ცივ ომთან ერთად დამთავრდა. ამიტომ, ვისაც სურს ცივი ომის რეანიმირება, ადრე თუ გვიან, გარდუვალი მარცხი ელის. რუსეთმა უნდა მიიღოს ახალი რეალიები და თავადაც გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, არ უნდა ეცადოს, შექმნას მიზიდულობის ახალი ცენტრი და ახალი პოლუსი, როგორც ამას რუსი სტრატეგები ამტკიცებენ.

„ამ დაპირისპირებაში აპრიორი მართალია უკრაინელი ხალხი. ამავე დროს, ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ მოვლენებს, იქ უეჭველად უნდა იქნას გათვალისწინებული უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანების ინტერესებიც. რუსეთის პრეტენზია, რომ დასავლეთი ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, რომ რუსეთის მიმართ ხორციელდება ტოტალური ლაშქრობა, ეკონომიკური სანქციები, გასაგებია, მაგრამ ამ პროცესში ყველა მხარემ უნდა იფიქროს, რომ კონფლიქტი არ ყალიბდება მხოლოდ ერთი მხარის ბრალეულობით. აქ ორივე მხარეს პასუხისმგებლობის წილი აქვს, განსაკუთრებით, დღევანდელი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას ახალი წესრიგის წინაშე და მცირერიცხოვან სახელმწიფოებს უნდა სცენ პატივი. რუსეთი ამ პროცესში შორს ვერ წავა, რადგან ეკონომიკური სანქციები დროთა განმავლობაში დააზარალებს. ეკონომიკა ყოველგვარი საგარეო პოლიტიკური აქტიობის საფუძველია.

რაც შეეხება საქართველოსადმი ულტიმატუმს, თქვენ შემოხვალთ ევრაზიულ კავშირში და დაგიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც, არავინ ამას საქართველოს არ სთავაზობს. რუსეთს მიაჩნია, თუ გლობალურ არენაზე წარმატებას მიაღწევს და გაანეიტრალებს ევროკავშირის და აშშ-ს ზეწოლას, თავის სამეზობლოში გავლენას ისედაც აღიდგენს და ეს არ იქნება საბჭოთა კავშირის ტიპის წარმონაქმნი, მაგრამ ამ ქვეყნების ნაწილი დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე“,- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, კერძოდ, ევროპის უსაფრთხოებას. უკრაინაში წყდება დღეს ევროპის და ჩვენი რეგიონის ბედიც. ასეთ ვითარებაში, აშშ ვერ დარჩება მშვიდ ვითარებაში, მან უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოებაც და, ბუნებრივია, ისინი იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

„რუსეთი ხედავს, რომ მისი სრული იზოლაცია ხდება. ამიტომ მისი ქმედებები თანადათანობით არაადეკვატურია, რადგან რუსეთის და დასავლეთის შესაძლებლობები შეუწონავია. რუსეთი აგრესორია და, ჩვეულებისამებრ, სხვებს აბრალებს. ასე მოხდა 2008 წელს, როცა ომის დაწყებას აბრალებდა საქართველოს. ახლაც რუსეთს საქართველოსთან დაწყებული აქვს ვაჭრობა, ზეწოლას ახორციელებს ჩვენს მთავრობაზე. როგორი სახით გააგრძელებს ამ ზეწოლას, ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას. საქართველოს დღეს მართავს ერთი არაფორმალური პირი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი ინგრევა. ამ დროს საქართველოს უსაფრთხოება პრობლემურია“,- აღნიშნა სერგო რატიანმა.