for.ge-ით გაღიზიანებული საგანელიძე

for.ge-ით გაღიზიანებული საგანელიძე

ანალიტიკურ პორტალ for.ge-ზე განაწყენებული დავით საგანელიძე პროტესტის ნიშნად, ქართულ მედიას ბოიკოტს უცხადებს და ერთი კვირით მათთან ურთიერთობას წყვეტს.

უმრავლესობის ლიდერი მუქარას შეასრულებს თუ არა, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მისი გაღიზიანება იმ ფარულმა ჩანაწერებმა გამოიწვია, რომელიც for.ge-ს ხელში ჩაუვარდა. კერძოდ, გასულ კვირას, საზოგადოებას უმრავლესობის დახურული სხდომის სტენოგრამა შევთავაზეთ, სადაც დავით საგანელიძე ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გათავისუფლების თაობაზე გუნდს „მოძღვრავდა“.

გამოსვლისას საგანელიძე აცხადებდა, რომ ამ საკითხზე უმრავლესობიდან მისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ, რაც მას არ მოსწონდა.

„ადამიანი ტელევიზიით ამბობს, რომ მაგათთან ყოფნა აღარ ღირსო, მაშინ თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ ღირს, ჩემი კვოტით ვიცე-სპიკერობა როგორ ღირს?! იმის თქმა, რომ უმრავლესობიდან მივდივარ, მაგრამ ვიცე-სპიკერობიდან არ მივდივარ, არასწორია. კაი ბიჭია კი, ყველა კაი ბიჭია, მაგრამ ამით რა? - პოლიტიკა პოლიტიკაა“, - აღნიშნავდა საგანელიძე.

for.ge-მ აღნიშნული სტენოგრამა 14 ნოემბერს დილით გამოქვეყნა, მისი წარმოშობით უმრავლესობის პრესსამსახური იმ დღესვე დაინტერესდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ჩვენგან პასუხი ვერ მიიღეს, როგორც ჩანს, მორალის კითხვა დავით საგანელიძემ განიზრახა, თუმცა, ერთი კვირის დაგვიანებით.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტის შენობაში უმრავლესობის სხდომა დახურეს და დარბაზიდან ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი გავიდა, აპარატურა კი გამოირთო.

„მეორე დღეს, ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე დიდი სიამაყით ჟურნალისტი წერს, რომ მან მოახერხა და სხდომის ჩანაწერი მოიპოვა და მთელი სხდომის სტენოგრამა აქვს გამოქვეყნებული“, - აცხადებს საგანელიძე, რომელსაც პრეტენზია ტექსტის დამახინჯებაზე არ აქვს, თუმცა არ მოსწონს, რომ უმრავლესობა მოვუსმინეთ.

დეპუტატის თქმით, საქმე შინაარსში არ არის და არც ერთ სიტყვას უარყოფს, რაც გამოქვეყნდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობს ფარული მიყურადების მიუღებლობის თაობაზე, „მსგავსი საქციელი ჟურნალისტის მხრიდან ორმაგად მიუღებელია“.

„როცა ვსაუბრობთ, რომ მიყურადება არის დაუშვებელი, როცა ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ის მარაზმი არ მოხდეს, როცა ყველას გვისმენდნენ, ბარემ სახლში ჩამიდონ ტელეფონი, მეუღლეს რას ვეუბნები, იქნებ საძინებლებში შემოგვიტანონ. ეს ჟურნალისტებისგან არ უნდა იყოს გაკიცხული?! აქ არის მორალურ სახეზე, პრინციპებზე და ორმაგ სტანდარტზე საუბარი. ამით ჟურნალისტი ამაყობს“, - აცხადებს საგანელიძე.

კანონმდებელის ვარაუდობს, რომ ჟურნალისტმა ჩამწერი დარბაზში ჩუმად დატოვა.

„კიდევ უარესია, თუ ჟურნალისტმა თავად კი არ ჩაიწერა, არამედ - რომელიმე „არამზადა დეპუტატმა“ და ჟურნალისტი ამას იყენებს“, - ამბობს საგანელიძე, რომლის ეჭვებსაც მარტივად ვუპასუხებ.

პირველი, თუკი ჟურნალისტმა ანუ - მე, ჩამწერი აპარატურა დარბაზში დავტოვე, ამ დროს მანდატურის სამსახური, რას აკეთებდა? მეორე, თუკი ჩამწერი აპარატურა ე.წ. გალიორკაზე დავტოვე, სადაც ჟურნალისტები არიან განლაგებულნი, იქედან აპარატს როგორ გამოვიტანდი, როდესაც ოთახის კარებებს ლუქი ადევს? მესამე, თუკი საგანელიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ჩანაწერი „არამზადა დეპუტატმა“ გადმომცა, ის უმრავლესობას „თავის ოჯახს“ როგორ უწოდებს? მეოთხე, უმრავლესობის ლიდერმა არ იცის, რომ დარბაზში შესვლის უფლება მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ? მეხუთე, მართალია, ზოგჯერ, უმრავლესობა საკუთარ სხდომას დახურულ რეჟიმში ატარებს და ამ დროს, ხმა მედია-ცენტრში უწყვეტ რეჟიმში მოდის, მაგრამ 13 ნოემბერს, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც კარებიდან გაგდებული, ამბების გასარკვევად, საჭირო ადგილას ფანჯრიდან შევედი, ასე, რომ სჯობს, უმრავლესობამ დახურულ სხდომებზე რამდენიმე საათი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საქმეებს დაუთმოს და არა იმას, ოთხშაბათს, პოლიტიკური დებატების დროს, სიტყვით რომელი დეპუტატი უნდა გამოვიდეს, სიტყვა რომელ დეპუტატს არ მიეცეს და შემდეგ, დახურული სხდომა ომარ ნიშნიანიძის დამშვიდებას არ უნდა დაეთმოს, რომ მან სიტყვის არ მიცემის გამო, უმრავლესობა არ დატოვოს.

რაც შეეხება, საგანელიძის განცხადებას: „ბარემ სახლში ჩამიდონ ტელეფონი, მეუღლეს რას ვეუბნები, იქნებ, საძინებლებში შემოგვიტანონ“, - დეპუტატს დავამშვიდებთ, ნამდვილად არავის აინტერესებს დეპუტეტების პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები. რამდენადაც მათ ვალდებულება აქვთ პოლიტიკა საჯარო გახადონ, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოების ზურგს უკან, კულუარებში მიიღება, ჟურნალისტები მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციები სხვადასხვა გზით მოვიპოვოთ. მაგრამ, თუ პოლიტიკოსები თავად ვერ უზრუნველყოფენ „საიდუმლო სერობების“ სათანადოდ ორგანიზებას, ეს მათი პრობლემაა და ჟურნალისტებს ნუ დაგვადანაშაულებენ, რომ სმენას, მხედველობას და მეტყველებას არ ვიხშობთ. 

აღსანიშნავია, რომ for.ge-ს გარდა, დავით საგანელიძე გასულ კვირას, რამდენიმე მედია საშუალებასაც გაუნაწყენდა. როგორც თავად ამბობს, რიგ სააგენტოს მისი განცხადება შეუცვლია, რიგ გაზეთს მისი განცხადების ინტერპრეტირება მოუხდენია, მაგრამ ბოიკოტის გამო, უმრავლესობის ლიდერს მშვიდი მომავალი კვირა ექნება, არადა, ამ დროს პარლამენტში ე.წ. გასაღების თაობაზე პოლიტიკური რინგი იმართება.