„სახელმწიფო უწყებებს „ნდობის ჯგუფი“ ფეხებზე ჰკიდიათ“

„სახელმწიფო უწყებებს „ნდობის ჯგუფი“ ფეხებზე ჰკიდიათ“

ნაციონალი გივი თარგამაძე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან „ნდობის ჯგუფის“ იგნორირებაზე აპელირებს და პარლამენტს ამ მექანიზმის გააძლიერებისკენ მოუწოდებს. ოპონენტის კრიტიკის საპასუხოდ, „ნდობის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის პოზიცია კი უცნობი რჩება, რადგან ის სამსახურეობრივი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება.

გივი თარგამაძემ უწყებების მხრიდან „ნდობის ჯგუფის“ უპატივცემულობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საქმიანობაზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ საიდუმლო მასალებს გაეცნო.

თუ 19 ნოემბერს, თარგამაძემ „ნდობის ჯგუფი“ პროტესტის ნიშნად დატოვა და მასალებს არ გაეცნო, ის გუშინ, პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის საიდუმლო საქმის წარმოების ჯგუფს ეწვია და გისოსებით აღჭურვილ ოთახში საიდუმლო დოკუმენტები შეისწვლა.

for.ge-სთან საუბარში თარგამაძემ აღნიშნა, რომ მან ყველა დოკუმენტის წაკითხვა ვერ მოასწრო, მაგრამ რაც ნახა, იმით ასკვნის, რომ სახელმწიფო უწყებებს „ნდობის ჯგუფი“ ფეხებზე ჰკიდიათ.

დეპუტატის შეფასებით, უწყებების მხრიდან კანონის მოთხოვნები იგნორირებულია, რომლის მიხედვითაც, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შესყიდვის განხორციელებისთანავე, ეს ინფორმაცია „ნდობის ჯგუფს“ უნდა მიეწოდოს, ისევე როგორც 4 მილიონზე მეტი ღირებულების სამშენებლო საქმიანობის განხორციელების დროს.

კანონმდებელის ცნობით, 2013 წელს მიღებული ცვლილებებით, წელიწადში ერთხელ, „ნდობის ჯგუფს“ ყველა უწყებისგან საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

„დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი შესყიდვა არც ერთ უწყებას არ განუხორციელებია, თუ ე.წ. კაბელების საქმეს არ ჩავთლით, რომელიც „ნდობის ჯგუფისთვის“ მიწოდებული ერთადერთი ინფორმაციაა. სხვა მსგავსი რაიმე ინფორმაცია საერთოდ არ არის მოწოდებული, რაც აბსურდულია, რადგან თუკი ორი წლის მანძილზე სახელმწიფოს ასეთი შესყიდვა არ განუხორციელებია, მას ფუნქციონირება დაუსრულებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შესყიდვები განხორციელდა, მაგრამ „ნდობის ჯგუფს“ მასალები არ გადმოგზავნია. მოთხოვნის მიუხედავად, ასეთი მასალები ახლაც არ არის გადმოგზავნილი. ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ ყველა უწყებას ნდობის ჯგუფი, პრაქტიკულად, ფეხებზე ჰკიდია“, - აღნიშნავს დეპუტატი.

თარგამაძის ინფორმაციით, „სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია, რადგან პროკურატურის მიერ მთელი ხელშეკრულება მოყოლილია. მისი ცნობით, შესაძლოა, კომუნიკაციის ადგილები გასაჯაროვებული არ იყოს, ხოლო სხვა დაფარული აღარაფერი რჩება.

„ხელშეკრულებაში საიდუმლო აღარაფერი აღარ არის“, - ამბობს თარგამაძე, რომელიც „ნდობის ჯგუფის“ უპატივცემულობაზე აპელირებს.

კანონმდებელის განმარტებით, აუდიტის სამსახურის მიერ „ნდობის ჯგუფისთვის“ ძალოვანი უწყებების 2011, 2012 და 2013 წლების ფინანსური საქმიანობის ამსახველი მასალებია მიწოდებული, მაგრამ 2013 წლის შემოწმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტორს ერთ-ერთ დანაყოფ - დაცვის პოლიციასთან მიმართებებაში ვრცელდება.

თარგამაძის ინფორმაციით, ყველაფერი სხვა დანარჩენი საქმე 2012 წლით მთავრდება, რითაც ტრადიცია გრძელდება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუვალი უწყებაა, რომელიც ინფორმაციას არ გასცემს, რომლის ინფორმაციებიც დაფარული და ტაბუდადებულია.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკითხი ან პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას, რომ უწყებებმა საკანონმდებლო ორგანოს და მისი კონტროლის მექანიზმს - „ნდობის ჯგუფს“ სცენ პატივი, ან სხვა შემთხვევაში, „ნდობის ჯგუფის“ არსებობას აზრი არ აქვს. ძალოვანი უწყებების ვალდებულება, რომ ეს მასალები ავტომატურ რეჟიმში „ნდობის ჯგუფს“ მიაწოდონ და არა მას შემდეგ, რაც მას პროკურატურა თუ აუდიტის სამსახური შეისწავლის, შესრულებული არ არის, გამონაკლისია მხოლოდ ე.წ. კაბელების საქმე“, - განმარტავს თარგამაძე, რომელიც სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

გივი თარგამაძის კრიტიკის საპასუხოდ, „ნდობის ჯგუფის“ სხვა წევრები თუ რა აზრის არის, ეს ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება, for.ge-ის ექსკლუზივით განაწყენებული „ნდობის ჯგუფის“ წევრი დავით საგანელიძე კი, მედიასთან ერთი კვირით პროტესტის ნიშნად არ ურთიერთობს და საქმიანობას ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს. რაც შეეხება „ნდობის ჯგუფის“ კიდევ ერთ წევრს, კახა ოქრიაშვილს მას უმრავლესობაში გადასვლის გამო, „ნდობის ჯგუფის“ პირველ სხდომაზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა, ხოლო ზვიად ძიძიგურთან დაკავშირება თავად ვერ შევძელით.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე „ნდობის ჯგუფმა“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული მასალის განსაიდუმლოება მოსთხოვა, მაგრამ ამისთვის კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრა.