„პიროვნება დავით ბაქრაძესთან პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზია მაქვს იმ ჩინოვნიკთან, რომლის ხელმძღვანელობით, საქართველოს საელჩო ყველაფერს აკეთებდა რათა 2012 წელს საბერძნეთში რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი დაფიქსირებულიყო, რათა ნაცმოძრაობას ხმების გაყალბების ველზე „კლონდაიკი“ შექმნოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ა-რ „საერთაშორისო კოალიციის“ ხელმძღვანელი, გიორგი ოკრიბელაშვილი. მისი განცხადებით, საბერძნეთში ყოფილმა და ახლა უკვე მინისტრმა დავით ბაქრაძემ, უარი თქვა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაია სასამართლო პროცესის პარალელურად, მოეწყოთ საპაროტესტო აქციები.
რა კითხვები აქვს დავით ბაქრაძესთან, ვინ შესთავაზა პრემიერს ეს კანდიდატურა და რატომ არის დანაშაული ყოფილი ელჩის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა, ამ საკითხებთან დაკავშირევით გიორგი ოკრიბელაშვილს ვესაუბრეთ.
ბატონო გიორგი, დავით ბაქრაძის დანიშვნას მოჰყვა თქვენი ძალიან ხმაურიანი განცხადებები. რა ხდება?
- 2012 წლის იანვარში საბერძნეთში დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია. გავერთიანდით რამდენიმე ქვეყნის არასამთავროები, მე ვხელმძღვანელობდი საბერძნეთს. ყველაზე დიდი დიასპორა არის საბერძნეთის დიასპორა, აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი წნეხი გადმოდიდა ჩვენზე. მაშინ საბერძნეთში იყო ყველაზე რთული საარჩევნო გარემო შექმნილი, რადაგან იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს შსს-ს პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფი სახელემწიფო ორგანიზაცია „საქართველოს ფოსტა“, რომლის გენერალური დირექტორი იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე მერაბ სანაძე. რთული საარჩევნო გარემოს შექმნასთან რა კავშირი აქვს დავით ბაქრაძეს? რატომ არ გამოთქვით პრეტნზია მის მიმართ მაშინ, როცა ის აგრძელებდა ელჩის თანამდებობაზე მუშაობას?
- პასუხს გაგცემთ არა პიროვნება დავით ბაქრაძის დანიშვნაზე, არამედ პოლიტიკურ მოვლენაზე. ავხსნი იმასაც, აქამდე რატომ არ ვთქვით არაფერი. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ მინისტრის პოსტი არის პოლიტიკური თანამდებობა. ვერ დამისახელებთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მაღალჩინოსანს, რომელიც ამ ხელისუფლების პერიოდში დაინიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე. ერთადერთი ეს გახლავთ ბატონი დავით ბაქრაძე. იცით, როდესაც ასეთი წარსულის ადამიანი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვებს.
თუმცა ამბობენ, რომ ის კარგი დიპლომატია...
- ვიღაცეები ამბობენ, რომ კარგი დიპლომატია, მაგრამ მე არ ვეთანხები ამას. ბაქრაძე არ დანიშნულა ტექნიკურ პოსტზე. ის დაინიშნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოსტზე, იმ მთავრობის პოლიტიკურ პოსტზე, რომელსაც მე და ჩემი თანამებრძოლები ვიცავდით. საბერძნეთიდან და კერძოდ, ათენიდან „ქართულმა ოცნებამ“ წამოიღო 14 500 ხმა, როცა ნაციონალებმა 1 720 ხმა წამოიღეს. ეს იყო ხალხის არჩევანი, მაგრამ ამ ხალხის არჩევანი არ იყო დათო ბაქრაძე და იმდროინდელი გენერალური კონსული ნუკრი გოგიტიძე.
ნუკრი გოგიტიძე, რომელიც აზერბაიჯანში გენერალური კონსულად დაინიშნა?
- კი, ბატონო. ჩვენთვის ელჩი ბაქრაძე, გენერალური კონსული გოგიტიძე, კონსული გია არჩემაშვილი, იმდროინდელ ვიცე-კონსული ნანა ჩაბრავა, საელჩოს პირველ მდივანი დიანა მალაზონია, რომლებიც დღეს ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან, იყვნენ ჩვენი მჩაგვრელი ხელისუფლების წარმომადგენლები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ განცხადება, რომ საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს ელექტრონულ წერილებს უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს. მინდა ვკითხო დავით ბაქრაძეს - იგზავნებოდა თუ არა ანალოგიური ანგარიშები საბერძნეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მისი ელჩობის პერიოდში? რა წერილი გაიგზავნა საბერძნეთის პარლამენტში 2014 წლის 18 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრებს გადაეცათ ციხეებში წამების ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ემიგრანტთა საქართველოში ჩამოსვლის დღე, როდესაც კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი დაგვხვდა, კეთდებოდა განცხადება - „ჩვენ გვჩაგრავენ ელჩები“. სწორედ, ის მჩაგვრელი ელჩი დანიშნეს დღეს მინისტრად. დარწმუნებული ვარ, ბაქრაძე ამას რწმენით არ აკეთებდა, აკეთებდა დავალებით. მე დღეს დავით ბაქრაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთადერთი პრეტენზია მაქვს, მესმის ადამიანმა შეიძლება ცხოვრებაში შეიცვალო შეხედულებები, მაგრამ მე დღეს დავით ბაქრაძეს ვთხოვ, გამოვიდეს და ერთ კითხვაზე გამცეს პასუხი, როდის იყო გულწრფელი, დღეს, როცა დაეთანხმა ამ პოსტს, თუ მაშინ, როცა გვეჭიდავებოდა?
თქვენ როფორ ფიქრობთ?
- არ ვიცი, მეც მაინტერესებს როდის იყო გულწრფელი? „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ოფიციალურად მივწერე წერილი და პოლიტიკურ კლუბში დავპატიჟეთ, მიმდინარე პროცესებს განვიხილავდით. მას, როგორც ელჩს მივმართეთ, რომ აეხსნა ჩვენთვის, იმ კანონის მიზანი, რომელიც 2012 წლის არჩევნებისთვის შემოიღო ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. 2012 წლის 11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა მინისტრის N158 ბრძანებას „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანებით, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა არის საბერძნეთის რესპუბლიკაში არალეგალურად, ვერ მოახერხებენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი ვხდებოდით საქართველოს კანონის დამრღვევი.
მოვითხოვდით მინისტრის ამ უკანონო ბრძანების გაუქმებას. ამ ბრძანებულებით საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესში შევიდა ცვლილება, რომლითაც საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისას აუცილებელი იყო ადგილსამყოფელ ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მიტანა, ამის საშუალება არ ქონდა არალეგალებს და ძალიან ბევრ ლეგალსაც, რომლის ქვეყნები საერთოდ არ ცნობენ ასეთ ცნობას. ხოლო, თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგებოდა სიაში ვერ მოხვდებოდა. ამაზე ძალიან საინტერესო პასუხი მომივიდა - „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონი მიკრძალავს წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრებასო“.
რეალურად, კანონი უკრძალავს დიპლომატს საარჩევნო პროცესებში ჩართვას...
- გასაგებია, მაგრამ ეს შეხვედრა შედგა 2012 წლის მაისში და ელჩმა უნდა იცოდეს, რომ მაისში მიმდინარე შეხვედრა ვერანაირად ვერ იქნებოდა პოლიტიკური აქცია. დღეს ის ვალდებულია ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი. ის არის ჩემი დაქირავებული თანამშრომელი, ბიუჯეტში საკამაოდ დიდი შენატანი მაქვს, ვალდებულია გამცეს პასუხი. როცა ფერს იცვლი, უნდა ახსნა რატომ იცვლი ფერს. გამოვიდეს და უთხრას ემიგრანტებს - იცით, ემიგრანტებო, იმიტომ ვიქცეოდი ასე, რომ დავალებას ვასრულებდიო.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რატომ არ შეეხო ცვლილება საბერძნეთში საქართველოს საელჩოს, რატომ დარჩა საელჩოში ისევ ნაციონალების კადრები?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი. შეიძლება ისინი პროფესიონალები არიან. პროფესიონალზე უარის თქმა იმიტომ, რომ ის დავალებას ასრულებდა, მიღებული არაა, თუმცა დანაშაულებრივი დავალების შესრულება, ისეთივე დანაშაულია, როგორც უკანონო ბრძანების გაცემა.
რატომ ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ბაქრაძეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა?
- ეს არის ის კითხვები, რომელსაც მე ბოლო რამდენიმე დღეა „ქართული ოცნების“ რიგებში ვსვამ.
თქვენ თვლით, რომ დავით ბაქრაძის როგორც ელჩის თანამდებობაზე დატოვება და შემდეგ მისი მინისტრად დანიშვნა, არის საკადრო შეცდომა?
- ეს არაა შეცდომა, ეს არის საკადრო დანაშაული. ვფიქრობ, რომ დავით ბაქრაძის კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილს ისევ მისმა მრჩევლებმა შესთავაზეს. დავით ბაქრაძე არ იყო ისეთი ცნობილი ელჩი და ისეთი პოლიტიკური გავლენის მქონე ქვეყნის ელჩი, რომ მისი მოღვაწეობის შეახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონოდათ. საბერძნეთის მთავრობას თვითონ საბერძნეთში არ ეკითხებიან არაფერს, გერმანელები და ფრანგები წყვეტენ მათ შიდა პოლიტიკას, აქედან გამომდინარე, დავით ბაქრაძე არ ყოფილა იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც განსაზღვრავდა ევროკავშირის პოლიტიკას.
თქვენ იცით ვინ შესთავაზა ბაქრაძის კანდიდატურა პრემიერს?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ვიღაცამ ხომ შესთავაზა, აი, ეს შეთავაზებაა დანაშაული. დღეს, მე პირადად ძალიან გამიჭირდება „ქართული ოცნების“ დაცვა ემიგრანტებში და არა მარტო საბერძნეთში. ბაქრაძის დანიშვნა რომ გამოცხადდა, ზუსტად 10 წუთში 127 „მესიჯი“ შემომივიდა - ემიგრანტები მეკითხებოდნენ რა ხდებაო? რაზეც პასუხი არ მქონდა.
რატომ არ გქონდათ ეს პრეტენზიები მაშინ, როდესაც ის დარჩა ელჩის თანამდებობაზე, მითუმეტეს, რომ საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მაია ფანჯიკიძე და შეხვდა დიასპორას, რატომ არ მიმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ცვლილება იყო აუცილებელი?
- მაია ფანჯიკიძესთან არ გვქონია შეხვედრა. მიმართვას რაც შეეხება, ამ მთავრობასთან ის ურთიერთობა არ მაქვს, რომ წერილობით ველაპარაკო. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა შეხვედრები მაქვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მათთან ვსვამ ამ კითხვას.
და რას გპასუხობენ?
- ამას თვითონ იტყვიან. რაც შეეხება ფანჯიკიძეს, მასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვესაუბრე კოტე სურგულაძეს.
როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვა ახლმა ხელისუფლებამ დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე?
- დათო ბაქრაძე არის ჩინოვნიკი, რომლის ხელით ვიდევნებოდით. იყოს ბატონო მინისტრი, მაგრამ გამცეს კითხვაზე პასუხი - ვინ იყო ის ხელი, ვისი ხელითაც გვდევნიდა, ვინ აძლევდა ამ დავალებას?
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საბერძნეთს შეაფარეს თავი დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ. ახალაიას დაკავების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა მისი ექსტრადირება საქართველოში, თუმცა საბერძნეთის სასამართლომ უარი თქვა. როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა უარი საბერძნეთმა ახალაიას ექსტრადირებაზე?
- სოსო თოფურიძესთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომ ის იმყოფება ათონის მთაზე. რაც შეეხება ახალაიას, მისი საბერძნეთში ჩამოსვლა არ იყო შემთხვევითი. საბერძნეთში ბევრი რამ ადვილად წყდება. ვიცი, რომ საქართველოს პროკურატურიდან ჯგუფი იყო საელჩოში. მე მაშინ დავუკავშირდი დავით ბაქრაძეს, რამდენჯერმე ვკითხე ხომ არ სჭირდებოდა საზოგადოებრივი აზრის შექმნაში დახმარება, მოგვეწყო საპროტესტო აქცია სასამართლოსთან, პარლამენტთან, რომ შექმნოდათ რეალური წარმოდგენა ახალაიასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პასუხი იყო - არა. ბერძნულ მედიაში ელჩის დონეზე არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.
თუ ის მოვახერხეთ, რომ 2012 წლის 19 სექტებმერს საბერძნეთის პარალამენტარებს სკამზე დახვდათ CD და დაბეჭდილი სურათები, რომელშიც ასახული იყო ციხის კადრები, იმასაც მოვახერხებდით, რომ საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარისთვის, დეპუტატებისთვის, სასამართლოს თავმჯდომარისთვის მიგვეწოდებინა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი დათა ახალაიას შესახებ. მაგრამ, ელჩმა უარი გვითხრა, იმ მოტივით, თითქოს, ხელს შევუშლიდით სასამართლოს.
ბატონო გიორგი, მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე მართლა იყვენენ დაკავებულები? სხვათა შორის, დავით ბაქრაძემ მაშინ დაადასტურა ეს ინფორმაცია...
- მტკიცებით ფორმაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დათა ახალაიას პროცესამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რომ თურქეთიდან საბერძნეთში იახტით გაისეირნონ. როგორ ფიქრობთ, წინასწარ არ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ თურქეთიდან შედიოდნენ საბერძნეთის მიერ კონტროლირებად წყლებში? როგორც ამბობენ, მაშინ მათ ფული ჩამოიტანეს დათა ახალაიას გასანთავისუფლებლად, როგორც ამბობენ, საუბარია 2,5 მილიონ ევროზე.