პრემიები და დანამატები ხელისუფლებაში

პრემიები და დანამატები ხელისუფლებაში

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო კობახიძეს პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გადაუმოწმებია. თუმცა, დარწმუნებულია, რომ პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემა კანონის ფარგლებში მოხდა.

„ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს გადამოწმებული, თუ ვინ რამდენი მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი გაცემა იმ ახალი განკარგულების საფუძველზე ყველა წესისა და ნორმის დაცვით მოხდა, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ და რომელიც მიზნად ისახავს, მხოლოდ ერთმაგი ოდენობის სახელფასო ანაზღაურების აღებას კვარტალში ერთხელ“, - ამბობს ნინო კობახიძე.

ამასთან, ნინო კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გაცემა მოხდებოდა ყველა იმ კანონის ფარგლებში, რომელიც დარეგულირებული იყო ძველი და ახალი განკარგულებებითაც. კობახიძე დარწმუნებულია, რომ გადაცდომა არ იქნება, რადგან სახელმწიფო ხაზინას ჰქონდა პასუხისმგებლობა, ამ თანხის გაცემა ეკონტროლებინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადაირაშვილმა მინისტრების და მოადგილეების მიერ 2014 წლის 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით მიღებული თანხის რაოდენობა გაასაჯაროვა. ნადირაშვილის ინფორმაციით თანხამ 8 თვის განმავლობაში1 089 499 ლარი შეადგინა. მისი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი სახელფასო და დანამატი იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს აქვთ მიღებული, ყველაზე დაბალი კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 109 143 ლარი, დანამატი 40 000, პრემია კი 118 830 ლარი მიიღეს; თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნულ პერიოდში ხელფასი 103 500 ლარი და დანამატი 144 567 ლარი, მათ პრემია არ მიუღიათ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 86 840, დანამატი 19 500, პრემია - 87 040 ლარი; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 70 431, დანამატი - 11 100, პრემია - 57 040 ლარი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 23 600, დანამატი 4995, პრემია - 15000 ლარი მიიღეს; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 99 814, დანამატი - 8 160, პრემია - 68 000 ლარი; განათლების მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 88 880, პრემია - 44 441 ლარი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 54 625, დანამატი - 3 652, პრემია - 20 102 ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 72 303, დანამატი - 68110, პრემია - 9240 ლარი; სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 88 880, პრემია - 110 640 ლარი; სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 86804, პრემია - 82 150 ლარი; კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 68 456, დანამატი - 8333, პრემია კი - 80429 ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 91 971, დანამატი 46 450 პრემია - 7380 ლარი;

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 87 728, პრემია - 53 100ლარი; 
სულ მოადგილეებზე გაცემულია ხელფასის სახით 1 134 475, დანამატი 406547 და პრემია 682952 ლარი.

„ფინანსთა სამინისტრომ არასრულად, ხოლო შსს, ეკონომიკის, ენერგეტიკის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატებმა მიუხედავად კანონის მოთხოვნისა საერთოდ არ მოგვაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. როგორც ხედავთ, საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ ტყუილთან. ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების“ უუნარო და არაკომპეტენტური მთავრობა აღარ იღებს დანამატებსა და პრემიებს“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ერთადერთი, ვინც უმცირესობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეა, რომლის განცხადებით, პრემიის სახით, აღებული აქვს 6 000 ლარი და სულ 27 930 ლარი აიღო. როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეტყვიან 27 930 ლარი რისგან შედგება, უფრო კონკრეტულად გასცემდა პასუხს. მისივე თქმით, თუ საუბარია ხელფასზე და დანამატზე, მთავრობის დადგენილებით, ეს ყველა მინისტრს ერთნაირად ეძლევა.

კითხვაზე, საუბარია იმაზე, რომ მან პრემიისა და დანამატის სახით 27 000 ლარზე მეტი აიღო, მინისტრმა განაცხადა: „ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრემიის სახით დაახლოებით 6000 ლარი ავიღე, სხვა რაოდენობის პრემია არ მიმიღია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ სანიკიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, პრემიით არ უსარგებლია.

„2 წლის განმავლობაში არც ერთი პრემია არ მაქვს აღებული საერთოდ. რაც შეეხება დანამატს, რომელიც დაადგინა პრემიერ-მინისტრმა, თვეში დაახლოებით 2 800 ლარამდე, ამით ივსებოდა 5 ათას ლარამდე. თვეში თითო მინისტრს გამოსდიოდა 5 ათასი ლარი“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას განმარტებით, პრემიებთან დაკავშირებით არსებობდა სერიოზული პრობლემა. მთავრობის დადგენილებით დარეგულირდა ვადები და ასევე რაოდენობა.

„აქამდე პრემიების თემა დაურეგულირებელი იყო, ვისაც რამდენი უნდოდა იმდენს იწერდა, ეს იყო დაფარული ინფორმაცია. დღეს არის სხვა რეალობა. 2012 წლის განმავალობაში გაცემული იყო ლამის 10-ჯერ მეტი პრემიის სახით, ხოლო 2013 წელს უკვე რეგულაციის შემდეგ, ეს თანხა იყო ძალიან მცირე იმ თანხასთან შედარებით, რაც წლების განმავლობაში იხარჯებოდა. პრემიების თანხა არაა დაფარული თემა, ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის. ის მავნე ტრადიცია, როდესაც ადამიანები თვითონ იწერდნენ უაზრო პრემიას, ეს დარეგულირებულია. რამდენად სწორია რეგულაცია, ეს ალბათ დეტალებშია განსახილველი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიგა ბუკია.

ექსპეტრი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ამ საკითხს აქვს როგორც სამართლებლივი, ისე ეთიკური ასპეტქი. მისი თქით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, მაღალი ხელფასები ისე უნდა იქნას დადგენილი, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის.

„ხელფასია ის დანამატიც და პრემიაც, რასაც ჩვენი სახელმწიფო მოხელეები იღებენ. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს და განისაზღვროს დაახლოებით რამდენი უნდა იყოს მინისტრის და მოადგილის ხელფასი. აუცილებლად უნდა მოხდეს სახელფასო სარგოების რანგირება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ძალიან დაბალი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.