დღეს, სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსი ოფიციალურად დასრულდა. ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ერთკვირიან სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების, ბატალიონებისა და ასეულის 53 სერჟანტი მონაწილეობდა.
სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სერჟანტთა სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარება, მათი ფუნქცია-მოვალეობის უკეთ გაცნობა, საბრძოლო მომზადების ორგანიზების შესწავლა და შეთვისება, ასევე საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პერპექტივების განხილვა იყო.
ერთკვირიანი მომზადების ფარგლებში, სერჟანტებს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ინტერესები და არსებული გამოწვევები გააცნო. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ნატოსა და ევროკავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ლექცია წაუკითხა.
სწავლების ბოლოს სერჟანტებმა ნორიოს საწვრთნელი ბაზიდან ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის მიმართულებით მარშირება გამართეს. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანა M4-იდან სროლაში შეჯიბრიც ჩაუტარდათ. გამარჯვებულები აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.