საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 215 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და წვრთნებისა და განათლების სარდალი პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს რეკრუტები 9 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საბრძოლო ქვედანაყოფში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.