საშიში ბაქტერია და საფრთხე იმპორტირებული ხორცპროდუქტებიდან

საშიში ბაქტერია და საფრთხე იმპორტირებული ხორცპროდუქტებიდან

ბოლო 30 წელია ეს ბაქტერია საქართველოში არ დაფიქსირებულა, ახლა კი ერთბაშად რამდენიმე საწარმოში გაჩნდა. სავარაუდოდ, იგი იმპორტირებულ ხორცპროდუქტებშია. ლისტერია მონოციტოგენეზით დაავადებული ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება. სპეციალისტები საბაჟოზე კონრტროლის მაქსიმალურად გამკაცრებას ითხოვენ.

ინფორმაცია ლისტერია მონოციტოგენეზის შესახებ, ორიოდე კვირის წინ, პირველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. შემდეგ კი კონკრეტული გაფრთხილება მისცა მოსახლეობას, რომ შპს „კედარის“ მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები არ მიიღოს. სწორედ „კედარის“ მიერ 9 ოქტომბერს გამოშვებული გაყინულ ხინკალში აღმოჩნდა ლისტერია მონოციტოგენეზი - პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„ანალოგიური განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „კედარის“ მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საწარმოში უნდა ჩატარებულიყო არაგეგმური ინსპექტირება. თუმცა, ადგილზე მისულ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურული დახვდათ“, -აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, შპს „კედარს“ საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავ არის განთავსებული მის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ასევე საფრთხის შემცველი იყოს.

ასეთი შემოწმებები და დარღვევები ძალიან ხშირად ფიქსირდება, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მეტად დამაფიქრებელ და სახიფათო ფაქტთან. ჯერ ერთი ის, რომ ხორცპროდუქტებში აღმოჩენილი ლისტერია მონოციტოგენეზი უცხოეთიდან შემოტანილ ხორცპროდუქტებში აღმოჩნდა. თანაც აღნიშნული ბაქტერია საქართველოში 1975 წლიდან მოყოლებული არსად აღმოჩენილა და ახლა ერთბაშაად რამდენიმე საწარმოში დაფიქსირდა. აქვე უნდა ათქვას, რომ ძალიან საშიშია, მისით დასნეულება.

„ეს ბაქტერია არის ძალიან მძიმე და თუკი ადამიანი დაავადდა, სტატისტიკით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესწავლა და სავარაუდოდ, შემოსული ხორციდან არის დაბინძურება. ამიტომ, საბაჟოზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი შემოსულ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე“, - აცხადებს მომხმარებელთა უფლებების ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

მისი თქმით, აუცილებელია გარევაჭრობა სამუდამოდ აიკრძალოს, რადგან სწორედ გარევაჭრობის დროს საკვები პროდუქტების შესაბამის გარემოში არ იყიდება და უსაფრთხოება, სანიტარული ნორმები დაცული არ არის.

„მერწმუნეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ციფრები, სტატისტიკური მონაცემები არ იკლებს, ვინაიდან არსებობს უდიდესი პრობლემა - გარევაჭრობა. სანამ გარევაჭრობა არ აღმოიფხვრება, ეს პრობლემაც არ აღმოიფხვრება. გარევაჭრობა ეს არის სამართალდარღვევა. საპატრულო პოლიციამ ეს ფაქტი უნდა აღკვეთოს, მაგრამ, როგორც ყველამ ვიცით, ანტისანიტარიულ მდგომარეობაში ქუჩაში პირდაპირ იყიდება ხორცი და რძის პროდუქტი, რომელთაც სჭირდება განსაკუთრებული შენახვის პირობები. პრობლემა ისაა, რომ გარევაჭრობა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არ კონტროლდება, რადგან მათ ფუქნციაში არ შედის, ამიტომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს სამუდამოდ“, - განაცხადა მადონა კოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.