მომავალი წლიდან ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრომ ბიზნეს სექტორთან მორიგი შეხვედრა გამართა. მთავრობის მოხოვნას უპირობოდ არც ერთი ბიზნესი არ იღებს, მით უფრო ის, ვისაც გადასახადი ყოველწლიურად ეზრდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, საგადასახადო პოლიტიკისა და ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტების უფროსები ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიღწეული შეთანხმებით, თითოეული დარგის მიხედვით, კომპანიები ფინანსთა სამინისტროსთან გააგრძელებენ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრას.
იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით (90 თეთრამდე), ხოლო უფლიტროზე 5 თეთრით (20) თეთრამდე იზრდება. გარდა ამისა, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს ადვალური (შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტული განაკვეთი) გადასახადის 5-პროცენტიანი ზრდა.
დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს წლის მანძილზე აქციზური გადასახადის ორჯერ გაზრდა მიუღებლად მიაჩნია, თუმცა უფრო სამართლიანად მიიჩნევს გადასახადის ადვალური ზრდის პრინციპს. იგივე შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსაც. ზურაბ ტყემალაძე ვარაუდობს, რომ აქციზის გადასახადის ზრდის მეორე ეტაპი 2015 წლის განმავლობაში არ უნდა განხორციელდეს.
„ყველამ იცის რა მავნე პროდუქტია თამბაქო, თამბაქოს მოწევა როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ეს არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნები, რომელზედაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა მიერთებულია. ეს არის ის, თუ რამ გამოიწვია ზრდა. რა თქმა უნდა, ამავე დროს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისკენაც არის მიმართული. პრობლემურია ის, რომ წლის დასაწყისში იზრდება ფიქსირებული აქციზური გადასახადი, წლის მეორე ნახევარში შემოთავაზებულია 5-პროცენტიანი ზრდა ადვალური გადასახადის“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
მიუხედავად ამისა, არავის ეპარება ეჭვი, რომ აქციზის გაორმაგება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. არსებობს სხვა საფრთხეც, რომელთა შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი საუბრობს:
„ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, შეუქმნის პრობლემას ადგილობრივ წარმოებას, გარდა იმისა, რომ სტიმულს მისცემს ჩრდილოვან ბიზნესს“, - ამბობს რადიო “თავისუფლებასთან” გერლიანი.
მისი აზრით, აქციზის გაზრდის გაცხადებული მიზნის მიღწევა - თამბაქოსა თუ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირება - თითქმის შეუძლებელია, რადგან მათზე დამოკიდებული ადამიანები ფასის ზრდის გამო მოხმარებას ნაკლებად თუ შეამცირებენ.
სხვათა შორის ამას ადასტურებს სტუტისტიკური მონაცემები. საქართველოში 2014 წლის იანვარ-სექტემბერში სულ 73 349 600 აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტის, სიგარისა და სიგარილების იმპორტი განხორციელდა. თამბაქოს ნაწარმის მთავარი იმპორტიორი უკრაინაა, საიდანაც იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულება 61 551 100 დოლარს შეადგენს. გერმანიიდან კი 2 139 700 დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ბულგარეთიდან - 2 951 300 დოლარის, სომხეთიდან - 2 372 000 და რუსეთიდან კი 2 168 200 დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმის იმპორტი განხორციელდა.
2013 წელს საქართველოში სულ 95 690 200 აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტის, სიგარისა და სიგარილების იმპორტი განხორციელდა. შარშანაც მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო და ამ ქვეყნიდან იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულება 73 952 300 დოლარს შეადგენდა. მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იმპორტი განხორციელდა კიდევ ოთხი ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან - 5 582 400, ბულგარეთიდან - 4 572 400, სომხეთიდან - 3 688 600 და რუსეთიდან - 3 675 200 დოლარის ღირებულების.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და გაძვირების მიუხედავად, თამბაქოზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ იკლებს.