ბოლო დღეებში დასავლეთის ტონი რუსეთის მიმართ საკმაოდ გამკაცრდა. თუმცა, მოსკოვის განცხადებებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში უკანდახევას არ აპირებს. აიძულებს თუ არა რუსული ეკონომიკის პრობლემები პუტინს საკუთარი გეგმების შეცვლას, ამ თემაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გვესაუბრება.
ბატონო რომან, უკვე იგრძნობა თუ არა, რომ დასავლეთის სანქციებმა დაიწყო მოქმედება?
- რუსეთი ნელ-ნელა იზოლაციაში ექცევა. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება ამ დღეებში ავსტრალიაში გამართული დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გახდა. გარდა რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებისა, იგი პირადად პუტინისათვის დამამცირებელიც აღმოჩნდა. მისი პერსონის დემონსტრაციულმა იგნორირებამ, სადილზე განმარტოებით მიტოვებამ, პროტოკოლურ ფოტოზე, რიგში სულ ბოლო ადგილზე გამწესებამ და სხვა, ხილულმა თუ უხილავმა ნიუანსებმა მასზე მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა. მან ერთი დღით ადრე დატოვა ქვეყანა.
ომი უკრაინაში, სანქციები, ნავთობზე ფასების დაცემა, კერძო სექტორის მიერ საგარეო დავალიანების დიდი ოდენობით გასტუმრება, კაპიტალის გადინება - ყოველივე ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსულ რუბლზე. მისი კურსი პერმანენტულად ეცემა. ამას დავუმატოთ ფასების ზრდა, რომელზეც რუსეთის მიერ ზოგიერთი დასახელების სასურსათო საქონელზე თვითგამოცხადებულმა ემბარგომაც იმოქმედა და ნათელი გახდება, თუ რა მძიმე პერსპექტივა უჩნდება ამ ქვეყანას.
რუსეთის ხელისუფლება იმედს არ კარგავს და რუბლის დევალვაციას სპეკულანტების მოქმედებებით ხსნის. პუტინი დაემუქრა კიდევაც მათ, თუმცა რუბლი კვლავ აგრძელებს გაუფასურებას. დღეისათვის ერთ დოლარი 47 რუბლის ტოლია.
საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერებას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ეს სიტუაცია საქართველოზე, რა ელის ქართულ ექსპორტს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, შემცირდება თუ არა ტრანსფერტები და ზოგადად, როგორ აისახება ეს პროცესები ჩვენს ეკონომიკაზე?
- სანქციები, რა თქმა უნდა, აზარალებს ევროპისა და ამერიკის ბიზნესის ზოგიერთ სფეროს, მაგრამ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ომი უფრო ძვირია და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა მომავალში ყველას, მისი შეჩერება იყო მთავარი. რომ არა სანქციები, არავინ იცის, სადამდე შეტოპავდა რუსეთი. თუმც, ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია მისი მომავალი ქმედებები.
სანქციები ჩვენი მხრიდანაც უნდა იქნას აღქმული, როგორც უფრო დიდი საფრთხისა და მათ შორის, დიდი ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მექანიზმი. ჩვენი შესაძლო დანაკარგებიც უნდა იქნას განხილული, როგორც ერთი მხვრივ, ჩვენი წვლილი ამ პროცესში მონაწილეობისა და მეორე მხრივ, მომავალში კიდევ უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილების დანახარჯები.
რუსეთის ეკონომიკური დასუსტება, მათ შორის რუსული რუბლის ვარდნა, ჩვენს გრძელვადიან ინტერესებშია. სანქციების დანიშნულებაც ეს არის - დაასუსტოს აგრესორი ეკონომიკურად, რათა მან ვერ შეძლოს თავისი სამხედრო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა, მოხდეს საგარეო იზოლაცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა ითამაშოს შემაკავებელი როლი. ანუ, რუსეთის ეკონომიკური დასუსტება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარკვეულ გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე, არის ჩვენი და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს ინტერესებში.
რამდენად მაღალია რისკი ჩვენი ბიზნესმენებისთვის?
- რაც შეეხება მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას, წინასწარ უნდა იყოს განჭვრეტილი საქართველოს ხელისუფლების მიერ და გათვალისწინებული ქართული ბიზნესის მხრიდანაც. უნდა ვისარგებლოთ იმ პირობებით, რაც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით წარმოიქმნა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება რუსეთთან ზედმეტად დაკავშირება საკუთარი ეკონომიკის, რადგან ეს ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში იქნება არასტაბილურ ვითარებაში. მხოლოდ უკრაინის საკითხი უკვე თავისთავად არის გრძელვადიანი არასტაბილურობის ფაქტორი, თავი რომ დავანებოთ სხვა უამრავ პრობლემას.
როგორ შეიძლება აისახოს ჩვენზე რუსული რუბლის დევალვაციის პროცესი? იყო, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქართველი ფინანსისტები ლარის მკვეთრ გაუფასურებას სწორედ რუსული რუბლის დევალვაციით ხსნიდნენ...
- ფაქტია, რუსულმა რუბლმა კრახი განიცადა. არა მარტო იმიტომ, რომ წლის დასაწყისიდან ერთი მესამედით გაუფასურდა, არამედ იმ შედეგების გამო, რაც მას მოჰყვება. დევალვაცია ყოველთვის მძიმე დარტყმაა, რუსეთისთვის დარტყმაა მითუმეტეს, როდესაც ეს პროცესი სანქციების და საერთაშორისო ფინანსური იზოლაციის ფონზე ხდება. რუსეთის კომპანიებს დიდძალი ვალის გასტუმრება უწევთ უცხოურ ვალუტაში, ახალ სესხებზე წვდომა კი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შეეზღუდათ. ქვეყნის სავალუტო რეზერვები ყველას და ყველაფერს ვერ გაწვდება. თანაც, იგი დღითი დღე მცირდება, რუბლის დევალვაციის შესაჩერებლად გაწეული დანახარჯების გამო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გასულ თვეში დახარჯული 30 მილიარდი დოლარის მიუხედავად, რუბლის ვარდნა ვერ შეჩერდა.
რაც შეეხება, როგორ შეიძლება აისახოს ეს პრობლემები ჩვენზე -ყველაზე მთავარი თემა რუსეთიდან ტრანსფერტებია. შეიძლება, იგი შემცირდეს, რადგან იქ მცხოვრები ქართველების შემოსავალი უცხოურ ვალუტაში კლებულობს, რაც გადმოსარიცხი თანხის ოდენობაზე მოახდენს გავლენას.
ასევეა უკრაინის შემთხვევაშიც, თუმცა ამ უკანასკნელის ხვედრითი წილი მთლიან გადმორიცხვებში არ არის დიდი. უკრაინის ფაქტორი უფრო გასათვალისწინებელია ჩვენი ექსპორტის მოსალოდნელი კლებისა და დონბასში დასაქმებული ქართველების მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვისა და სხვა რეგიონში თუ ქვეყნებში სავარაუდო მიგრაციის სახით.
თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა და შემდგომ მოკლე პერიოდს, დავინახავთ, რომ ფულადი გადმორიცხვები მაშინ 10 პროცენტით შემცირდა. ამას მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფაქტორიც განაპირობებდა. მიმდინარე წელს, მთლიანობაში, კლება არ აღინიშნებოდა, მაგრამ სექტემბერში და ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა. გასულ წელს საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილების მოცულობა ჯამში 1,47 მლრდ აშშ დოლარი იყო, მისი ნახევარზე ოდნავ მეტი კი რუსეთზე მოდიოდა. 2014 წლის სექტემბრის თვეში, სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებით საქართველოში ჩარიცხული თანხის მოცულობა 0.2 პროცენტით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით (აქედან რუსეთზე მოდის 50,5 პროცენტი).
თუმცა, შარშანდელ სექტემბრის თვესთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვებმა 8 პროცენტით იკლო. ეს სურათი გაგრძელდა ოქტომბრის თვეშიც. ახლა უკვე მთლიანი გადმორიცხვებიც შემცირდა 6.5 პროცენტით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 8.7 მილიონი დოლარს ტოლია. ამის მიზეზი რუსეთიდან ტრანსფერტების კლებაა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პირველად დაფიქსირდა კლება რუსეთიდან 2008 წლის შემდეგ. მნიშვნელოვნად, 20 პროცენტით შემცირდა გადმორიცხვები უკრაინიდან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ხვედრითი წილი მთლიან ტრანსფერტებში არ არის დიდი და იგი დაახლოებით 2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, მთლიანი გადმორიცხვების მოცულობა ქვეყანაში არ შემცირებულა ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან მისი ზრდის გამო (აშშ, თურქეთი, იტალია და სხვა).
ექსპორტ-იმპორტზე როგორ აისახება შექმნილი სიტუაცია?
- სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდება. იკლებს პირველ რიგში, ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტიორების შემოსავლები, ვინაიდან დევალვაცია გავლენას მოახდენს რეალიზაციის მოცულობაზე. ასევე, მომავალში მოსალოდნელია, დაახლოებით ათპროცენტიანი მატება საბაჟო გადასახადის (რუსეთის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ანონსირებული გაუქმების გამო), რაც იმოქმედებს ქართული საქონლის რუსეთში რეალიზაციაზეც და შემოსავლებზეც.
რუსი ტურისტების გადახდისუნარიანობა შემცირდება, რამაც გარკვეულწილად, შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოში მათ შემოსვლაზე. უკვე სახეზეა რუსი ტურისტების კლება ევროპაში და სხვა ქვეყნებში. პირველი ტენდენცია ამ ზამთარშივე გამოჩნდება გუდაურში და ბაკურიანში. დავაკვირდეთ...
რაიმე დადებითი ტენდენციის პერსპექტივა თუ ჩნდება ქართული ეკონომიკისთვის ასეთი არასახარბიელო ფონის მიუხედავად?
- რაც შეეხება დადებით მხარეს, ეს არც თუ ისე თვალშისაცემი იქნება, თუმცა რუსული და უკრაინული საქონლის იმპორტი გაიაფდება და შეიძლება, ზოგიერთი დასახელების სხვა იმპორტირებული საქონელი ჩაანაცვლოს საქართველოს ბაზარზე.
უკრაინის ვალუტის დევალვაციაც ახდენს საქართველოს ექსპორტზე გავლენას, ისევე, როგორც დონბასის ბაზრის დაკარგვა (გაღატაკებაც) და მთლიანად, უკრაინის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლება. აგრეთვე, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობის რესურსების გამოყენება (თუნდაც გათბობაზე).
მთლიანობაში, რუსეთის (უკრაინის) ფაქტორი არ არის იმ მასშტაბის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე სერიოზულად აისახოს. აქ, ძირითადად, ახლადგაჩენილი საექსპორტო ბაზრის ათვისების ტემპების შემცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდება, გაჩენილი შანსის გამოყენებაა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება ვიზების გაუქმების შედეგი. უამრავი ქართველი პირადად შეხვდება თავის პარტნიორს და არა სკაიპისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. პირად კონტაქტებს სულ სხვა ეფექტი აქვს.
ვიზების ლიბერალიზაციას და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას შიდაპოლიტიკური ვითარების დამშვიდება და კონფრონტაციული მუხტის გაქრობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე საკმაოდ დამფრთხალი ინვესტორი კიდევ უფრო დაფრთხება. ეს კი შეიძლება ხელისუფლებისათვის სავალალო შედეგით დამთავრდეს.