ადვოკატებმა ე.წ. კაბელების საქმის მასალების დაცვის მხარისთვის გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მთავარი პროკურატურისგან. მათ სპეციალური წერილი პროკურატურაში დღეს შეიტანეს. დაცვამ პროკურატურას მიუთითა სს საპროცესო კოდექსის ის მუხლები, რის საფუძველზეც ითხოვენ მასალების გადმოცემას. უარის შემთხვევაში, მოითხოვენ მიუთითონ მუხლი, რის საფუძველზე არ ეძლევათ მასალები. დაცვის მხარის განცხადებით, ასეთი მუხლი სს საპროცესო კოდექსში, რომლის საფუძველზეც შეიძლება უარი უთხრან მასალების გადმოცემაზე, არ არსებობს.
პროკურატურამ ადვოკატებს ე.წ. კაბელების საქმეზე მასალების გაცნობისთვის გარკვეული პირობები შესთავაზა, კერძოდ, მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნება სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები, მაგრამ არ აქვთ ექსპერტიზის დანიშვნის უფლება, რაც ასევე აუცილებელია დაცვის სრულყოფილი განხორციელებისათვის.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ პროკურატურის უარი, რომ სრული მოცულობით გადასცეს სისხლის სამართლის მასალების დაცვის მხარეს, ეს არის სისხლის სამართლის პროცესის იმპერატიული მოთხოვნა. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ბარათაშვილი განმარტავს, რომ პროკურატურას მათთვის საქმის მასალების გაცნობა არ შემოუთავაზებია.
„თავად პროკურატურის პოზიციაში არსებითი წინააღმდეგობაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ პროკურატურა აცხადებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ საქმის მასალები და გავაკეთოთ ამონაწერები, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაში აღარ არის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი, ხოლო თუ ის მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ის ვალდებულია და აქამდეც ვალდებული იყო, საქმე სრული მოცულობით გადმოეცა ჩვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე პროკურატურის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება კანონის მიხედვით არის დაუშვებელი“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მთავარი პროკურატურის მსგავსად, ისუტიციის მინისტრისთვისაც გაუგებარია რატომ ამბობენ უარს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩონოსნების საქმის მასალების გაცნობაზე ადვოკატები. თეა წულუკიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, ადვოკატებს 2 კვირაზე მეტია, აქვთ შესაძლებლობა, რომ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მშვიდ გარემოში, იმ ხანგრძლივობით, რამდენიც სჭირდებათ, გაეცნონ საქმის მასალების სრულ ვერსიას.
„მაგრამ, ჩემთვისაც გაუგებარი მიზეზების გამო, ისინი უარს ამბობენ საქმის მასალების გაცნობაზე. ალბათ, ეს დაცვის ტაქტიკაა და მათ ამის უფლება აქვთ. მთავარია, პროკურატურის მხრიდან არსებობს შეთავაზება. მე უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ და ვდარდობ იმ ბრალდებულებზე, რომლებიც საპყრობილეში იმყოფებიან, რადგან მათ დაცვა სჭირდებათ და მე რომ მათი ადვოკატი ვიყო, პროკურატურის ამ შემოთავაზებით ვისარგებლებდი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის პოზიცია გაუგებარია დაცვის მხარისთვის. ადვოკატი ლევან სამუშია წულუკიანს ურჩევს, რომ რჩევები საქართველოს მთავარ პროკურატურას გაუზიაროს.
„ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს ვეტყოდი, რომ იქნება-და რჩევები საქართველოს პროკურატურას მისცეს, მათ ეს სჭირდებათ. ურჩიოს, რომ მოიქცენ კანონის შესაბამისად. ვინ, ვინ და ქალბატონმა თეამ ყველაზე კარგად იცის ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვტილებები აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შესაბამისად, რას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს საპროცესო კოდექსი.
ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირად ვერ შევქმნით იმის მოცემულობას, თითქოს, ფორმალურად ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჩვენ გვესაჭიროება საქმის მასალები. კანონმდებელი ცალსახად განმარტავს, რომ დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს მასალები დაუყოვნებლივ და ეს კარგად იცის იუსტიციის მინისტრმა, ასე რომ არ ყოფილიყო, კანონმდებელი არ ჩაწერდა, მითუმეტეს, რომ საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანებს. პროკურატურის ოთახებში ამ ადამიანების დაცვას ვერ განვახორციელებთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღწერილია ყველაფერი, რამდენად აუცილებელია, შეუფერხებლად გადაეცეს მასალები ადვოკატს. ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
„პროკურატურასთან სამართლებრივ შეფასებებში არ შევალ. ჩემი თანამშრომლების აბსოლუტურ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. რაც სწრაფად მოხდება საქმის გადაცემა ადვოკატებზე, გამოძიების ღიად ჩატარება, საზოგადოებაც დარწმუნდება. ამის შემდეგ მოუწევს პასუხისგება პროკურატურის იმ თანამშრომლებს, ვინც ეს ჩაიფიქრა“, - აცხადებს ირაკლია ალასანიამ.
პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის საგანაგებოდ მომზადებული ოთახის შეთავაზებამ, სააკაშვილის მმართველობის დროში დააბრუნა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რისი თქმა უნდა პროკურატურას.
„იმ ოთახების ჩევნებამ, რომელიც კარგ სასტუმროსავით გაუმზადებიათ ადვოკატებისთვის, რათა გაეცნონ მასალებს, სააკაშვილის დრო გამახსენა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ჩიხში და დრო უნდათ გააჭიანურონ. როგორც მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეში არაფერი დანაშაულის მსგავსი არ არის, ისეც დგინდება, - რომ არაფერი არ არის“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საიას თავმჯდომარე კი, პროკურატურას ურჩევს, რომ ოთახების მომზადების ნაცვლად, საქართველოს კანონმდებლობა დაიცვას. პროკურატურის პოზიცია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს არ გადაეცეთ საქმის მასალები, გაუგებარია კახა კოჟორიძისთვის, რომელიც მზად არის, აღნიშნულ თემაზე პირდაპირ ეთერში დაუჯდეს პროკურატურის წარმომადგენლებს და მათი პოზიციის სიმცდარე დაასაბუთოს.
„სს-ს საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში წერია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ბრალდების მხარე ვალდებულია, რომ მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი მტკიცებულება დაცვის მხარეს გადასცეს. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისი არსებობს, თუ ეს არის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მიღებული მასალა. თავდაცვის სამინისტროს საქმის მასალები არ არის აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ წერია არც ერთი მუხლის არც ერთი ქვეპუნქტი, რომელიც იტყვის, რომ თუ საქმეს ადევს „საიდუმლო“ გრიფი, მაშინ ის ადვოკატს არ უნდა გადაეცეს. ასეთ აკრძალვას სსს კოდექსი უბრალოდ არ იცნობს“, - ამბობს კოჟორიძე.
for.ge-სთან საუბრისას კოჟორიძე ადასტურებს, რომ ადვოკატები თავიდანვე გამოხატავდენ მზადყოფას გაცნობოდნენ საქმის მასალებს. მისი თქმით, საქმის გაცნობა და გადაცემა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოქმედებებია. კოჟორიძე ამბობს, რომ ადვოკატის მოქმედება ვერ იქნება ეფექტური, თუ ის უბრალოდ წაიკითხავს საქმის მასალებს და მას ეს მასალები ხელში არ ეჭირება.
„დაახლოებით 9 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს და ჰკითხეთ ნებისმიერ ადვოკატს, რამდენად შეძლებს დაცვის ეფექტურად განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალები არ ექნება. პროკურატურის ეს პოზიცია არის დაუშვებელი. ჩვენ ვნახეთ და ეს თავად პროკურატურის პრესკონფერენციიდან დადასტურდა, როდესაც პროკურატურის წარმომადგენელი ხელში დაჭერილი მასალებიდან საუბრობდა და მას ზეპირი განცხადებები არ გაუკეთებია“, - აცხადებს საუბრისას კახა კოჟორიძე.