ლუდის მწარმოებლები მთავრობას არ ნებდებიან

ლუდის მწარმოებლები მთავრობას არ ნებდებიან

მელუდეებმა რკინის ქალამნები ჩაიცვეს და ხელისუფლებას მიადგნენ. ბოლოდროინდელი შეზღუდვები და საგადასახადო ინიციატივები ადგილობრივ წარმოებაზე ნეგატიურად აისახა. ისინი მთავრობისგან გარკვეულ დათმობას ითხოვენ.

ლუდის მწარმოებლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც შეხვდნენ.

კომპანია „კასტელის“ მფლობელის ინფორმაციით, ამ კანონის გამოისობით წარმოება დაახლოებით 40 მილიონ ლარს დაკარგავს. რეალიზაცია საგრძნობლად შეუმცირდა „კასტელი საქართველოს“. გაყიდვები კლებაა „ნატახტარსა“ და „ზედაზენშიც“.

პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივ ადგილებში სმისთვის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წესდება. ალკოჰოლური სასმელების მიღება შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება: სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება - საჯარო სივრცე (მაგ. ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ.) ასევე, ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე ჯარიმა 50-დან 150 ლარამდე განისაზღვრება. ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორება კი უკვე 500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ცალკე პრობლემაა ლუდზე აქციზის გადასახადი, რომელიც იანვრიდან ორმაგდება და 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდება. ამ გადაწყვეტილებამ მეწარმეთა ისეთი პროტესტი გამოიწვია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა 2015 წლიდან ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს სექტორთან კონსულტაციებს მართავს.

17 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები. მათ აგრეთვე განიხილეს შესაძლო რისკები და იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე, რათა ახალი განაკვეთების დაწესება ნეგატიურად არ აისახოს კომპანიების საქმიანობაზე.

ამ შეხვედრების შედეგია ის, რომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებს აქციზი, შესაძლოა, 1-ლი იანვრიდან აღარ გაეზარდოთ. თემურ ჭყონიას ინფორმაციით, ნოდარ ხადურთან შეხვედრაზე ლუდის მწარმოებლები სწორედ აქციზის ფასის გაორმაგების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„ფინანსთა მინისტრი შეგვპირდა, რომ აქციზი არასეზონურ პერიოდში არ გაიზრდება, ანუ შეიძლება პირველი იანვრიდან აღარც გაიზარდოს, რომ არ შექმნას პრობლემა. ჩვენთან უფრო მეტი გამოდის ეს ფასი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. გვინდა, რომ თუ ევროპას ვუთანაბრდებით, ის ტარიფები დააწესონ, რაც ევროპაშია“, - განუცახდა ჭყონიამ „კომერსანტს“. მისივე თქმით, აქციზის ზრდა მხოლოდ ბიუჯეტის შევსების მიზნით, სწორი არ არის.

„თუ არ გაიზარდა ბიუჯეტი, ვიღაცამ პასუხიც უნდა აგოს. თუ არ გაიზარდა, ნიშნავს, რომ შემცირდა, და თუ შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მეწარმე დაზარალდა. ამაზე ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პასუხიც აგოს ყველამ“, - დასძინა ჭყონიამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების განხილვამდე, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამუშაო რეჟიმში გააგრძელოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული იყოს როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინტერესები.