მინისტრი ბაქრაძე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე მეტი ინფორმაციის მოლოდინშია

მინისტრი ბაქრაძე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე მეტი ინფორმაციის მოლოდინშია

აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთთან შეთანხმების პროექტს. ამ ხელშეკრულების პროექტით ცხადი ხდება, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიისა და შემდგომში საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოქცევის აშკარა მცდელობა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაცაიით, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ვარიანტს მხარი დაუჭირა და მიიღო გადაწყვეტილება, „პრეზიდენტს“ რეკომენდაციით მიმართოს, ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

ე.წ. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დე-ფაქტო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების პროექტი, შეთანხმებულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, იუსტიციის, შს, სამინისტროებისა და საბაჟო და უშიშროების სამსახურებთან. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში წარდგენილია რუსეთის მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტი „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის“ შესახებ, რომლის ზოგიერთი დებულება აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შეთანხმების აფხაზური რედაქციის მოსამზადებლად.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის შეთანხმების პროექტით შეშფოთებულია აშშ-ი და ევროკავშირი. სწორედ, მოკავშირეობისა და თანამშრომლობის პროექტზე ისაუბრა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად მზადაა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პრინციპულობას შეინარჩუნებენ.

„ამ ხელშეკრულების არსებობით და ამ იდეით, რომ რუსეთი აფხაზეთთან აპირებს მის ხელმოწერას, ყველა ძალიან შეშფოთებულია. მათ დეტალურად განვუმარტე ის რისკები, რაც ამ ხალშეკრულების გაფორმებას შეიძლება მოჰყვეს. ისინი აღნიშნული ფაქტით ძალიან შეშფოთებულები არიან. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ, მაგრამ ვიქნებით პრინციპულები, როცა საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად პრემიერის ამ განცხადებისა, დე-ფაქტო მთავრობის მიერ რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების მხარდაჭერაზე კომენტარს არ აკეთებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს საკითხთან დაკავშირებით.

წესით, დე-ფაქტო მთავრობის მიერ რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორების შესახებ“ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა მინისტრს, რომელიც მანამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ საბერძნეთში იყო საქართველოს ელჩი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბრიუსელში, სადაც დავით ბაქრაძე პრემიერთან ერთად იმყოფებოდა, ლაპარაკი იყო სწოერდ ამ ხელშეკრულებაზე.

„საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ უნდა ჰქონდეს პოზიცია. მითუმეტეს, ახალდანიშნულ მინისტრს ევროპული და ევროატლანატიკური ინტეგრაციის საკითხებში. ძალიან ცუდი, თუ არ იცის რა წერია დოკუმენტში, იმიტომ, რომ ის იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც იყო ლაპარაკი ამ ხელშეკრულებაზე და უფრო მეტად უნდა იყოს ჩახედული ამ საკითხებში.

რაც შეეხება ამ ფაქტს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია ამ ხელშეკრულების შესახებ. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ლაპარაკი ხელისუფლების შიგნით. შემუშავებული არის პოზიციები და ეს პოზიციები უნდა გაცხადდეს. ხელისუფლება უნდა ეცადოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარადჭერით მოახდინოს ამ ხელშეკრულების დაგმობა ყველა დონეზე. სავარაუდოდ, რუსეთი ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას, ამით ჩვენ მივიღებთ საქართველოს ფაქტიურ ანექსიას“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ რუსეთის მსგავსი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მისწრაფებით არის განპირობებული.

„ეს დოკუმენტი, ისევე როგორც ოთხმოცამდე დოკუმენტი, რომელსაც ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობის შორის 2008 წლის 17 სექტემბრის შემდეგ, არის უკანონო. დოკუმენტის ტექსტში ჩაძიება უკვე ნიშნავს ამ დოკუმენტის აღიარებას. არსებითი ცვლილებები აფხაზეთთან მიმართულებით ხდება არა დღეს, არამედ 2008 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის ყოველი ნაბიჯი არის მორიგი მცდელობა, მოახდინოს აფხაზეთის ანექსია. შესაბამისად, ეს არის რუსეთის რეაქცია საქარველოს ნაბიჯებზე, რომ მივემართებით ევროპისკენ და ევროპული ინსტიტუტებისკენ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ამ ტიპის შეთანხმებისთვის რუსეთმა დამატებითი საფასური უნდა გადაიხადოს, ძალიან ძვირი უნდა დაუჯდეს ის, რასაც 21-ე საუკუნეში სუვერენული სახელმწიფოსთან მიმართებაში აკეთებს.

„ერთი მხრივ, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების გაგრძელების სუვრილი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორე მხრივ, მზად არის გააფორმოს ანექსიის აქტი, ცალსახად, შეუქცევადი პროცესია. ეს რის უკვე საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობა. არ მოვუწოდებ, რომ რაღაცა ესკალაციისკენ გადაიდგას ნაბიჯები, მაგრამ თავსაც ნურავინ ნუ მოიტყუებს, რეალურად სახეზე გვაქვს ანექსია“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად, ესკალაციის თავიდან აცილების მთელი მცდელობისა, რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

„ამ საკითხს სჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ლიდერების დონეზე აყვანა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების უშუალო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან - გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან. ახლა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. ალბათ, წლის ბოლომდე ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება და წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. ამ ტიპის შეთანხმებისთვის რუსეთმა დამატებითი საფასური უნდა გადაიხადოს, ძალიან ძვირი უნდა დაუჯდეს ის, რასაც 21-ე საუკუნეში სუვერენული სახელმწიფოსთან მიმართებაში აკეთებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, - აფხაზეთის საკითხი გახდეს დღის წესრიგი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„დღეისთვის ერთადერთი გზა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, - რაც შეიძლება მეტი აპელირება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებისადმი და აფხაზეთის საკითხი დღის წესრიგში იყოს დაყენებული, რამეთუ, ამ ბოლო პერიოდში ეს საკითხი ამოვარდნილია. აფხაზეთის ანექსიის თემა დაყენებული უნდა იქნას სწორედ ისე, როგორც უკრაინის საკითხი.

დღეს საქართველოს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერას. მეორე მხრივ, ეს ხელმოწერა არ შეცვლის ჩვენთვის იმ სტატუს-კვოს, რომელიც აქამდე არსებობდა, მაგრამ არის ერთი რამ, რაც იცვლება, რუსეთი ცდილობს დე-ფაქტო რუსეთ-საქართველოს საზღვარი მოაწყოს ენგურზე. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრიას ირაკლი ცქიტიშვილი.