სასურსათო უსაფრთხოება განეკუთვნება ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსხლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც.
სასურსათო უსაფრთხოება (ზოგადად სასურსათო პრობლემა) ისევე, როგორც ეკოლოგიური და სხვა ხასიათის გლობალური პრობლემები განხილული უნდა იქნეს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობათა კონტექსტში, ერების თანაარსებობის და მათი შემდგომი განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა კეთილდღეობის პირამიდის საძირკველში სურსათით უზრუნველყოფაა ჩადებული, რომ სურსათი ადამიანის ბიოლოგიური არსებობის საფუძველია და იგი მუდამ დარჩება ადამიანთა მოდგმის არსებობის მარადიულ პირობად.
საქართველოში სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. იგი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი პირობაა
სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების გაზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის შემცირება.
მდგრადი სოფლის მეურნეობის მისაღწევად გადასაწყვეტი ძირითადი ამოცანებია:
- აგროსასურსათო სექტორში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
- ბაზრების გაფართოვება და ახალი ბაზრების ათვისება;
- აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი პირობები:
- ხელმისაწვდომი და მდგრადი საფინანსო ინსტიტუტები სოფლად;
- სამეცნიერო უზრუნველყოფა და ექსტენცია;
- განვითარებული საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა;
- ბაზარზე ორიენტირებული მძლავრი აგროსასურსათო მრეწველობა;
- ალტერნატიული არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილები სოფლად;
- ფალსიფიცირებული, კონტრაბანდული და დემპინგური პროდუქციისაგან დაცული თავისუფალი შიდა ბაზარი;
- შენარჩუნებული აგრობიომრავალფეროვნება;
- ეფექტიანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები;
- აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა.
- 1. ხელმისაწვდომი და მდგრადი საფინანსო ინსტიტუტები სოფლად
ფართო პროპაგანდა უნდა გაეწიოს კომერციულ, განსაკუთრებით მიკროდაფინანსების სქემით მომუშავე ბანკებთან გლეხების (ფერმერების), მეწარმეების ეკონომიკურად მისაღები კავშირების განმტკიცებას. სახელმწიფომ არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებით, დონორებთან ერთად ხელი უნდა შეუწყოს კომერციული ბანკების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას აგროსასურსათო სექტორისათვის დამახასიათებელი რისკების შეფასების მიმართებით.
სოფლად ბიზნესის დაკრედიტების გაფართოების მიზნით, ბაზარზე ორიენტირებულ შესაძლებლობათა ანალიზი საფუძვლად უნდა დაედოს რეკომენდაციებს მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისადმი. კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება სიციცხლისუნარიანი საკრედიტო კავშირები.
- განვითარებული მიწის ბაზარი
აგროსასურსათო სექტორში არსებული პრობლემების უდიდესი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებულია მიწის ბაზრის ეფექტიანობასა და მიწის რენტაბელურობასთან. მიწის ბაზრის ამოქმედება ხელს შეუწყობს სავარგულების გამსხვილებას, ინტენსიური აგროტექნოლოგიების გავრცელებას და ბანკების მხრიდან სექტორისადმი ინტერესის გაძლიერებას.
- “სავაჭრო კრედიტები“ გადამამუშავებლი მრეწველობისათვის”
აგროსასურსათო პროდუქციის გარე ბაზრებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და კომერციული ბანკების მიერ გადამამუშავებელი სექტორისათვის სესხების გაცემას, რომელთა მიზანი იქნება ფერმერების მიერ მიწოდებული ნედლეულით გადამამუშავებლი საწარმოების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს გადამამუშავებლილ მრეწველობის რეაბილიტაციას, რომელსაც შეუძლია საფინანსო ინსტიტუტებსა და ფერმერებს შორის გარკვეული “შუამავლის“ როლის შესრულება. ამით გაიზრდება ფერმერთა ხელმისაწვდომობა საწყის კაპიტალზე.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური ხაზების ლიზინგი
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და აგროსასურსათო პროდუქციაზე ფასების დისპარიტეტის პირობებში სატრაქტორო-სამანქანო პარკის განახლება ნელი ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობის დახვეწით საჭრიოა ხელი შეეწყოს წარმოების საშუალებების ლიზინგის ფართოდ გავრცელებასა და ლიზინგური კომპანიების ინტერესების დაცვას, ქვეყნის ყველა რაიონში და მხარეში სათანადო ორგანიზებული ტექნიკური სერვისის სისტემის ამოქმედებას. შედარებით ნაკლები რისკის გამო, მანქანა-დანადგარების ლიზინგის დაფინანსება ბანკებისათვის ჩვენი აზრით უფრო მიმზიდველი იკქნება, ვიდრე მათი შესყიდვის მიზნით სესხის გაცემა.
- სტაბილური, ხელშემწყობი და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა
- აგროსასურსათო სექტორში საგადასახადო სისტემის სრულყოფის ძირითადი მიმართულებაა საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება და მეწარმისათვის ისეთი ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების სტიუმულირებას და რეგისტრირებულ გადამხდელთა ლეგალიზებას. რადგან სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებში არ არის საკმარისი, შესაძლებელია განხილულ იქნეს სოფლის მეურნეობისათვის დღგ-ს მთლიანი გაუქმების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს მიწის პარცელაციის დაძლევასა და კოოპერაციის განვითარებას. მიზანშეწონილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრა ერთიანი, კონსოლიდირებული გადასახადით. სახელმწიფო რესურსების დეფიციტის პირობებში, სექტორში საბაზრო გარემოს ფორმირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეღავათების სისტემის გამოყენებეაა. აუცილებელია, რომ საგადასახადო განაკვეთები საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ იყოს. პარალელურად, საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ექსტენციის სამსახურის საშუალებით, უნდა მოხდეს ფერმერთა რეგულარული ინფორმირება.
- ეფექტიანი სადაზღვევო სისტემა
აგროსასურსათო სექტორში კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება. დარგის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისათვის აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა სწორად განსაზღვრონ რისკების დონეები, შეარჩიონ სამეურნეო საქმიანობის დასაბუთებული ტაქტიკა.
- აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა
აგროსასურსათო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების შემოდინებისათვის მიმზიდველი პირობების შესაქმნელად აუცილებელია საქართველოს აგროსასურსათო სექტორის პოტენციალის რეკლამირება, იმის ნათლად ჩვენება, რომ ქვეყანაში შესაძლებელია მრავალი სახის ბიზნესის წარმოება ბუნებრივი რესურსების, აგროსასურსათო სექტორის მრავალდარგიანობის, იაფი სამუშაო ძალის, პროფესიული კადრების არსებობის და რაც მთავარია გასაღების ტევად ბაზრებთან სიახლოვის გამო.
- 2. სამეცნიერო უზრუნველყოფა და ექსტენცია
საბაზრო გარემოში ფუნქციონირების მკაცრ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლეხთა (ფერმერთა) სწავლება-კონსულტირებისა და მათთვის ინფორმაციის მიწოდების (ექსტენციის) მწყობრი სისტემის ფორმირებას. აუცილებელია გააქტიურდეს ფერმერების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის მუშაობა; საჭიროა აგრარული განათლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ინტენსიური კავშირების დამყარება ქვეყნისა და საზღვარგარეთის მოწინავე სასწავლებლებთან, ადგილობრივ წარმატებულ ფერმერებთან და მეწარმეებთან.
სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამტკიცებისა და გამოცდილების დაგროვების კვალობაზე, სულ უფრო მზარდ გავლენას მოახდენს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გავრცელება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს მრავალფეროვან რეალობასთან. ამასთან, ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს ამ სფეროში კერძო სტრუქტურების საქმიანობას. აქცენტი უნდა გაკეთდეს რაიონული რგოლების ფორმირებაზე, მათ დაკომპლექტებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაზე. მოთხოვნილების შესაბამისად, პრობლემურ საკითხებზე უნდა მომზადდეს რეკომენდაციები და წინადადებები სათანადო ლიტერატურის გამოცემისა და მეწარმეთა ადგილზე სწავლება-კონსულტირებისათვის.
სხვა ქვეყნებში ანალოგიური სამსახურის გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებლისათვის კონსულტაციები საწყის ეტაპზე უფასო უნდა იყოს. სისტემის ეფექეტიანობის ამაღლების მიზნით, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, კოლეჯების, მოწინავე პრაქტიკოსების ინტელექტუალური პოტენციალი. საჩვენებელი სწავლება-კონსულტაციები უნდა ჩატარდეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეაბილიტირებული საცდელი სადგურების, უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო მეურნეობების, კოლეჯების, აგრეთვე წარმატებული კერძო საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების ბაზაზე.
ხელი უნდა შეეწყოს სხვადასხვა საწარმოო მიმართულებების საჩვენებელი ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებას და წარმატებულ, გამოცდილ ფერმერთა მიერ სხვა ფერმერების კონსულტირებას. ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში ახალგაზრდა ფერმერთა სტაჟირება და შემდგომ მათ მიერ მიღებული გამოცდილების გავრცელება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს წარმოების საშუალებებით მოვაჭრეთა მიერ შესაბამისი კონსულტაციების მოწყობას.
- 3. განვითარებული საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა
საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უზრუნველყოფა;
- ხარისხიანი პესტიციდების, სასუქით და ვაქცინებით უზრუნველყოფა;
- მრავალწლიანი კულტურების ნერგის წარმოების რეაბილიტაცია;
- ერთწლიანი კულტურების მეთესლეობის რეაბილიტაცია;
- მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის რეაბილიტაცია;
- მომარაგების სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერა;
- 4. ბაზარზე ორიენტირებული მძლავრი აგროსასურსათო მრეწველობა
გადამამუშავებლი მრეწველობის განვითარებით ხელი უნდა შეეწყოს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას, საექსპორტო რესურსების ზრდას, ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას, კრედიტებზე ფერმერების ხელმისაწვდომობას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- ვაჭრობისადმი ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება;
- საერთაშორისო სტანდარტები და სერთიფიკაცია;
- გამოფენები, ბაზრობები და მხარდაჭერის სხვა ღონისძიებების მოწყობა;
- ინფორმაცია ბაზრის შესახებ და მისი ანალიზი.
- 5. ალტერნატიული არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილები სოფლად
ხელი უნდა შეეწყოს სოფლად საწარმოო და სოციალური მომსახურების, მატერიალური წარმოების სფეროების განვითარებას, სოფლის მეურნეობიდან მუშახელის გამოთავისუფლების და მათი დასაქმების მიზნით. სოფლად ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ნორმატიული აქტების შემუშავებითა და კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებებების მომზადებით, სახელმწიფო უნდა ეცადოს მიაღწიოს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელშემყობი გარემოს ფორმირებას. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთეს გადამამუშავებელი მრეწველობის სწრაფ რეაბილიტაციაზე. ყოველივე ეს გამოიწვევს არასასოფლო-სამეურნეო ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას. ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მოჰყვება აგროტურიზმის განვითარება, რაც ბიძგს მისცემს სოფლად ეკოლოგიური და ლანდშაფტების დაცვითი ღონისძიებების გატარებას.
მცირე კოოპერირებული საწარმოების განვითარება ხელსაყრელია ბოსტნეულისა და ხილის კონსერვების, ტყემლისა და პომიდორის საწებლის, ჩაის, ღვისნისა და სხვა სახის პროდუქციის წარმოებისათვის. სოფლად მცირე საწარმოთა დაფუძნებისას, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდასთან ერთად, შესაძლებელი იქნება სოციალური საკითხების მოგვარება დამატებითი არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილების შექმნით როგორც უშუალოდ საწარმოში, ისე მისი მომსახურების სფეროში.
საქართველოს გააჩნია ყველა წინაპირობა აგროტურიზმის განვითარებისათვის. მრავალფეროვანი ბუნება, სანადირო და სათევზაო სავარგულები, ტბები და მდინარეები, საექსკურსიო ტრასები, საინტერესო ისტორიული ძეგლები, ორიგინალური და გემრიელი სამზარეულო, მოსახერხებლი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ადვილია გადაკეთდეს საოჯახო სასტუმროებად. შედეგად მცირე თანხების ინვესტირებით მოხდება ფერმერთა (გლეხთა) შესაძლებლობების გამოყენება ტურისტთა ნორმალური ყოფითი სტანდარტების დონეზე, განთავსების, კვებისა და დასვენების ორგანიზაციისათვის, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს მოსახლეობას. ამასთან, აუცილებელია შინარეწვის გაფართოება. მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციას ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
საქართველოში ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების, გლეხური (ფერმერული) მეურნეობისა და საწარმოების სტრუქტურის, მათი შემოსავლიანობის, მეწარმე სუბიექტების მენტალიტეტის, აგრეთვე ქვენყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის არჩეული პოლიტიკის გათვალისწინებით, აგროსასურსათო სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა ტიპის კოოპერატივების და ასოციაციების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება და ინტენსიური ახსნა-განმარტებითი მუშაობა; კოოპერაციის პრობლემების გადასაწყვეტად სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადმიის, უმაღლესი სასწავლებლების ინტელექტუალური რესურსების მობილიზება; სოფლის მეურნეობაში დღგ-ს ზღვარის მოხსნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.
- 6. ფალსიფიცირებული, კონტრაბანდული და დემპინგური პროდუქციისაგან დაცული შიდა ბაზარი
- ვაჭრობის მსოfლიო ორგანიზაციაში (ემო) მიერ დაშვებული ღონისძიებების გამოყენება
ემო-ში გაწევრიანების შემდეგ საქართველო უნდა დაემორჩილოს ამ ორგანიზაციის მიერ აღიარებულ შიდა ბაზრის დაცვის წესებს. მავე დროს, სუბსიდირებულ პროდუქციასთან შედარებით, სამამულო წარმოების ანალოგიური პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობის გამო დღის წესრიგში დგება ადგილობრივი ბაზრის დაცვის აუცილებლობა, რაც შესაძლებელია:
- ემოს-თან შეთანხმებული საბაჟო ტარიფებით;
- სეზონური ტარიფების გამოყენების პროცედურის გამარტივებით;
- სოფლის მეწარმეთა მხარდაჭერისათვის ემო-ს მიერ დაშვებული მწვანე კალათის ღონისძიებებით;
- პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდით და შედეგად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებით;
- ახალი ტექნოლოგიების გავრცელების მეშვეობით პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით;
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ორგანიზაციით;
- ემო-ს წინაშე ფიტოსანიტარული და ვეტერინალური უსაფრთხოების შესახებ აღებულ ვალდებულებათა განუხრელი შესრულებით.
- უნიფიცირებული, გამართული სურსათის უვნებლობის სამსახური და აგროსასურსათო პროდუქციის სასაზღვრო კონტროლი
მსოფლიოში ბიოტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლის გაძლიერების ფონზე, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ვეტერინალური, ფიტოსანიტარული, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის სამსახურების რესტრუქტურიზაცია; უნდა შემუშავდეს ერთიანი სასურსათო უვნებლობის კოდექსი, რომელიც მთლიანად დაარეგულირებს სურსათის უვნებლობასა და ხარისხის საკითხებს, მოაგვარებს პროდუქციის წარმომავლობაზე კონტროლს. უხარისხო საქონლის ბაზრიდან განდევნის მიზნით, უნდა გაგრძელდეს ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა, რაც გამომდინარეობს ემო-ს მოთხოვნილებებიდან; უნდა დაიხვეწოს კერძო ფირმების მიერ სერტიფიკატების გაცემის სისტემა, განისაზღვროს სერტიფიცირებულ პროდუქციაზე კონტროლის მექნიზმები, გადაისინჯოს სტანდარტები, რათა მოხდეს მათი საერთაშორისო და რეგიონალ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.
- სურსათის უვნებლობა Codex Alimentarius-ის (სასურსათო კანონის) შესაბამისად
ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს კონტროლი ადგილობრივი და იმპორტული მცენარეული და ცხოველური პროდუქციის ხარისხზე, საკარანტინო მავნებლებზე, რისთვისაც ეტაპობრივად აამოქმედებს FAO-ს (გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის) და WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის) Codex Alimentarius-ის-ით გათვალისწინებულ, პროდქციის ხარისხის და უვნებლობის უზრუნველმყოფ, სახიფათო ფაქტორის ანალიზისას კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP). შედეგად, ჩატარდება პროდუქციის ხარისხის სრულყოფილი მონიტორნიგი მეურნეობიდან მომხმარებლამდე; გააქტიურდება საქმიანობა ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენისა და შესაბამის სამსახურებთან ერთად, მოქმედი წესების დაცვით, მისი ამოღება-განადგურება.
- 7. შენარჩუნებული აგრობიომრავალფეროვნება
- მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშების დაცვა
საქართველოში გავრცელებულია უნიკალური გენეტიკური თვისების მქონე მრავალი მცენარისა და ცხოველის ენდემური სახეობა და აბორიგენული ჯიში, რომელიც ხასიათდება ადაპტაციის უნიკალური თვისებით, დაავადებისადმი მდგრადობით.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ცხოველების გენეტიკური რესურსების რეესტრის შექმნას და მათი პოტენციური ღირებულების შეფასებას, უზრუნველყოს აღნიშნული რესურსების დაცვა მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის ტრადიციული მეთოდების სრულყოფის პროცესში.
- ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ხელშეწყობა
სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ქმედითი ზომები ეროზიისაგან ნიადაგების დასაცავად, აგრეთვე ბიცობი, მლაშე და სხვა დაბალნაყოფიერი მიწების გასაუმჯობესებლად; მოამზადოს იმ სასუქების სანედლეულო მარაგების საექსპლოატაციო პროექტები, რომლიც ქვეყანაში არ იწარმოება; ექსტენციის სამსახურის საშუალებით, უზრუნველყოს სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნისა და ფერმერთა სწავლების ხელშემწყობი გარემოს ფორმირება.
ქარსაფარი ზოლებით და ტყით დაკავებული ფართობების შემცირების გამო ხდება ნიადაგების სწრაფი ეროზია და მეწყერები. შედეგად, ადგილი აქვს აგროლანდშაფტების დეგრადაციასა და სასოფლო-სამეურნეო ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ამ მოვლენებთან ბრძოლის ქმედითი საშუალებაა ქარსაფარი ზოლების გაშენება. ნიადაგდაცვითი ღონისძიებების საკითხებზე რეგულარულად მომზადდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები.
სოფლად მდგრადი განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საკითხს. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში საქართველოში მოხდა ენერგიის ამ წყაროების შეშით ჩანაცვლება, რამაც ქარსაფარი ზოლების განადგურება და ტყის არასწორი ჭრა გამოიწვია. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ისეთი დამოუკიდებელი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია ენერგიის განახლებადი წყაროების (წყლის, ქარის, გეოთერმული, ბიოგაზის) განვითარებაზე და მისი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაზე.
- ბიომეურნეობები
ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასუქებისა და პესტიციდების გამოუყენებლობის გამო, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის საწარმოებლად. უნდა შემუშავდეს ამ სახის პროდუქციის როგორც ადგილოვრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირების სისტემა. ბიომეურნეობების ორგანიზატორთათვის ხელისუფლებამ, შესაბამის უწყებებთან ერთად უნდა შექმნას სტიმულირების ფორმები მათ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რაც აგრო და ოჯახური ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურსათის უვნებლობა მრავალგანზომილებიანი საკითხია. იგი ერთნაირად მოითხოვს სახელმწიფოს, მომხმარებლების, მწარმოებლების, ფერმერების, მეცნიერებისა და მკველვრების ძალისხმევასა და ურთიერთმხარდაჭერას.
დასკვნა
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამოწვევაა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებისათვის. რეფორმის გზაზე უამრავი გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობა შეიძლება აღმოცენდეს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, თუმცა რეალურად არსებობს ბერკეტები შესაძლო სირთულეების სამართავად. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის მიზანი – მომხმარებელთა უზრუნველყოფა საკვები პროდუქციით, კონკურენტული გარემოს შექმნა, სასურსათო ბიზნესისა და ექსპორტის გაფართოების ხელშეწყობა. ამ მიზნების მისაღწევად კი საჭიროა პოლიტიკური ნება, თანმიმდევრული მიდგომა, მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა, და სახელმწიფოს, კერძო სექტორის, მომხმარებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედება.