საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი, რომელიც თებერვალში გაიმართება. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის საქართველოში ჩამოყალიბდება. პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.
„ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ექსპერტების განცხადებით ნატო-ს საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავზარდოთ. როგორც ცნობილია, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის გაშლის თაობაზე გადაწყვეტილება ნატომ უელსის სამიტზე მიიღო. დეტალური გეგმა შემუშავდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, რომელსაც მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი კურირებდა.
„სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ ხელმძღვანელი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე სერიოზული მუშაობა იქნა გაწეული, სამოქმედო გეგმა დასრულებული იყო.
„მე ვიცი, რომ საკამოდ წინ იყვნენ წასული, მომზადებული იყო გეგმაც, მიხეილ დარჩიაშვილს მიჰყავდა ეს პროცესი. იმედი მაქვს, რომ მუშაობა გრძელდება. ახლა მთავარია თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას. ნატო გვთხოვს, რომ უკეთესი თავდაცვა და უსაფრთხოების სისტემა გვქონდეს.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო ცენტრი ფუნქციური გახდეს. ეს იქნება საქართველოს სასწავალო ცენტრი, რომელსაც უმეტესწილად დააფინანსებს თვითონ საქართველო და ნატოს წევრი ქვეყნის თავდაცვის სამხედრო ძალებს მისცემს საშუალებას, რომ აქ გაიარონ მომზადება, რაც კიდევ უფრო დააკავშირებს და გააღრმავებს ნატოსთან ურთიერთობებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ინფრაქტრუქტურის ნიშნები მოკლე ხანში რეალურად გამოჩნდეს საქართველოში. მისივე განცხადებით, ნატოს საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურის გაშლის თაობაზე გადაწყვეტილება უელსის სამიტზე იქნა მიღებული.
„ამის შემდეგ ნატოელ პარტნიორებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა კონკრეტულ დეტალურ გეგმაზე. ოქტომბრის თვეში, ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში, ბრიუსელში, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის და ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, ბოლო დეტალების შეთანხმება მოხდა. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ პროგრესი და გადაწყვეტილების ერთგულება არსებობს. ახლა მთავარი მისი მყისიერი აღსრულებაა. ეს უმნიშვნელოვანესია, რათა ძალიან მოკლე დროში ნატოს ინფრაქტრუქტურის კონტურები და ნიშნები რეალურად გამოჩნდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მზად არის თავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა გაძლიერებული პარტნიორობის პაკეტის ფარგლებში.
„საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობები გავზარდოთ, ამიტომ, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო მზად არის ნაბიჯი გადადგას და თავისთავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა ამ პაკეტის ფარგლებში. ეს ის პაკეტია, სადაც ვალდებულებები აკისრია ორივე მხარეს. ჩვენ ამას მივესალმებით, მზად ვართ მაქსიმალურად დავაჩქაროთ მისი იმპლემენტაცია. გადამეტებულია ის განცხადებები, რომელიც ნატო-ს ბაზის გახსნასთან დაკავშირებით ე.წ. რისკებს უკავშირდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ საქართველოს პოლიტიკის აგება იმაზე, რომ ნატოს სასწავლო ცენტრმა შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, მართებული არ იქნება. მისივე განცხადებით, ქვეყნამ პოლიტიკა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ააწყოს და მუდმივ კონტაქტში იყოს დასავლელ პარტნორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დაასაბუთოს, რომ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებებს.
„ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიმართულება არის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვა სხვადასხვა პროგრამებში, ეს იქნება საწვრთნელი პროგრამები, ერთობლივი წვრთნები, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საშუალების გამოყენება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ცენტრი უფრო მასშტაბური უნდა იყოს, მისი გამოყენებით უნდა მოხერხდეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცება და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლება და იმ ვალდებულებების შესრულება და ხელშეწყობა, რაც დაგვაახლოვებს ნატოში გაწევრიანების კუთხით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.