აბაშიძით ჩანაცვლებული ოქრიაშვილი და „ნდობის ჯგუფის“ რჩევა პრემიერს

აბაშიძით ჩანაცვლებული ოქრიაშვილი და „ნდობის ჯგუფის“ რჩევა პრემიერს

ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა ჩატარებულია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მოთხოვნა გაგზავნილი, კახა ოქრიაშვილი ჯგუფიდან გაშვებული, ხოლო ზურაბ აბაშიძე დაწინაურებული.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე, აუდიტის სამსახურის 150 გვერდიანი მასალების გაცნობა მოხდა, ხოლო თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან მსჯელობა ე.წ. კაბელების თემაზე გაიმართა.

ნდობის ჯგუფი ოთხი საათის განმავლობაში რა საკითხებზე მსჯელობდა, ეს კანონის რეგულაციებიდან გამომდინარე, ნდობის ჯგუფის წევრებმა არ დააკონკრეტეს, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანეს და პრემიერ-მინისტრს ე.წ. კაბელების საქმეზე მასალების გარკვეული ნაწილის გასაჯაროვება მოსთხოვეს.

როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილის გასაჯაროვება უახლოეს დღეებში მოხდება.

დეპუტატის ცნობით, მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების სურვილი თავდაცვის სამინისტროს თავადაც აქვს, საკითხი კონტრდაზვერვამ უკვე შეისწავლა და თავდაცვის უწყებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.

„იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება. მომხსენებლებს მოვუსმინეთ, ძალიან ბევრი კითხვა იყო და პასუხები მივიღეთ“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის მსგავსად, ნდობის ჯგუფის წევრი, უმრავლესობის ლიდერი მასალების შინაარსზე არ საუბრობს, მაგრამ აქცენტს 2010-2011 წლების მასალებზე აკეთებს.

დავით საგანელიძის ინფორმაციით, მიწოდებულ მასალებში ბევრი ისეთი საქმეა, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ არ უნდა ედოს. კანონმდებელის თქმით, მომავალში საკითხი უნდა დაისვას, რომ რიგ საქმეებს გრიფი მოეხსნას.

„როგორც ჩანს, საქმეებზე გრიფი „საიდუმლოს“ დადება მოდაში იყო. ნდობის ჯგუფში ძალიან ბევრი მასალა არის წარდგენილი და ამ საკითხებზე შეხვედრას გავმართავთ, მანამდე კი, მასალებს უნდა გავეცნოთ. სხდომაზე ნაწილობრივ 2010-2013 წლების მასალები გავიარეთ და ის, რაც 2010-2011 წლებში ხდებოდა, სისხლის სამართლის საქმეს კი არ შეიცავს, არამედ წინ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იქნეს წამოწეული და ბევრ რამეზე, ბევრს პასუხის გაცემა მოუწევს“, - განაცხადა საგანელიძემ, რომლის მსგავსად, მოკლე კომენტარით შემოიფარგლება ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

კანონმდებელის განმარტებით, სასურველია, პრემიერ-მინისტრმა ე.წ. კაბელების საქმის ნაწილი გაასაჯაროვოს, მაგრამ მას ნდობის ჯგუფისგან ამის ვალდებულებაც არ აქვს.

ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებაა, რომ მასალების გასაჯაროვება მოხდეს, ხოლო პრემიერის უფლებაა მას ან დაეთანხმოს, ან არა“, - აღნიშნავს ძიძიგური.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ნაციონალი გივი თარგამაძე უფრო რადიკალური აღმოჩნდა, მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ ნდობის ჯგუფმა კანონის გათვალისწინებით უნდა იმუშაოს და არა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებით.

„თუ ნდობის ჯგუფის მუშაობის პრინციპები დაცული იქნება, მაშინ ნდობის ჯგუფში საქმიანობას გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მუშაობას აზრი არ ექნება და მოვითხოვ, რომ მთავარ ნდობის ჯგუფში გადამიყვანონ, საიადანაც ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციას იღებს. დამერწმუნეთ, იქ უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ისეთ მუშაობას მოვახერხებთ, როგორც ნდობის ჯგუფი უნდა მუშაობდეს და არ უნდა ვიყოთ პროკურატურის, აუდიტის სამსახურის, ან ივანიშვილის დანამატი“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ, რომლისგან განსხვავებით, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, კახა ოქრიაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა. მიზეზი მისი უმრავლესობაში გადასვლაა.

იქედან გამომდინარე, რომ კახა ოქრიაშვილს ნდობის ჯგუფი უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით უკავია, ის მმართველ გუნდში გადავიდა და მას ჯგუფის წევრობაზე უარის თქმა მოუწევს.

ნდობის ჯგუფში შესვლამდე, ოქრიაშვილი აცხადებდა, რომ ის ჯგუფის დატოვებას არ აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სესიაშვილის კაბინეტიდან გამოვიდა, მან for.ge-ს განუცხადა, რომ მას ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს.

ნდობის ჯგუფში პოსტის დაკავებისთვის ზრუნვა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დაიწყეს. როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, კვოტის დაკავების მიზნით, მისი ფრაქცია პარლამენტის ბიუროს 24 ნოემბერს მიმართავს.

ცაგარეიშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის სხდომა მანამ არ უნდა გაიმართოს, სანამ ჯგუფში ახალი წევრის შესვლა არ მოხდება.

„ეს სიტუაციას განმუხტავს და ბევრ უხერხულ კითხვას მოხსნის, რაც ახლა დღის წესრიგში დგას. ყოფილი ნაციონალი ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი გახდა, ნდობის ჯგუფში ამ კვოტას „თავისუფალი დემოკრატები“, კერძოდ, ზურაბ აბაშიძე დაიკავებს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვებისთვის ამზადებდა, მაგრამ ის ნდობის ჯგუფის წევრი გახდება, თუმცა, მანამდე, ამის თაობაზე საკუთარ პოზიციას დამოუკიდებელი დეპუტატები - კობა დავითაშვილი, მურმან დუმბაძე, გია გაჩეჩილაძე და დავით ბეჟუაშვილი დააფიქსირებენ.