„ალასანიას სხვა საქმეები არ უნახავს, რომელსაც გრიფს არ ხსნიან?“

„ალასანიას სხვა საქმეები არ უნახავს, რომელსაც გრიფს არ ხსნიან?“

ნაციონალმა გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოითხოვა, რომ ნდობის ჯგუფმა საქმიანობა წარმართოს ისე, როგორც კანონშია გაწერილი და არა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს მოუნდება. კანონმდებელი ამბობს, რომ თუ ნდობის ჯგუფი ნორმალურ ფუნქციონირებას არ დაიწყებს, მას ურჩევნია იმ ნდობის ჯგუფში გადაიყვანონ, საიდანაც მასალებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.

ნდობის ჯგუფის გარშემო განვითრებული მოვლენების თაობაზე for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:

ნდობის ჯგუფი სხდომა რატომ დატოვეთ, რამ გაგაღიზიანათ?

თუ ნდობის ჯგუფის  მუშაობის პრინციპები დაცული იქნება, მაშინ ნდობის ჯგუფში  საქმიანობას გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მუშაობას აზრი არ ექნება და მოვითხოვ, რომ მთავარ ნდობის ჯგუფში  გადამიყვანონ, საიადანაც ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციას იღებს. დამერწმუნეთ, იქ უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ისეთ მუშაობას მოვახერხებთ, როგორც ნდობის ჯგუფი უნდა მუშაობდეს და არ უნდა ვიყოთ პროკურატურის, აუდიტის სამსახურის, ან ივანიშვილის დანამატი.

აუდიტის სამსახურის მიერ ნდობის ჯგუფისთვის მიწოდებულ მასალებს გაეცანით?

- არ გავცნობივარ, რადგან ამ რეჟიმში რაღაცის წაკითხვა წარმოუდგენელია. უფლება მაქვს, მასალებს ნელ-ნელა გავეცნო და პარალელურად, როგორც ნდობის ჯგუფის  წევრმა დამატებითი მასალები გამოვითხოვო, რასაც აუცილებლად გავაკეთებ და მეცოდინება, რაზე ვილაპარაკო. ამ პროცესში ყველაზე საეჭვო ის არის, აქამდე, ნდობის ჯგუფი რატომ არ ფუნქციონირებდა და მან საქმიანობის დაწყება ე.წ კაბელების საქმის გახმოვანების შემდეგ, რატომ განიზრახა?! ნდობის ჯგუფი მაშინ უნდა შეკრებილიყო, როცა ეს მთავარ პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მოუნდა?! ამას გარდა, როგორც ნდობის ჯგუფის  წევრს, მასალები რატომ არ მომაწოდეს? მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე, უსაფრთხოების ზომები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს ოფისში არავინ მოსულა და ეს საიდან იციან? დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ჩვენს ოფისში უსაფრთხოების ნორმები არსებობს, მათ შორის სეიფები და დაცული ტერიტორიები. მაინტერესებს, ნდობის ჯგუფი საქმიანობის გაგრძელებას რა ფორმატში აგრძელებს - ივანიშვილის დაკვეთები შეასრულოს და მის ხუშტურებზე იაროს?

თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, მასალები ლაშა თორდიას უწყებას აქვს მომზადებული. ამ პროცესებში აუდიტის სამსახურის ჩართვა, რაზე მიუთითებს?

- აშკარად, მცდელობაა კამპანიაში უწყებების ჩართვის გაფართოებაზე. აქამდე, საქმეების წარდგენა პროკურატურის მიერ ხდებოდა, ახლა კი, ამ პროცესებში აუდიტის სამსახური ჩაერთო, რაც პოლიტიკურ დაკვეთაზე მეტყველებს.

დაკვეთა ვისგან მოდის?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისგან. ყოფილმა პრემიერმა გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციებზე გაცილებით მეტი დეტალები იცოდა, ვიდრე ნდობის ჯგუფის  რომელიმე წევრმა. იმ ნდობის ჯგუფში  მაინც შემიყვანონ, საიდანაც მასალებს ივანიშვილი იღებს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას?

- ეს სახეზეა, ერთმნიშვნელოვნად. ალასანიას გადაყენების დღე გახსოვთ? მინისტრის ასეთი მეთოდით გადაყენება ხდება? ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და საფუძველი იმის, რომ პროცედურა სხვანაირი ყოფილიყო.

თუმცა, ალასანიას გადაყენებას წინ მისი სკანდალური განცხადება უსწრებდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი საფრთხის ქვეშ იყო...

- პოსტიდან მინისტრის გაშვება მათი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება იმ სტილში მიიღეს, როგორც ეს ივანიშვილს ახასიათებს - წივილ-კივილი და უზრდელობა. ხელისუფლებას ეს რას მოუტანს, გამოჩნდება.

ირაკლი ალასანია და თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლებიც ადვოკატები ითხოვენ, რომ დაცვის მხარეს მასალები მიეწოდოს. როგორ ფიქრობთ, საქმეს გრიფისაიდუმლოუნდა მოეხსნას?

- ალასანიას სხვა საქმეები არ უნახავს, რომელსაც გრიფს არ ხსნიან? პირად საკითხზე საუბარი მათთვის მომგებიანი არ იქნება. ალასანიამ თქვა, რომ პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს, მაგრამ როცა ეს ადამიანი მთავარ დამკვეთს არ ასახელებს, ეს მისი მხრიდან, არაგულწრფელი გაფრთხილებაა. ალასანიას წინააღმდეგ საქმეების დამკვეთია - ერთი კონკრეტული ადამიანი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.

თქვენ გამორიცხავთ, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?

- სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ არა ფსიქიატრიული განხრით. შესაბამისად, ვერ გეტყვით, სტაფილოს წვენის დალევის შემდეგ, ივანიშვილს თავში რა მოუპრიტინდება. ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ.

თუ ეს მოხდა, მაშინ რას უნდა ველოდოთ?

- ასეთი რაღაც ძალიან ბევრჯერ მოხდა და იმას უნდა ველოდოთ, რაც ამ ყველაფრის გამო ხდება. ქვეყანამ დაკავებების გამო საგარეო კუთხით მძიმე დარტყმა მიიღო. ამ მხრივ, არც ალასანია იქნება გამორჩეული, უბრალოდ, საერთაშორისო პოზიციების დათმობა მოხდება.

თავისუფალ-დემოკარტებთანთანამშრომლობას აპირებთ?

- ჩვენი დღის წესრიგი და დალაგებული პოლიტიკა გვაქვს. თუ რაღაცნაირად ჩვენს დღის წესრიგში მოხვდებიან, ამას ვერ გეტყვით. ამ ჯგუფთან თანამშრომლობის დიდი სურვილი არ გვაქვს.

კახა ოქრიაშვილს ნდობის ჯგუფის  დატოვება მოუწევს, ამას როგორ აფასებთ?

- ყველაფერს თავის ფასი აქვს და უმრავლესობაში მას ფუფუნების ნაწილის დათმობა მოუწევს, რომელიც პარლამენტში აქამდე ჰქონდა.