საარსებო მინიმუმი მაქსიმუმზეა, თუმცა რეალურს 2-ჯერ ჩამორჩება

საარსებო მინიმუმი მაქსიმუმზეა, თუმცა რეალურს 2-ჯერ ჩამორჩება

2015 წლის ოქტომბერში, საარსებო მინიმუმმა, წლის მაქსიმუმს მიაღწია და 160 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. “საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში, საარსებო მინიმუმი - 12 ლარით, სექტემბერთან შედარებით კი 4,8 ლარით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 142,3 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ კი - 269,5 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 142,3 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი - 378 ლარით. საარსებო მინიმუმის ზრდას, როგორც წესი, პოდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს. 2014 წლის შემოდგომაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სოფლის პროდუქტები 20-დან 100 პროცენტამდე გაძვირდა. გაორმაგებულია ფასები კარტოფილსა და პომიდორზე, ფასის 25-პროცენტიანი ზრდა კი, ხორცსა და ყველზე აღინიშნება.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის აზრით, უკვე მოვიდა დრო, რომ საარსებო მინიმუმის ანგარიშისას სურსათის წილი შემცირდეს, რაც ნიშნავს, რომ არასასურსათო საქონლის შესაძენად განკუთვნილი თანხის რაოდენობა გაიზრდება.

„საარსებო მინიმუმს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ანგარიშობენ. მაგალითად, მოწინავე ქვეყნებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობას ითვლიან. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც - მსოფლიო ბანკი იყენებს ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა საშუალო სულადობრივი შემოსავალი დღე-ღამეში 2 დოლარის ოდენობით, ანუ ადამიანი, რომელსაც თვეში 60 დოლარის შემოსავალი აქვს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად არ უნდა ჩაითვალოს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - როდესაც საარსებო მინიმუმს მოსახლეობის თვითშეფასების მიხედვით განსაზღვრავენ: გააჩნია რომელ ფენას მიაკუთვნებს ადამიანი თავის თავს - ღარიბს, მდიდარ, თუ საშუალო ფენას.

საქართველოში კი, ე.წ. ნორმატიულ სტატისტიკურ მეთოდს იყენებენ: აქ აღებულია პროპორცია 70:30-ზე ანუ 70 პროცენტი მოდის სურსათზე, ხოლო დანარჩენ მომსახურებაზე - 30 პროცენტი, რაც არასწორია. მე ვფიქრობ, რომ ეს “მაგიური” რიცხვები უნდა შეიცვალოს”, - აცხადებს არჩვაძე.

ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის საკუთარი რესურსებით საარსებო მინიმუმის ალტერნატიულ კვლევას აწარმოებს, რომელსაც უახლოეს დღეებში წარუდგენენ საზოგადოებას და რომლის მიხედვითაც, საარსებო მინიმუმი 315 ლარს შეადგენს.

ცენტრის ხელმძღვანელის ქეთი კრიალაშვილის განცხადებით, ალტერნატიული დათვლის შესახებ იციან მთავრობაშიც, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრმაც. ისინი გარკვეულწილად ეთანხმებიან, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი რეალობასთან შეიძლება არ იყოს ახლოს, მაგრამ ჯერჯერობით, მთავრობა არ აპირებს საარსებო მინიმუმის გადახედვას, რადგან პოლიტიკური და ფინანსური ნება არ არსებობს.

ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ალტერნატიულ დათვლაში სასურსათო კალათა 2300 კილო კალორიიდან 2500 კილო კალორიამდეა გაზრდილი.

კრიალაშვილი “კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მან გამოითხოვა ინფორმაცია “საქსტატიდან” სასურსათო პროდუქტების შესახებ. მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არის მთელი რიგი პროდუქტები, რომლის ფასებიც “საქსტატმა” არ იცის, რადგან ამ პროდუქტებზე კვლევას არ აწარმოებენ. ამ შემთხვევაში კი საკითხავია, როგორ ითვლის “საქსტატი” საარსებო მინიმუმს.

ეკონომიკის პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის გაანგარიშებით კი საარსებო მინიმუმი 315 ლარია, საიდანაც 55% მოდის კვებაზე და 45% - არასასურსათო კალათაზე. კრიალაშვილის მტკიცებით ეს მაჩვენებელი რეალობასთან მიახლოებულია, რადგან თავად დადიან ბაზრებში და ფასები დადენილი აქვთ.