ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, რატომ ცხოვრობს უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, რატომ ცხოვრობს უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს“,- ასეთია ევროპარლამენტის პრეზიდენტის სახელით გამოგზავნილი წერილის შინაარსი.

ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ მათთვის ცნობილია იმ უამრავი საჩივრის შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში უკანონოდ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. წერილში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში საკუთრების უფლების სადავო საკითხებთან დაკავშირებულ პროცესს და გამოხატულია ინტერესი, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო როლანდ ბლადაძის (ვის სახლშიც გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს) საქმესთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებების გათვალისწინებას.

„რესტიტუცია (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ“, - მიიჩნევენ ევროპარლამენტარები. ანგარიშში მითითებულია, რომ მთლიანი კომპენსაციის მიღება რთულ საკითხად რჩება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი შემთხვევების გამკლავების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს რეალური მექანიზმი. აგრეთვე, შესაძლებელია, საკითხთან დაკავშირებით, არსებული კანონმდებლობა გადაიხედოს.

რაც შეეხება როლანდ ბლადაძის სადავო სახლს, იგი ბათუმში, გორგილაძის 37 ნომერში მდებარეობს. აღნიშნული საცხოვრებელი გიორგი პაპუაშვილს 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად გადაეცა.

მანამდე კი აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს ნაციონალებმა საქმე აღძრეს როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ, რომელიც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ბლადაძეს ბრალი სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვაში ედებოდა, რის გამოც კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. მათ შორის, კონფისკაციას დაექვემდებარა აღნიშნული ბინაც, სადაც გამოსახლებიდან 8 თვის შემდეგ, რემონტი დაიწყო და პრეზიდენტმა იგი პაპუაშვილს გადასცა. დღეს ეს ბინა სწორედ გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში ირიცხება.

ბლადაძეების ოჯახის ადვოკატმა ნანა წულაძემ ევროპარლამენტიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ For.ge-სგან შეიტყო. მანვე განმარტა, რომ, თუ წერილში მართლაც როლანდ ბლადაძისთვის ქონების ფაქტია ნახსენები, მაშინ ეს წერილი ამ ქონების დაბრუნების საწინდარი უნდა გახდეს. თუმცა საქმე ამჟამად უზენაეს სასამართლოშია და, თუ ეს ზემდგომი სასამართლოც არ დაუბრუნებს ქონებას ბლადაძეებს, მაშინ საქმე სტრასბურგამდე გაგრძელდება.

როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ დევნა რატომ დაიწყო? მისი სახელი ნაციონალებმა ასლან აბაშიძეს ხომ არ დაუკავშირეს?

- მოგეხსენებათ, როლანდ ბლადაძე სარფის საბაჟოზე მუშაობდა. მაშინ ყველა, ვინც კი აჭარაში რაიმე თანამდებობაზე მოღვწეობდა, ასლან აბაშიძესთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა. სინამდვილეში, ბლადაძეს არანაირი შემხებლობა ასლან აბაშიძესთან არ ჰქონია. იმ დროს ადამიანს სისხლის სამართლის საქმეებს აღუძრავდნენ და შემდეგ უკვე ადმინისტრაციული წესით შეჰქონდათ სარჩელები ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის ეს პროცედურები გადაჯაჭვული იყო ადმინისტრაციულ სამართალთან. ამას ერქვა დაუსაბუთებელი და უკანონოდ შეძენილი ქონებების ჩამორთმევა. ქონება, რომელიც ჩამოერთვა როლანდ ბლადაძეს, 1998 წელს იყო შეძენილი და სარფის საბაჟოზე მაღალ თანამდებობაზე მუშაობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, რადგან თანამდებობაზე იგი მოგვიანებით დაინიშნა.

რატომ გადაუფორმა ქონება, ეს ადამიანი დაიჭირეს?

- არა, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და, ასევე, დაუსწრებლად ჩამოერთვა ქონება ისე, რომ სასამართლოზე არც წარმომადგენელი ჰყოლია და არც ოჯახმა იცოდა ამის შესახებ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მოტივით. ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, რაც 2013 წლის აპრილის დადგენილებით დადასტურდა, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ აღნიშნულ საქმეში ბლადაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია და შეწყდა საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

გიორგი პაპუაშვილის მხარე თავს იმართლებს, რომ ეს ქონება პრეზიდენტის ბრძანებულებით სიმბოლურ ფასად გადაეცა და აქ არანაირ ძალმომრეობას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს იყო სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სპიკერ ზვიად სირაბიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებული იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები საცხოვრებელი ფართებით უზრუნველეყო. შესაბამისად, გიორგი პაპუაშვილიც ამ ბინით დაკმაყოფილდა.

- მართალია, ისინი თავს იმართლებენ, რომ პაპუაშვილს პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით მიეცა ქონება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბატონმა პაპუაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ქონება ჩამორთმეული იყო. ისიც კარგად უწყოდა, რომ ეს იყო უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და მანამ, სანამ ეს ქონება გადაეცემოდა პაპუაშვილს, პრეზიდენტიდან დაწყებული, ეკონომიკის სამინისტრომდე, აბსოლუტურად ყველას მივმართეთ და ვწერდით, რომ ეს იყო უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და მისი შემძენი ვერასოდეს კეთილსინდისიერი ვერ გახდებოდა. უფრო მეტიც, სანამ ბინა გადაეცემოდათ, ისინი ნახულობდნენ ამ ბინებს. ისინი ჩავიდნენ ბათუმში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბინები გადაცემული არ ჰქონდათ. ეს მარტო პაპუაშვილს არ ეხება, საკონსტიტუციოს სხვა წევრებსაც ეხებათ. ასევე, ცნობილია, რომ პაპუაშვილი თავად ნახულობდა და ირჩევდა ბინას, თუ რომელში უნდა შესულიყო.

რამდენიმე თვის წინ როლანდ ბლადაძის მეუღლემ, მარინა ესელიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამჟამინდელ ბინასთან აქცია გამართა, სახელწოდებით - „წადი ჩემი სახლიდან“. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ აქციას გიორგი პაპუაშვილის მხრიდან?

- პაპუაშვილის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა. ჩვენ ახლა უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული ყველა ის აქტი, რის საფუძველზეც გადაეცა პაპუაშვილს ბინა. მის ბათილად ცნობას ვეცდებით. პროკურატურაში სარჩელი არ შეგვიტანია, რადგან ეს არის სამართლებრივი აქტები და სამართლებრივი გზით მივმართავთ უზენაეს სასამართლოს.

ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი გზავნილი რას შეცვლის ამ საქმეში?

- უზენაეს სასამართლოს შეუძლია, ეს რეკომენდაცია გამოიყენოს და დაადგინოს, რომ რაც ჩამოერთვა ბლადაძეს, სრულიად უკანონოდ აქვს პაპუაშვილს მითვისებული. ამან, წესით, უნდა შეცვალოს ჩვენი საქმე.

მართალია, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად რუსეთში ლტოლვილის სტატუსით სამ შვილთან ერთად ცხოვრობს?

- ლტოლვილის სტატუსით არ ცხოვრობს რუსეთში, მაგრამ, ფაქტობრივად, საქართველოდან დევნილია, რადგან მას აქ ჩამოსასვლელი და საცხოვრებელი არ აქვს.

მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ბათუმში მდებარე ამ ბინის ხელში ჩაგდებით იყო განპირობებული?

- ეს ბინა საკმაოდ ძვირადღირებულია, დაახლოებით 200 ათას დოლარამდეა. კიდევ აქვს დამატებული სართულნახევარი. სხვათა შორის, მაშინ როლანდ ბლადაძე მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ამ წესით ართმევდნენ ქონებებს. სხვანაირად, ეს ქონებები ვერ მიჰქონდა იმდროინდელ ხელისუფლებას. ვინ ვინ და, თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი უნდა იცავდეს ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებს. გამოდის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავად არღვევს სხვის კონსტიტუციურად აღიარებულ უფლებებს.