გაძლებს თუ ვერა - ნოემბრის სინდრომი ლარი კურსისთვის

გაძლებს თუ ვერა - ნოემბრის სინდრომი ლარი კურსისთვის

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაა მოსალოდნელი. ნოემბერ-დეკემბერში ლარზე ზემოქმედება გაიზრდება. კურსის მერყეობა უკვე დაწყებულია. საერთოდ ასეთი მოვლენები ყოველი წლის ბოლოს აღინიშნება, მაგრამ განსაკუთრებული გავლენა კურსზე ორჯერ მოახდინა - 2008 წლის ნოემბერში და 2013 წლის ნოემბერ დეკემბერში. გამოდის, რომ წლის მიწურული ეროვნული ვალუტისთვის ყოველთვის სახიფათო პერიოდია.

წლის ბოლომდე მიმოქცევაში დიდი რაოდენობით ლარის გამოსვლა, უცხოური ინვესტიციების დეფიციტი, ფულადი გზავნილების შემცირება - ეს ფაქტორები ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურად მოქმედებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ვერც ინვესტიციის სიმრავლით დაიკვეხნის. გარდა ამისა, შემცირებულია ფულადი გზავნილებიც (ბოლო თვეებში). შესაბამისად, ლარის კურსის გაუფასურების საფუძველი ახლაც არსებობს.

შარშან ლარის სწრაფი გაუფასურება სწორედ ნოემბრიდან დაიწყო (სასტარტო კურსით 1,66) და იანვრის ბოლოს ეროვნული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ 1,79 ლარსაც კი მიაღწია. იგივე მოვლენებს ჰქონდა ადგილი 6 წლის წინაც. მაშინ ეროვნული ვალუტა 1,44-ის ნიშნულიდან ერთბაშად 1,65-მდე ავარდა. ახლა ლარი დოლართან მიმართებაში 1,75-დან დაიძრა, ამჯერად 1,765-ის ფარგლებშია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ლარის სტაბილურობას წლის ბოლოსთვის საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოში 1997 წლიდან მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით - მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. შესაბამისად, ლარის კურსის შესაძლო ცვლილების გასაანალიზებლად საჭიროა იმ მიმართულებების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის (დოლარის) შემოდინება-გადინებაზე.

„ჩვენი ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ წლის ბოლოსთვის ლარის სტაბილურობის თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ამის საფუძველს ქმნის ექსპორტის ზრდადი ტენდენცია, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანის მნიშვნელოვანი წყაროა, პირველ ცხრა თვეში ექსპორტი გაზრდილია 7%-ით.

2014 წლის პირველ ნახევარში 43%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, საბანკო სექტორის გამოკლებით (ვინაიდან, საბანკო სექტორში მოხდა ინვესტიციების „გაპორტფელურება“, რამაც პირდაპირი ინვესტიციების კლების ეფექტი შექმნა).

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია მთლიანი საგარეო ვალი, რომლის ნამეტმა 2014 წლის პირველ 2 კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 167 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება მოხდა.

ლარის სტაბილურობის ასევე მნიშვნელოვანი გარანტიაა ფულადი გზავნილები, რომლის მოცულობამაც 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,078 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 6 მილიონი დოლარით აღემატება“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნოდარ  ჭიჭინაძემ.

გარდა ამისა, 2014 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, შარშნდელთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები 22%-ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი - 21%-ით. „აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 65%-ით არის გაზრდილი, რაც ლარის მიმართ ნდობის ამაღლების მანიშნებელია. ამავე დროს, ამ ტენდენციაში ირეკლება საზოგადოების პოზიტიური მოლოდინებიც ლარის კურსთან დაკავშირებით, რაც კურსის სტაბილურობის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებში ტურიზმი უცხოური ვალუტის შემომტანი მნიშვნელოვანი წყაროა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 1 932 492 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია“, - აცხადებენ აფბა-ში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ახალგაზრდა ფინანსიტები მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ლარის გაუფასურება არ მოხდება და მოსახლეობას საფრთხის შეგრძნების საფუძველი არ უნდა ჰქონდეს.