დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ უკვე ახალი ტონალობა ისმის - „მოშორდი უკრაინიდან“, - ასე მიმართა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავსტრალიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტზე მისალმებისას. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ ებოლას ცხელება და რუსეთი ერთნაირად ემუქრება მსოფლოს. კრიტიკულია გერმანიაც. მიაღწევს თუ არა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა პიკს და რა ტიპის სირთულეებია მოსალოდნელი საქართველოსთვის, ამ თემაზე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.
კორნელი კაკაჩია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთში უკვე ყალიბდება კონსოლიდირებული აზრი რუსეთსა და პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით. ეს პროცესი ბოლომდე არ არის მისული, თუმცა ჩანს, რომ ძირითადი კონტურები არსებობს, რის გარშემოც დასავლეთი გაერთიანდა. რაც ყველაზე გასაოცარია, ისეთი სახელმწიფოების ლიდერების ტონიც კი, როგორიცაა გერმანია, აშკარად რადიკალური გახდა, ასევეა ობამას შემთხვევაშიც, რომელიც მაინც და მაინც მკვახე გამონათქვამებით არ იყო ცნობილი, იგივე შეიძლება ითქვას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც შეიძლებოდა, სხვა დროს ასეთი აქტიურობა არ გამოეჩინა.
მთლიანობაში რაც იკვეთება - საერთაშორისო თანამეგობრობა ირაზმება იმ იდეის გარშემო, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის, პუტინის რეჟიმის შეჩერება და ეს დამოკიდებულება იკვეთება თითქმის ყველა ლიდერის პოზიციაში.
ამ ფონზე რამდენად შეიძლება რუსეთის სრულ იზოლაციამდე მივიდეს საქმე?
- სრული იზოლაცია ალბათ რთულია, ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკის მოდელიდან გამომდინარე, რადგან ქვეყნების ეკონომიკები იმდენად არის გადახლართული ერთმანეთში, მათ შორის, ევროპული და რუსული, რომ მთლიანად იზოლირება შეუძლებელია.
შესაძლებელია პოლიტიკური იზოლირება, მაგრამ ეკონომიკურად, ალბათ, უფრო გაჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია პუტინის შემდგომ ნაბიჯებზე, იმაზე, უკრაინაში კიდევ არევს თუ არა სიტუაციას.
მას უთხრეს ამ დღეებში, რომ აუცილებლად გამკაცრდება სანქციები, რაც იმაზე მტკივნეული იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, ვიდრე აქამდე იყო. სხვა საკითხია, პუტინი ამ ყველაფერს რამდენად გაითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთი ამ სანქციებთან დაკავშირებით არ გაჩერდება. ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი მზად არის, იარაღი და საკუთარი ჯარი გაგზავნოს უკრაინის ან საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკურ ზეწოლას კვლავ გააგრძელებენ.
თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პასუხებს, ამაზე ლავროვმაც ისაუბრა და პუტინმაც, რომ დიდად არ ინაღვლებენ თუ სანქციებს არ მოუხსნიან და ცივი ომის ინიციატორი თავად დასავლეთია - ამ განცხადებებიდან გამომდინარე, რამდენად იგრძნობა მზაობა, რომ რუსეთი საერთოდ რაიმე დათმობაზე წასვლას აპირებს?
- ამაზე საუბარი ძალზე რთულია და ლავროვს სხვა განცხადების გაკეთების უფლება, ალბათ, არც აქვს - რუსეთი სხვა პოზიციას ვერც დააფიქსირებს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხომ იცის, რეალურად რაც ხდება.
ამ განცხადებებით რუსეთის ხელმძღვანელობამ შეიძლება, საკუთარი მოსახლეობის ნაწილი მოატყუოს - ჯერჯერობით ამას ახერხებს კიდეც უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება და რეალური შედეგები დადგება, ესეც გაუჭირდება. ამ შედეგების დადგომას რამდენიმე წელი დასჭირდება - ექსპერტულ წრეებში ფიქრობენ, რომ სადღაც 2015 წლისთვის უკვე რეალურად იქნება გამოხატული კრიზისის ნიშნები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ძალიან დიდი დროა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა.
რაც შეეხება რუსეთის მზაობას დათმობებითვის, ყველაზე ცუდი ის არის, რომ დასავლეთში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი აზრი - კი, ყველა თანხმდება, რომ ეკონომიკური სანქციები უნდა დააწესონ, მაგრამ იმაზე ვერ შეთანხმდნენ და არ ჩანს საერთო აზრი, რომ თუ რუსეთი, დავუშვათ, თეორიულად, წამოვიდა დათმობაზე, რას მოითხოვს დასავლთი მისგან? ეს არის ყირიმიდან გასვლა, აღმოსავლეთ უკრაინიდან გასვლა რუ სხვა რამ? - როდესაც გაურკვეველი მიზნებია, ესეც აფერხებს ამ სიტუაციას.
რუსეთი, როგორც ჩანს, ყველაფერს არ დათმობს და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნება. თუ სანქციებმა შედეგი გამოიღო, რუსეთს, ალბათ, მოუწევს დათმობებზე წასვლა, თუმცა გარკვეული დათმობები შესაძლოა დასავლეთსაც მოუხდეს. თუმცა კიდევ ვამბობ, როდესაც დასავლეთის კონკრეტული მიზნები არ ჩანს, ძნელია განსაზღვრო, როგორ შეიძლება, დამთავრდეს მოლაპარაკებები.
სამაგიეროდ, რუსეთის პოზიცია ჩანს მკვეთრად, მას აღიზიანებს ნატოს საწვრთნელი ბაზები და პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა - „რუსეთის საწვრთნელი ბაზებია მთელ მსოფლიოში განლაგებული თუ ნატოსი“ - რამდენად შეიძლება, აღნიშნული საკითხი გახდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის სალაპარაკო თემა?
- ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით უჭირს რუსეთს, განსაკუთრებით უჭირს ამერიკელების დათანხმება, მაშინ, როდესაც ევროპელების ნაწილთან ეს პრობლემა არ არის და ბოლო პერიოდში ისეთი ნიშნებიც ჩანს, რომ რუსეთის დიპლომატია ცდილობს, ევროკავშირი ჩაითრიოს მოლაპარაკებებში უკრაინასთან დაკავშირებით, ხოლო საპირწონე იყოს ევრაზიული კავშირი.
ეს ძალზე ცუდი პრეცედენტი იქნება და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ეს რუსული დიპლომატიისთვის მისაღები ფორმულაა - ევრაზიის კავშირი, რომელიც დღეს ქაღალდზეა და სულ რამდენიმე სახელმწიფოს შესაძლო გაერთიანებაზეა საუბარი, სურთ წარმოსახონ ევროკავშირის საპირწონედ, ისევე, როგორც ნატოს საპირწონედ წარმოსახავენ „ოდკბ“-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია).
ამას თუ მიაღწია რუსულმა დიპლომატიამ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ძალზე ცუდი მაგალითი იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ რუსეთს აქვს გავლენის სფეროები. რაც მთავარია, მას აქვს ბერკეტები ამ ორგანიზაციების სახით და გეგმაც - როგორ უნდა მოახდინოს უახლოესი მეზობლების ჩართვა ამ ორგანიზაციებში.
ევროპა რამდენად არის ამაზე წამსვლელი?
- ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ევროპელი ამ საკითხს განიხილავს. რა თქმა უნდა, არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო აზრი, მაგრამ არსებობს რიგი ევროპული ძალები, რომლებიც თვალს დახუჭავენ ყველაფერზე, ოღონდ კი კონსენსუსს მიაღწიონ.
შეერთებული შტატების პოზიცია განსხვავებულია, მისთვის ეს პოზიცია მიუღებელია და ეს აღიზიანებს რუსეთს - მას სურს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ამერიკა იხილოს, მან აღიაროს რუსეთის გავლენის სფეროები პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რასაც ამერიკა შეგნებულად არ აკეთებს.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი. ეს ნიშნავს თუ არა, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი კვლავ ხისტ პოზიციას გამოავლენს?
- როგორც კი ეს საკითხი გააქტიურდება, უნდა ველოდოთ, რომ მაშინვე გააქტიურდება ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციის საკითხი რუსეთთან. ის, რაც აფხაზეთთან დაწყებულია და დაძრულია, ალბათ, საბოლოოდ შეიძლება გაფორმდეს. რაც უფრო წინ წავა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მით უფრო გაქტიურდება რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.
დასავლეთისგან რა ტიპის დახმარების იმედი შეიძლება გვქონდეს ასეთ სიტუაციაში?
- დასავლეთს შეუძლია ერთი - არ აღიაროს და ამას აკეთებს კიდეც, შუძლია ზეწოლაც მოახდინოს, მაგრამ კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის შესაცვლელად არც მას და არც ვინმე სხვას ბერკეტები არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გვექნება, მაგრამ ის, რომ რეალური სიტუაცია შეიცვალოს, ეს არ იქნება იქამდე, ვიდრე თავად რუსეთში არ შეიცვლება სიტუაცია - რეჟიმის შეცვლა ან ტრანსფორმაცია არ მოხდება, რომლის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.
ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ოპტიმალური პოზიცია რა შეიძლება იყოს?
- ალბათ, მეტი სინქრონიზაცია აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ისეთ სიტუაციაში არიან, როგორშიც საქართველოა. ასევე სასურველია უფრო მეტი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატოსა და განსაკუთრებით, ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე აუცილებელია მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც რაღაცნაირად უზრუნველყოფს, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს პირველი დარტყმის მიმღები, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
რა იგულისხმება პირველ დარტყმაში?
- როგორც კი რუსეთმა იმპერიული თამაშები დაიწყო, პირველი ომი საქართველოსთან ჰქონდა. ამ შემთხვევში, უკრაინაა მისი მსხვერპლი. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი - მოლდოვა, ყაზახეთი, საქართველო თუ რომელი ქვეყანა?!
ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო არ აღმოვჩნდებით, თუ სიტუაცია დაიძაბა. ამიტომაც არის სინქრონიზაცია საჭირო ჩვენს მეზობლებსა და მოკავშირეებთან რუსეთის პოლიტიკის ბალანსირების თვალსაზრისით.