სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების მოკვლევა დაწყებულია. გიორგი ბადაშვილის უწყებაში არ აკონკრეტებენ თავდაცვის სამინისტროს გარდა, კიდევ რომელი უწყების მიმართ იკვეთება სისხლის სამართლებლივი დანაშაული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, მაგრამ ათობით მილიონი ლარის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც.
„მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ“, - აცხადებს ლაშა თორდია.
გენერალური აუდიტორის განმარტებით, დარღვევები ფიქსირდება სხვა, შედარებით ნაკლებბიუჯეტიან უწყებებშიც, როგორიც არის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სადაც თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ფაქტებში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები.
„საუბარია სპორტული მოედნების მოწყობაზე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება უზუსტობები, რაზეც, ალბათ, პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გვექნება კონკრეტულ თანხებზე ინფორმაცია. დარღვევები ჩანს განათლების სამინისტროშიც, მაგალითად, მერხების შესყიდვისას (შაშკინის მინისტრობის პერიოდი), პროკურატურაში გადავგზავნეთ რამდენიმე თვითმმართველობის მიერ სავარაუდო კანონდარღვევის შემცველი მასალებიც“, - განმარტავს ლაშა თორდია „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას არ აქვს ინფორმაცია რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. ლევან იზორია ამბობს, რომ შიდა აუდიტი უწყებაში ნახევარი წელია მუშაობს, ხოლო აუდიტის სამსახური ყოველ წელს მუშაობს. კონკრეტულად რა დარღვევებზე საუბრობდა გენერალური აუდიტორი, იზორიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
აუდიტის სამსახური ჯერ კიდევ მუშაობს ლტოლვილთა და გასანხლების სამინისტროში.
სოზარ სუბარის განცხადებით, მის უწყებაში აუდიტის სამსახური რამდენიმე თვეა, მუშაობს და შემოწმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. სუბარის განცხადებით არ არსებობს უწყება სადაც დარღვევები არ იქნება.
„აუდიტის სამსახურსა და დევნილთა სამინისტროს შორის ჯერ კიდევ ჩემს მისვლამდე იყო დაწყებული მიმოწერა. მივედი თუ არა, მაშინვე გავაგზავნე წერილი და შემოსვლა ვთხოვე. შევუქმენით ყველა პირობები და ამ წუთში ისინი მუშაობენ. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უწყება, სადაც არ იქნება დარღვევები, უბრალოდ, გააჩნია მის ტიპს. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი რა ტიპის დარღვევებზეა ჩვენს სამინისტროში საუბარი, რადგან აუდიტის სამსახურს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია. შემოწმება დაახლოებით ბოლო სამი წლის ყველა მიმართულებას, ყველა სფეროს მოიცავს. თუმცა, სადაც ნახავენ, რომ უფრო ადრინდელ პერიოდზეა საჭირო გაყოლა, უფრო შორსაც მიდიან და უფრო ძველ საქმეებსაც ნახულობენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ძალიან დიდი ხანია, არ შემოწმებულა, რაც არანორმალურია. „შემოწმები უნდა ხდებოდეს მუდმივად, პერმანენტულად, რათა არ დავუშვათ შეცდომები და არ იქნას ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
for.ge-ს ინფორმაციით სწორედ შეცდომებს და ფინანსურ გადაცდომას უკავშირდება დევნილთა მინისტრის, დავით დარახველიძეს და გარემოს დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლებამ დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.
„კვირის პალიტრის“ცნობით: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სავარაუდო დარღვევები თავდაცვის სამინისტროს შპს „საქართველოს კვების“ კომპანიაში დააფიქსირა. დარღვევები იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტ „დელტაშიც“, თუმცა ანგარიშს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ასევე, არ არის გამორიცხული, სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა - სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია „არპანივი“ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტრირდა და გაიმარჯვა კიდეც“, - წერს გამოცემა.
საქმის კომენტირებისას „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს: „მოსალოდნელია, შაბიამნის პარტიის შესყიდვაზე ძალიან სერიოზული მასალები დაიდოს“.
„ეს არის გაგრძელება იმ ისტორიის, რაც დაწყო კაბელების საქმით, რომელსაც მოყვა ექიმების საქმე, შემდგომ შესაძლოა, იყოს ჩასაცმელის საქმეც. ახლა საუბარია საბურავებზე, აკუმულატროებზე, ალბათ, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება შაბიამანის პარტიის შესყიდვაზე ძალიან სერიოზული მასალები. ეს იმ ტიპის საქმეებია, რომელიც ყველა კითხვას სცემს პასუხს - ეს არის ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური საქმიანობის და გუნდის გააქტიურების წინააღმდეგ აგორებული ძალიან სერიოზული კამპანია“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის - ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში მყარი მტკიცებულება არ გააჩნია.
„როგორც ჩანს, ამ საქმეში პროკურატურას მთლად დალაგებულად არ აქვს საქმე. ის, რომ სხვა სამინისტროებშიც და მათ შორის შსს-ში არის გარკვეული გადაცდომები და მოდით ახლა ამაზე ვილაპარაკოთ, ეს არის ფასადური სამართლიანობა. მეც თქვენთან ერთად დავითვლი რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ისე, რომ ადვოკატებს არ მიეცეთ მათი გაცნობის უფლება და რამდენად პოლიტიზირებული იქნება ესა თუ ის თემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.