შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შსს-მ ხმოვანი ვერსია შექმნა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შსს-მ ხმოვანი ვერსია შექმნა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის,  კერძოდ უსინათლოთათვის და მხედველობა დაქვეითებული პირებისთვის, დღეიდან შსს-ს ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად www.police.ge-ის სპეციალური ხმოვანი ვერსია ამოქმედდა. პროექტი, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოამზადა. შსს-ს ინფორმაიცით, ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსიის შექმნის მიზანია, www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი.

პროექტი პასუხობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გამოწვევებს, კერძოდ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც ვალდებულების სახით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს“  2014-2015 წლის სამოქმედო გეგმაშია შესული.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობას და სამინისტროს მიმართ ნდობის გაღრმავებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საჯარო მომსახურების დახვეწა.

შსს-ს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მომზადდა ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge. ახალი ინფორმაცია, რომელიც განთავსდება police.ge-ზე ავტომატურ რეჟიმში გადავა voice.police.ge-ზეც. ხმოვანი ვებ-პორტალი ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი არის უნიკალური და საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსია შექმნა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელის ირინა ვადაჭკორიას განცხადებით, უწყება მზად არის სხვა უწყებებსაც შესთავაზონ მათი გამოცდილება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ-გვერდის ადაპტირების პროექტი შემუშავდა და ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტთან და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან - ბექა გოზალიშვილთან და ვლადიმერ ურდულაშვილთან ერთად.

„უსინათლოებისთვის   სპეციალურად შექმნილი ეს სისტემა არის მარტივი იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე ღილაკის კომბინაცია არის საჭირო იმისათვის, რომ მთელი გვერდი დაათვლიერონ, მოიძიონ, შესაძლებლობის შემთხვევაში წაიკითხონ, ან მოისმინონ მასზე არსებული ინფორმაცია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის  წარმომადგენელმა  დავით ყიფშიძემ.

„აქამდე დამატებითი შიფტები უნდა დაგეყენებინა, მაგრამ ბოლმდე მაინც ვერ ვიღებდით ინფორმაციას. ახლა კი უკვე სრულყოფილად ვიღებთ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრი ვლადიმერ ურდუმაშვილი.