ვაუჩერი ყველასთვის, მხოლოდ აპრილამდე

ვაუჩერი ყველასთვის, მხოლოდ აპრილამდე

მერიის ვაუჩერული რებუსი ისევ გრძელდება. მიიღებს თუ არა კომუნალურ სუბსიდიას ქალაქის მოსახლეობა, ეს თითქოს გადაწვეტილია, მაგრამ ახლა მისი ხანგრძლივობა და მოცულობაა საკამათო. მორიგი მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქელები ვაუჩერს 2015 წლის მარტის ჩათვლით მიიღებენ, შემდეგ კი სპეციალური კომისია დაადგენს ვის რამდენი ეკუთვნის.

თბილისის საკრებულოს ნაცმოძრაობის დეპუტატი თამაზ შოშიაშვილი ირწმუნება, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური სტატუსის არმქონე პირებისთვის კომუნალური ვაუჩერის დაფინანსების მოცულობა 50 ლარამდე მცირდება.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და მოსახლეობა მოტყუებულია. დავით ნარმანიას მიერ 14 ნოემბერს წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ითვალისწინებს, თუნდაც, მის მიერ 11 ნოემბერს დასახელებულ პროგრამებს. მაგალითად, კომუნალურ ვაუჩერს, რომელიც 100 ლარის ოდენობით ერიცხებოდა თბილისის მოსახლეობას, მომავალი წლიდან განახევრდება და მხოლოდ 50 ლარი იქნება. ასევე, 70 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდა საფრთხის ქვეშ დგას“, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრთა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ვაუჩერების დაფინანსების მოცულობა მცირდება.

„საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა“, - განმარტეს მერიაში და აღნიშნეს, რომ პროგრამის ხარვეზის გამო, დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები, რაც ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია.

„სამწუხაროდ, დღეს არსებული პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მიზნობრივად გაიცეს კომუნალური სუბსიდიის თანხა მათი საჭიროების შესაბამისად.

ამიტომ, პროგრამის სრულყოფის მიზნით, დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებისათვის, 2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, ის საჭიროებს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე იქნება მიღებული. მივმართავთ საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და შეგნებულად ნუ შეიყვანენ შეცდომაში თბილისის მოსახლეობას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილიც ადასტურებს, რომ სამომავლოდ კომუნალურ ვაუჩერს ყველა ოჯახი ვერ მიიღებს, ვინაიდან არიან ისეთი ოჯახები, რომელთაც სოლიდური შემოსავალი აქვთ. ისინი ისედაც ვერ გრძნობენ ვაუჩერის დარიცხვის მნიშვნელობას.

„ვინაიდან დღეს არსებული პროგრამა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს არასოციალურად დაუცველ ოჯახებზე მიზნობრიობისა და საჭიროების განსაზღვრა, ამიტომ უნდა შეიქმნას სხვაგვარი მექანიზმი. გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, უნდა განისაზღვროს, ვის სჭირდება მერიის დახმარება და რა თანხით მოხდეს მათი სუბსიდირება“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება ოჯახების შერჩევის კრიტერიუმს, სოციალური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ეს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოხდება.

„პირველი იქნება შემოსავლები, რომელიც აღირიცხება ფინანსთა სამინისტროში. აგრეთვე არის სხვადასხვა ბაზა, მაგალითად, ინდმეწარმეობის ბაზა. საბოლოოდ, გვექნება მონაცემები ასეთი ოჯახების საჭიროების განსაზღვრისთვის“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომისია გადაწყვეტს თუ რომელ ოჯახს უნდა მიეცეს კომუნალური ვაუჩერი. იგი თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 2015 წლის იანვარ-თებერვალში შეიქმნება.