ალასანიამ ბადაშვილს წამზომი ჩაურთო

ალასანიამ ბადაშვილს წამზომი ჩაურთო

ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს საქმის მასალების გაცნობას უშედეგოდ ითხოვს. რაკლი ალასანია კი ხელისუფლებას და პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ გასაჯაროვდება, ალასანია ამბობს, რომ პროცესში უკვე საერთაშორისო საზოგადოებას ჩართავს.

„მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო კაბელების საქმესთან დაკავშირებით - ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეთ ადვოკატებს ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით, პროკურატურის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ადვოკატებთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას ითხოვენ დაკავებულები, რომლებსაც პროკურატურამ გასულ კვირას სახაზინო ადვოკატების მომსახურება შესთავაზა.

ირაკლი ალასანიას საგანგებო განცხადებას, განცხადებითვე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში აცხადებენ, რომ „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალები კონტრდაზვერვას 11 ნოემბერს გადაეგზავნა. შსს-ს კონტრადზვერვის დეპარტამენტს გადაწყვეტილების მიღებისთვის კანონით 1-თვიანი ვადა აქვს, კანონით დაწესებული ვადა 11 დეკემებრს იწურება, სწორედ ამავე დღეს იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა.

ადვიოკატი სოსო ბარათაშვილი ადასტურებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იხილება საქმეზე გრიფის მოხსნის საკითხი, თუმცა აქვე ამბობს, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია მასალები გადასცეს დაცვის მხარეს.

„არანაირი შეზღუდვა ამ მიმართულებით არაა. ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ მივიდეთ პროკურატურაში და იქ წავიკითხოთ ეს მტკიცებულება. თუ კი, პროკურატურა მოქმედებს სახელმწიფო საიდუმლების შესახებ კანონის მიხედვით, მაშინ, საერთოდ არ უნდა გვქონდეს ამ საქმის წაკითხვის უფლებაც. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია შესული პროკურატურა. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნა, რაც დღემდე არ სრულდება.

არანაიარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ კონტრდაზვერვამ ამ საქმეს გრიფი მოხსნას. თუ საგამოძიებო ორგანო და სასამართლოც წავა კანონის დარღვევის გზით, მაშინ, ისღა დაგვრჩენია, რომ ევროპის სასამართლოს მივმართოთ. ეს არ არის ერთი რიგითი საქმე, ეს არის უაღრესად პოლიტიზირებული საქმე, ამ საქმის განხილვას ყურადღებით ადევნებს თვალს საერთაშორისო საზოგადოება, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება თუ საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

მოქმედი კანონმდებლობთ, საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვების უფლება აქვს სახალხო დამცველს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ომბუდსმენს საქმეზე დაშვების შესაძლებლობას არ აძლევს. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურისგან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მასალები გამოითხოვა და ამჟამად, წერილზე პასუხს ელოდება. რა მოტივით არ ეძლევა ომბუდსმენს საქმეზე დაშვების შესაძლებობა, საპარალენტო უმრავლესობის წევრები და მათ შორის ნდობის ჯგუფის წევრები, ამ საკითხით არ დაინტერესებულან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილარ ჰგონია პროკურატურამ დაუშვას, რომ თავდაცვის სამინისტროს რეზონანსულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს. სესიაშვილი მხარეებს მოუწოდებს, კანონით დადგენილი ნორმები დაიცვან, ხოლო პოლიტიკოსებს სთხოვს, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი პოლიტიზირებით ქვეყანას ნუ ავნებენ.

„მე არ მგონია, სახელმწიფომ, პროკურატურამ დაუშვას, რომ ამ ძალიან რეზონანსულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს. დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უწყება დაიცავს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ყველაფერი სამართლიანად განხორციელდება. მე ასევე მწამს, რომ ბატონმა ალასანიამ, რომელიც იყო მთავრობაში, ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, - აღნიშნა ჟურნალიტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.