"ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, მაგრამ გვსურს, პრემიერისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება“,- განაცხადა ბრიუსელის შეხვედრამდე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. მისივე განმარტებით, ქართული საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან პირდაპირი კავშირის მქონე მინისტრების გათავისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა.
მსგავსი შინაარსის განცხადებები დასავლეთის მხრიდან თითქმის, ორი კვირაა ისმის. მსგავსი პოზიცია გამოხატა გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომელმაც დააფიქსირა, რომ არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები გამოწვევებს ქმნის.
რა გამოწვევებზე შეიძლება იყოს საუბარი და შეექმნება თუ არა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს გარკვეული შეფერხება, ამ თემაზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე გვესაუბრება.
გიორგი მუჩაიძე : შეშფოთების გამოხატვა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან ძალზე მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს მათ მაღალ ინტერესს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საფრთხის მომენტს, თავდაცვის სამინისტრო არის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მიცემული პროექტის მთავარი შემსრულებელი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
აქედან გამომდინარე, განვითარებული მოვლენები, მითუმეტეს, როდესაც დიდი ეჭვები არსებობს, გამოძიების გამჭვირვალეობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, როდესაც პროკურატურა პოლიტიკური ინტონაციებით აკეთებს განცადებებს, ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს აღუძრავს სერიოზულ ეჭვებს.
სხვათა შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე საუბარი იყო შემდგომ ეტაპზეც - სასამართლოს თავისუფლებაზე. ასე რომ, კითხვის ნიშნები არსებობდა, არსებობს და კიდევ უფრო გაიზარდა ამ მიმართულებით.
კითხვებია გამოძიების პროცესის მიმართაც. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ეჭვები არსებობს საშინაო პროცესების მიმართ თუ საგარეო მიმართულებაც იგულისხმება?
- მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური ენა ყოველთვის პირდაპირ არ ამბობს ყველაფერს, მაგრამ ის ფორმულირებები და შეშფოთება, რომელიც გამოხატული იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ნიშნავს, რომ საქართველოში პროცესების განვითარება მათში შეშფოთებას იწვევს და მათი აზრით, პრობლემებს უქმნის საქართველოში ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას. მათ შორის, დემოკრატიზაციის პროცესსაც - მოგეხსენებათ ნატო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და აქედან გამომდინარე, დემოკრატიის კუთხითაც ჩვენი მიღწვები, ასევე უკუსვლები, მოქმედებს ამ პროცესზე.
აღარაფერი რომ არ ვთქვათ ევროკავშირზე, რომლის სამოქმედო გეგმაში დემოკრატიზაციის, ინსტიტუციონალური მოწყობის განმტკიცების კუთხით ძალზე ბევრი ვალდებულებაა ჩადებული, რომლის შესასრულებლადაც არც თუ ისე ხანგრძლივი ვადები გვაქვს მოცემული.
ამ კრიტიკულ პერიოდში ასეთი შეფერხება და პრობლემატური მოვლენები ხელს არ შეუწყობს არც ევროატლანტიკურ სივრცეში და არც ევროკავშირში ინტეგრაციას.
რა გამოწვევებზეა საუბარი, იმაზე, რომ ზოგადად, პროცესი ფერხდება თუ კონკრეტულ გამოწვევები შეიძლება იგულისხმებოდეს?
- არა მხოლოდ პროცესის შეფერხებას იგულისხმება, საუბარია ინსტიტუციურ არამდგრადობაზე, არასაკმარის დამოუკიდებლობაზე მართლმსაჯულებისა თუ სასამართლო სისტემის. პირდაპირ არის ნახსენები პოლიტიკური გავლენები ამ ინსტიტუტებზე. შეიძლება პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ მინიშნებებია. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კი პირდაპირ არის ნათქვამი აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში.
როდესაც ყველაფერზე პირდაპირ იქნება საუბარი, უკვე ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, გამაფრთხილებელი განცხადებები ადეკვატურად უნდა იყოს აღქმული და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, რომ კითხვის ნიშნები, აღქმები და ის ეჭვები, რომელიც ამ პროცესებს ახლავს, გაიფანტოს.
ამ მხრივ ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს დღევანდელ მთავრობას. კიდევ ვიმეორებ, ასეთი შეფერხებები და მოვლენათა ასეთი განვითარებები ხელს აძლევს საქართველოს მიმათ კრიტიკულად განწყობილ ქვეყნებს, და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.
ბატონმა კარასინმა განცხადებაც კი გააკეთა და პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს შეიძლება, საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაც კი მოჰყვეს. ასე რომ, მე მგონი, არც ისე ბუნდოვნად არის საქმე ამ შეფასებებთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ თავდაცვითი სისტემებისა და ნატოს საწვრთელი ბაზის საქართველოში განთავსების შესახებ განცხადებებს მოჰყვა რუსეთის შეშფოთება და ითქვა, რომ ეს კავკასიაში გარკვეულ არასტაბილურობას შექმნიდა. მეორე მხრივ, დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საფრანგეთში ვიზიტით მყოფ თავდაცვის მინისტრს თავდაცვითი სისტემის შესყიდვის დოკუმენტზე ხელის მოწერა აუკრძალეს. რამდენად შეიძლება ვისაუბროთ ამ ორ მოვლენას შორის თუნდაც თეორიულ კავშირზე?
- რაც შეეხება ალასანიას მაშინდელ განცხადებას, მან განმარტება მოაყოლა, რომ ეს ეხებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებელ სისტემებს. ეს არის საჰარო თაცვდაცვის სისტემები და ამ თემაზე ლაპარაკი ალასანიას არ წამოუწყია, დიდი ხნის თემაა, მითუმეტეს, ომის შემდეგ მიღებული გამოცდილებიდან ეს პრობლემას წარმოადგენს. საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე - ეს არის თავდაცვითი იარაღი და არავის შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს აგრესორის გარდა, რომელსაც კიდევ ერთხელ სურს ჩვენს ქვეყანაზე განახორციელოს თავდასხმა. ასე რომ, ამ კუთხით ეს საკითხი სრულიად გარკვეულია.
რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიში ვიზიტებისას კონკრეტულ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით წამოჭრილ თემას, კონკრეტულად არ ვფლობ ინფორმაციას და არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს.
რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ სანახევრო ინფორმაციების მოწოდება არასასურველია - ჯერ იყო საუბარი, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას არ აპირებდნენ, შემდეგ ალასანიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონკრეტული განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, ეს სათუთი თემაა, რომლის არც ერთი და არც მეორე მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება.
თუ არის ინფორმაცია რომელიც გასასაჯაროვებელია, უნდა მოხდეს მისი განსაჯაროვება და თუ მისი გავრცელება ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს, არავინ ამაზე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდეს.
თუმცა საინტერესოა, თეორიულად რომ ვიმსჯელოთ იქნებოდა თუ არა რუსეთის ინტერესში იმ პროექტების ჩაშლა, რომელიც ნატოსთან გვაახლოებს, ან შეეცდება თუ არა ასეთ პროცესებზე გავლენა მოახდინოს? ჩვენი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პრორუსულ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მსგავსი ეჭვები ჩნდება...
- ეჭვები კი არა დადასტურებული ფაქტია და რუსეთი არც მალავს, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ უნდა მიეცეს სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა. ეს მისი პოლიტიკა იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არის და დარჩება მომავალში. გარდა ამისა, სწორედ რუსეთი ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა პოტენციურ ქვეყნებზე, რომლებსაც შეეძლო საქართველოსთვის იარაღის მოწოდება. ვფიქრობ, ეს საკითხი ცხადზე ცხადია და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. მაგრამ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ვიღაცის კრიტიკასა და შეფასებებზე ხომ არ უნდა ავაწყოთ?! აბსოლუტურად უფლებამოსილები ვართ შევიძინოთ თავდაცვის სისტემები.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თავდაცვითი სისტემები, რომელსაც არავითარი თავდასხმითი თვისება არ გააჩნია. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ. საკმაოდ ცხადია, რისთვის შეიძლება მისი გამოყენება. ძირითადად რუსეთი აფიქსირებს ამ ყველაფერზე უარყოფით პოზიციას, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიზიაროს.
არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საუბარი ყოფილიყო ნატოს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებითაც. პრინციპში, საქართველო 2008 წლამდე უკვე იყო ამ პროექტში ჩართული. რამდენად დასაშვებია, რომ ამ პროექტის გამო მომხდარიყო ის, რაც მოხდა?
- ამ შემთხვევაში არ მაქვს ინფორმაცია რაზეა საუბარი, ამიტომ კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, იქნება ეს საქართველოს გავლით ავღანეთში შესაბამისი აღჭურვილობის, მასალების მიწოდება, ამასთან სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ალტერნატიული ენერგომიწოდების დერეფნების გარანტირებას, ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მეტად გამაღიზიანებელია. ამის წინააღმდეგ არაერთი განცხადება თუ ქმედება განხორციელებულა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ასე რომ, ბუნებრივია მათი რეაქციები, მაგრამ კიდევ ვამბობ, მათი რეაქციებზე არ უნდა ავაწყოთ ჩვენი პოლიტიკა.
რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალასანიას თანამდებობა სწორედ მსგავს ფაქტორებს შეეწირა?
- არ მინდა სპეკულირება, მაგრამ ამ ქმედებებით, რომელსაც პოლიტიზირების საფუძველი უდევს, დაზარალდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხითაც ეს არის უკან და არა წინგადადგმული ნაბიჯები.