„ნდობის ჯგუფის“ პირველი სხდომის ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი ცნობილია, დამსწრე პირთა ვინაობა კი უცნობი. 19 ნოემბრის პირველივე სხდომაზე „სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს განიხილავენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, „ნდობის ჯგუფის“ ფარგლებში მსჯელობა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მასალებზე გაიმართება, რომელიც ზემოთ აღნიშნული უწყებების 2011-2013 წლების საქმიანობას შეეხება.
კანონმდებელის ცნობით, „ნდობის ჯგუფის“ პირველი სხდომა დახურული იქნება და ჯგუფი სამუშაოებს თავის კომპეტენციას ფარგლებში წარმართავს.
„მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შევიკავოთ“, - მიმართავს პოლიტიკოსებს დეპუტატი.
სესიაშვილი არ აკონკრეტებს, „ნდობის ჯგუფის“ სხდომას თუ ვინ დაესწრება და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სხდომაზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გამოცხადდებიან.
„ნდობის ჯგუფი“ სასამართლო, ან პროკურატურა არ არის, რომ პროკურორს და გამომძიებელს მოვუსმინოთ“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომლის ცნობითაც, ჯგუფის მეორე სხდომა დეკემბერში გაიმართება, სადაც განხილული საიდუმლო შესყიდვები იქნება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მსგავსად, განსახილველი საკითხების შინაარსზე არ საუბრობს „ნდობის ჯგუფის“ წევრი ზვიად ძიძიგური, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სხდომის გამართვა პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს.
კანონმდებელის განმარტებით, „ნდობის ჯგუფში“ წარდგენილი მასალები საიდუმლოების ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მისი გასაჯაროვება კანონით დასჯადია.
ძიძიგურის განცხადებით, ის ვერც დღის წესრიგზე და ვერც მასალებზე ვერ ისაუბრებს.
„იმ თემებზე ვერ დაგელაპარაკებით, რაზეც „ნდობის ჯგუფში“ იქნება საუბარი. „ნდობის ჯგუფის“ შეკრებაში არავითარი პოლიტიკური ნიშანი არ არის, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ჯგუფი წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს“, - აცხადებს ძიძიგური, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა, - იმ შემთხვევაში თუ, მასალებში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, რა რეაგირებას მოახდენს „ნდობის ჯგუფი“, რაზეც ვიცე-სპიკერი გვპასუხობს, რომ ჯგუფს ფუნქცია აქვს, თავისი შეხედულებების მიხედვით, მასალებს ადრესატი გამოუძებნოს და გადააგზავნოს, მაგრამ ჯგუფი თუ როგორი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას ჯერჯერობით ვერ იტყვის.
ზვიად ძიძიგურისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე „ნდობის ჯგუფის“ მოწვევაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკარტების“ მიმართ დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას და კითხვას სვამს:
„თუ ორი წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროში რაიმე დარღვევები არსებობდა, ეს თავის დროზე რატომ არ გაირკვა?“
„თავის დროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურა გააქტიურდა, ახლა კი ამ პროცესში საპარლამენტო მექანიზმები ჩაერთო. ამ პროცესებში პოლიტიკურ მოტივაციას და პოლიტიკურ ელემენტებს ვხედავ, რაც ხელისუფლებისთვის და მთავრობისთვის არასასიამოვნოა. სახეზეა, ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკარტების“ დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა. ეს კი მთავრობას და ხელისუფლება კიდევ უფრო ასუსტებს“, - აცხადებს აბაშიძე.
კანონმდებელის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის.
„ეს საქმეები როგორც გაზახულის თოვლი ისე გაქრება და ეს არ იქნება ქვეყნისთვის კარგი“, - განაცხადა აბაშიძემ, რომელსაც არ გამორიცხა, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
აღსანიშნავია, რომ ძიძიგურისა და სესიაშვილის გარდა, „ნდობის ჯგუფის“ წევრები არიან დავით საგანელიძე, კახა ოქრიაშვილი და გივი თარგამაძე, რომლებიც პარლამენტში დღეს არ გამოცხადებულან. მათ შორის, უმრავლესობის ლიდერი, რომელმაც გასულ სასესიო კვირას, აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე პარლამენტში მასალების წარსდგენა მოსთხოვა.
იქედან გამომდინარე, რომ „ნდობის ჯგუფი“ დახურულ რეჟიმში წარიმართება, ძნელია იმის თქმა, ლაშა თორდიას მიერ მომზადებული მასალები თუ რა შინაარსისაა, მაგრამ იმის გამორიცხვაც შეუძლებელია, რომ მასალების თაობაზე თავად დეპუტატები ისაუბრებენ, რადგან მთავრობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საიდუმლო მასალები უმრავლესობას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ეს განცხადება საგანელიძემ მოგვიანებით დააკონკრეტა და თქვა, რომ მხოლოდ იმ მასალებს იცნობს, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა.
რაც შეეხება „ნდობის ჯგუფს“, ის ამ მოწვევის პარლამენტში გივი თარგამაძის ფაქტორის გამო ვერ იქმნებოდა, ნაციონალის ჯგუფში შესვლას მმართველი გუნდი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებით, თარგამაძე ჯგუფის წევრი გახდა. ჯგუფი მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა, შესაბამისად, საინტერესოა, თუკი თავდაცვის სამინისტროში დარღვევები იყო, პირველი სხდომა რატომ არ გაიმართა გაზაფხულზე და რატომ იმართება მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.