კონკურენციის სააგენტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. მინიმუმ 3, ხოლო მაქსიმუმ 10 თვეში სახელმწიფო უწყებამ უნდა წარმოადგინოს დასკვნა ბაზარზე არსებული მონოპოლიურ-ოლიგოპოლიური ვითარების შესახებ.
სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფი. კანონით დადგენილ ვადაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კანონმდებლობით განსაზღვრული შემდგომი პროცედურების შესახებ და საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.
ამასთან, კონკურენციის სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე დაკვირვებას. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლის შესახებ. პარალელურად, კონკურენციის სააგენტოში ოფიციალურად შესულია ორი განცხადება, ფქვილის ბიზნესისა და წყალტუბოში თერმული წყლების შესაძლო მონოპოლიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.
მოკვლევისთვის სააგენტოს ეძლევა 3 თვემდე ვადა, განსაკუთრებული სირთულის საქმის შემთხვევაში, ეს ვადა, შესაძლოა, გაგრძელდეს 10 თვემდე.
ერთ-ერთი პირველი, ვინც კონკურენციის სააგენტოს ნავთობიმპორტიორთა საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებაა“. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ამ სფეროში კარტელური გარიგების რეალური ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაზარზე „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ გამოჩნდა „გალფის“ ბრენდით და ბაზრიდან გააძევა რამდენიმე მოთამაშე, კერძოდ, “მაგნატი”, “სენტა” და “ეკო ჯორჯია”.
“გარდა ამისა, წლების განმავლობაში საწვავისა და ბუნებრივი აირის ექსკლუზიურ იმპორტს ახორციელებდა “სოკარი”, - ნათქვამი იყო ორგანიზაციის განცხადებაში.
ანტიმონოპოლიური სამსახური გადაწყვეტილებას ეხმიანებიან ექსპერტები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე ანტიმონოპოლიური სამსახურის მხრიდან საქმიანობის დაწყებას მიესალმება, თუმცა ობიექტური შედეგს, კონკურენციის სააგენტოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად ელოდება.
“სააგენტოს კანონი აძლევს საშუალებას, კვლევა მიუკერძოებლად ჩაატაროს, მაგრამ ვერ გეტყვით, ამ ვალდებულებას რამდენად პირნათლად შეასრულებს. გამოცდილება არ გვაქვს, რომ საქართველოში მსგავსი ანალიზი ჩატარებულიყო და დაესაჯათ ვინმე, ვინც თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს. ამდენად, ვერ ვიტყვი წინასწარ, რომ გამოაშკარავდება დარღვევა.
თუკი კვლევა ჩატარდება ობიექტურად და კანონდარღვევაც დადასტურდება, ადეკვატური ჯარიმაც უნდა განისაზღვროს. სანქცია უნდა იყოს ისეთი, რომ კომპანიებს სამომავლოდ მსგავსი ქმედების განმეორების სურვილი აღარ გაუჩნდეთ”, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას მისაღებად მინიმუმ 3 თვე დასჭირდება, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება კვლევა კიდევ გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფომ, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებას უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი საწვავის ბაზარზე არსებული განუკითხაობის შესახებ.