„ნატოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი“

„ნატოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი“

„როდესაც კონკრეტული ფიგურა ინტენსიურად მუშაობს საგარეო ასპარეზზე, აქვს უზარმაზარი კონტაქტები, ფლობს ინფორმაციას, იცის ის ნიუანსები ურთიერთობებში ვის როგორ ელაპარაკოს, ეს ყველაფრი როდესაც უცებ სხვა პირონებით იცვლება, ყოველთვის ძნელია ტემპის შენარჩუენება და არსებული ნდობის თავიდან აშენება. ნამდვილად არაა მარტივი საქმე“, - აცხადებს პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომლის განცხადებით ბრიუსელში გარკვეული შფოთვაა იმის გამო, რომ ადგილი არ ჰქონდეს დესტაბილიზაციას და პროცესების ნეგატიურ განვითარებას.

for.ge კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

თქვენ ბრიუსელში იმყოფებოდით მაშინ, როდესაც უპასუხისმგებლო განცხადებებისა და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების ბრალდებით, პრემიერმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა თავდაცვის მინისტრი. ალასანიას გადაყენებ შემდეგ თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა და ევროპული და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრებმა. როგორ შეფასდა ბრიუსელში სამი საგარეო მიმართულების მინისტრის ხმაურიანი წასვლა თანამდებობიდან?

- პირველი, ეს იყო შეშფოთება. აინტერესებდათ რა ხდება საქართველოში. ისინი ეჭვობდნენ, რომ ევროატლანატიკური კურსი მართლა იცვლება თუ არა საქართველოში, მაგრამ ის რომ, რუსეთისკენ შევბრუნდით, წავალთ რუსეთთან ინტეგრაციაზე, ასეთი შიშები იქ არ იყო. თუმცა, გარკვეული შფოთვაა იმის გამო, რომ ადგილი არ ჰქონდეს დესტაბილიზაციას და პროცესების ნეგატიურ განვითარებას. ისინი აგროვებენ ინფორმაციას, რა მოხდა რეალურად.

ამ ვითარებაში რამდენად პრობლემურია პროკურატურის უკონტროლობა? სწორედ პროკურატურის ქმედებებს გაუსვა ხაზი ალასანიამ და ღიად თქვა, რომ ეს ის ჯგუფია, რომლებმაც ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს მერიის მაღალჩინოსნები დააკავა...

- ამ პრობლემაზე ბევრს ჰქონდა საუბარი. ზოგიერთი ევროპარლამეტარიც ღიად საუბრობდა კონფერენციაზე, რომ საქართველოში პროკურატურის რეფორმა დასრულებული არაა და, რომ პროკურატურა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე და უფრო დამოუკიდებელი. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირიდან და აშშ-დან ძალიან სერიოზული მოთხოვნები იქნება. ასე რომ, ეს ყველაფერი აშკარად თვალშისაცემი იყო.

რაც შეეხება იმ ბარალდებებს რომელიც საგარეო მიმართულება ჩაბარებულ მინისტრებს წაუყენა პრემიერ-მინისტრმა, რამდენად სწორი იყო მისი შეფასება?

- ამ მოვლენების გამო შეიქმნა უსიამოვნო სიტუაცია. უსიამოვნო სკანდალია ის გადადგომები, იგივე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას. საერთაშორისო იმიჯისთვის და სტაბილურობისთვის ნადვილად არაა კარგი ასეთი დამოკიდებულება მმართველი კოალიციის შიგნით. რაც შეეხება მთავრობის მეთაურის შეფასებებს, მთავრობის მეთაურს მართებს ცივი გონებით მოქმედება. ალასანიას და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წარმომადგენლების განცხადება აღმოჩნდა ნაადრევი და ემოციური. ევროპულ გზას გადავუხვიეთო, მაგრამ მერე უკვე არ გაუმეორებიათ. როგორც ჩანს, ორივე მხრიდან მოხდა გამოფხიზლება. თუ საუბარია კოალიციის შიგნით გაყოფაზე, ამისთვის საჭირო არაა ერთმანეთს ტალახი ესროლონ.

საბოლოო ჯამში შეიძლება განვიხილოთ, რომ საგარეო კურს შეიძლება გარკვეული შეფერხება ჰქონდეს, იმის გამო, რომ გამოცდილი ადამიანები, რომელიც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ, გადადგნენ?

- რასაკვირევლია, საკადრო მომენტმა შეიძლება ძალიან ბევრი ზიანი მიაყენოს საგარეო კურსსაც და სიტუაციასაც. იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ სხვა მინისტრს გაუჭირდებოდა. სანამ ის გაერკვევა ვითარებაში, ამას დრო სჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს ადამაინი, ვინც იცის ეს მიმართულება. ბერუჩაშვილიც რომ წასულიყო ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნებოდა. რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სამინისტროს, იქ არის მოვალეობის შემსრულებელი ძალიან გამოცდილი ადამიანი, მაგრამ ის არ იღებდა მთავარ გადაწყვეტილებას, ამიტომ იქაც არის გარკვეული ვაკუუმი. კურსის შეცვლის ნიშნები, ჯერჯერობით, საბედნიეროდ არ ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება პარლამენტში ძალების გადანაწილების შემდეგ.

„თავისუფალი დემოკრატები“ ითვლებოდნენ შედარებით მძლავრ დასავლური ორიენტაციის დაჯგუფებად პარლამენტში. ახლა, უკვე, მმართველ კოალიციაში პროდასავლური ვექტორი არაა, ამიტომ შეიძლება მუხტი ცოტა დაეცეს, ამაზეა ლაპარაკი და არა ორიენტაციაზე, ორიენტაცია არ იცვლება.

თავისუფალი დემოკრატებისშემდეგ რამდენად ძლიერი პროდასავლური მუხტი გაჩნდება პარლამენტში?

- ეს უკვე მნიშვნელოვანი საკითხია. შევხედავთ როგორ განვითარდება პროცესები პარლამენტში.

ალასანიას კოალიციიდან გასვლით კოალიცია დარჩა წაგებული თუ ალასანია?

- კოალიცია წაგებული დარჩა, რადგან კოალიციას არ აქვს ვეტოს დაძლევის უმრავლესობა. ამ შემთხვევაში კი, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი და შეიძლება ეს დადებითიც არის. რაღაცა ფუნქცია გაუჩნდა პრეზიდენტს. გადაწყვეტილების მიღებაში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შესუსტდა უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ დაემატა 6 დეპუტატი, რომლებიც ისედაც აძლევდნენ უმრავლესობას ხმას, როცა ეს ხმები სჭირდებოდათ. ასე რომ, რაღაც იმ ზღვარს უახლოვდება, სადაც კოალიციას უმრავლესობა ან ექნება, ან - არა. ჯერჯერობით, კოალიციას საკმარისი უმრავლესობა აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება კოალიციის შიგნით ურთიერთობები. თავისთავად ეს მაინც რაღაცა რისკებს უქმნის კოალიციას, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ეს რისკები კარგიც არის - უფრო ფრთხილად მოეკიდებიან ერთმანეთთან ურთიერთობას, ეცდებიან, რომ ოპოზიცურ ძალებთანაც მონახონ მეტი კონსესუსი. თუ ამ გაზით წავა კოალიცია, მაშინ უფრო ადვილად შეინარჩუნებს ძალაუფლებას პარლამენტში.

შექმნილ ვითარებში საგარეო მიმართულებით რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას?

- ეს ვითარება გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის. ამ ეტაპზე დასავლეთი დაკავებულია უკრაინა-რუსეთის პრობლემით, შეიქმნა ვითარება, როდესაც დასავლეთისთვის საგარეო ვითარებაში გეოპოლიტიკურმა კომპონენტმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამ ეტაპზე, აშშ და ევროკავშირი შეეცდება მაქსიმალურად მჭიდროდ დაიჭიროს ურთიერთობები თავის პარტიორებთან, რომ მართლა არ შეიცვალონ ორიენტაცია.

ამიტომ, შესაძლოა, ბევრ რამეზე თავლი დახუჭონ. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მსოფლიოში მოვლენები, რამდენ ხანში მოხდება მოვლენების დასტაბილურობა. როდესაც ყველაფრი დასტაბილურდება, უკვე, ამ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიხსენებენ ყველანირ შეცდომებს, რაც კი დაგვიშვია. ამაზე უნდა ვიფიქროთ, მინიმალური უნდა იყოს ემოციური გადაწყვეტილებები. კომპრომისისა და საზოგადოებაში კონსენსუსის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება საგარეო მტრებთან გამკლავება.

ექსპეტრების შეფასებით, ალასანია ერთპიროვნულად იყო აღიარებული როგორც ლიდერი აშშ-თან თუ ბრიუსელთან ურთიერთიბაში, ამ დროს პროკურატურის მიერ მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავება, ახლა უკვე პროცესში აუდიტის სამსახურის ჩართვა და განცხადება, რომ პირადად ალასანიასთან არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება აისახოს ქვეყნის იმიჯზე?

- იცით, როდესაც კონკრეტული ფიგურა ინტენსიურად მუშაობს საგარეო ასპარეზზე, აქვს უზარმაზარი კონტაქტები, ფლობს ინფორმაციას, იცის ის ნიუანსები ურთიერთობებში ვის როგორ ელაპარაკოს, ეს ყველაფრი როდესაც უცებ სხვა პიროვნებით იცვლება, ყოველთვის ძნელია ტემპის შენარჩუნება და არსებული ნდობის თავიდან აშენება. ეს ნამდვილად არაა მარტივი საქმე. სამი საგარეო მიმართულების მინისტრის ერთად გადადგომა და ამ პრობლემით შექმნილი გამოწვევების მარტივად მოგვარება ვერ მოხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია რამდენად ადეკვატური იქნება საკადრო ცვლილება. ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს გარკვეული გამოცდილება აქვს, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ცნობილი ფიგურა არაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამიტომ ძნელია იმის თქმა, რამდენად შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას.

როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრი არის კონტრდაზვერვის კადრი. რამდენად გაუადვილდება მას აშშ-სა და ბრიუსელში იმ გზავნილების მიტანა, რა გზავნილებით ჩადიოდა მისი წინაბორბედი?

- ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მე არ ვფლობ ინფორმაციას რამდენად კვალიფიცირებულია ახალი თავდაცვის მინისტრი, რამდენად იცის ეს პრობლემატიკა რასაც ჰქვია თავდაცვის საკითხები და არა მარტო ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, არამედ მთლიანობაში რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, არ ვიცი რამდენად ცნობილია მისთვის. სწორედ, ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება იყოს პრობლემები საგარეო ასპარეზზე, არ ვიცით რამდენად კარგად იცნობენ მას დასავლეთში და აშშ-ი. ნატოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი, ამ მიმართულებითაც შეიძლება გაჩნდეს გარკვეული პრობლემები. თუმცა, არ ვიცი შეძილება სამოქალაქო პირად ჩაითვალოს, რადგან ბოლოს უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მაგრამ ის არის მოქმედი პოლკოვნიკი...

- თუ მოქმედია, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს სამხედრო პირის დანიშვნას. როგორც გითხარით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნატო საქართველოს მთავრობისგან ითხოვდა თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დანიშვნას, რაც განხორციელდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის მინისტრები სწორედ სამოქალაქო პირები იყვნენ. ეს პრობლემა ნამდვილად არის.

რა გზავნილია ეს ნატოსთვის?

- დაველოდოთ ალიანსის რეაქციას. მე მგონია, რომ ნაჩქარევად მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ძნელი სათქმელია როგორი რეაქცია იქნება ნატოს მხრიდან. როგორც უკვე მოგახსენეთ, ნატოში ამჯერად სხვა სატკივარი აქვთ, ეს არის უკრაინა და რუსეთი. როგორც კი ამ ფრონტზე ვითარება დასტაბილურდება, შემდეგ უკვე დაუბრუნდებიან ჩვეულ მოთხოვნებს და აქ შეიძლება გამოჩნდეს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო სწორი.