ბოლო კვირეების პოლიტიკურმა პერიპეტიებმა მთელი ყურადღება თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარშემო შემოიკრიბა. ალასანია და თავისუფალი დემოკრატები მმართველი კოალიციიდან გავიდნენ და მათ რიგებში ალასანიას ოჯახის წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძეც გაწევრიანდა. პრემიერი ღარიბაშვილი საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროში ბოლო 2 წელიწადში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ახალი სიურპრიზების გამომზეურებას დაპირდა. როგორც ჩანს, სიურპრიზები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებითაც არ მოაკლდება საზოგადოებას.
მინისტრის გადადგომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მედიასთან ინკოგნიტოდ დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ფანჯიკიძის მინისტრობისას ყველა ვაკანსიაზე მხოლოდ ნაციონალებთან დაკავშირებული კადრები ინიშნებოდნენ და, რომ „ნაციონალური სკოლაგმოვლილობა“ იყო სწორედ მთავარი კრიტერიუმი დანიშვნებისას.
ფანჯიკიძის „ნეგატიურ პორტფელში“ კიდევ ერთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, რომელიც შესაძლოა დიპლომატიურ სკანდალად იქცეს. ეს გადაწყვეტილება ყბადაღებული ევროინტეგრაციის კურსიდან თავად ფანჯიკიძის მხრიდან გადახვევის ფაქტადაც კი შეიძლება შეფასდეს.
საქმე ის არის, რომ აგვისტოს თვეში, მინისტრის გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია შეუწყდა 20 მეგობარი ქვეყნის (მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების) წარმომადგენელ საპატიო კონსულს. შემდგომი გადაწყვეტილებებით მათ შეეზღუდათ მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების პირობები. მათი პრივილეგიები და იმუნიტეტის ხარისხი გაუარესდა დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. მინისტრის ამ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს დიპკორპუსში ხუმრობით „ფანჯიკიძის რეფორმა“ შეარქვეს.
ყოფილი მინისტრი გადაწყვეტილებებში სწრაფი და შეუვალი იყო. მიუხედავად საპატიო კონსულების თხოვნისა, არც მან და არც მისმა მოადგილეებმა ერთი შეხვედრაც კი არ გამართეს კონსულებთან, რათა ან კონსულტაცია გაევლოთ, ან აეხსნათ ამ ცვლილებების აუცილებლობის საჭიროება. სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილება თავიდან ბოლომდე მინისტრ ფანჯიკიძის ერთპიოვნული გადაწყვეტილება იყო და, რომ მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ვინ არიან საპატიო კონსულები? – საპატიო კონსულების პრაქტიკა ფართოდ აპრობირებულია თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიაში. ქვეყნები საპატიო კონსულებს ცვლიან იმ ქვეყნებში, სადაც მათ საელჩოები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. როგორც წესი, საპატიო კონსულები ხდებიან ბიზნესმენები, რომელთაც წარმომადგენელ ქვეყანასთან ბიზნეს–ურთიერთობები აქვთ. ისინი საკუთარი ხარჯებით ეწევიან დიპლომატიურ საქმიანობას და სანაცვლოდ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ.
საკონსულო ურთიერთობების შესახებ გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენცია ცალსახად მიუთითებს, რომ საპატიო კონსულები უფლებებით გათანაბრებულები არიან კარიერულ დიპლომატებთან. ესეც რომ არ იყოს, მსოფლიო დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს შემთხვევას, როცა საგარეო უწყება თავისი ოფიციალური გადაწყვეტილებით აუარესებდეს დიპლომატისთვის სამუშაო პირობებს. ფანჯიკიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად კი საპატიო კონსულებს საქართველოში შეეზღუდათ პრივილეგიები გადაადგილებისა და პარკირებისას. ასევე, სამინისტროს მიერ გაცემულ საკონსულო ბარათებზე გაქრა ჩანაწერი, რომ ბარათის მფლობელს იცავს ვენის კონვენცია, ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით, არსებითად შეეზღუდათ იმუნიტეტი.
ესპანეთის საპატიო კონსული საქართველოში მიხეილ ახვლედიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქმედება, რომელიც საპატიო კონსულების მიმართ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა, უბრალოდ არაადეკვატურია. „საბედნიეროდ, მინისტრი და სხვა ადამიანები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უკვე აღარ არიან თანამდებობებზე და იმედია, ახალი ხელმძღვანელობა ამ თემას მეტი ყურადღებით მოეკიდება. წინა პერიოდში ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრს სამჯერ, თუმცა სამინისტროს მხრიდან და არცერთხელ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ვითხოვდით შეხვედრას, რომ ჩვენი მოსაზრებები მოგვეხსენებინა და მათაც მოესმინათ, მაგრამ არცერთ დონეზე, არ მაქვს აქ საუბარი მინისტრზე, არამედ არცერთ დონეზე, ეს შეხვედრა არ შედგა. მე არ მესმის, რა მიდგომაა ეს, როცა საგარეო უწყება 20 ზე მეტი ქვეყნის დიპლომატის ერთობლივ მიმართვას რეაგირების გარეშე ტოვებს.
დიპლომატებისთვის მუშაობის პირობების გაუარესების პრეცენდენტს მსოფლიო არ იცნობს. მინისტრი ფანჯიკიძე პიონერი გამოდგა ამ საქმეში. ის პრივილეგიები და ის პირობები, რაც საქრთველოში გააჩნდათ საპატიო კონსულებს, მათ ყველა ქვეყანაში აქვთ.
ამ სტატუსს სახელმწიფოები იმ ადამიანებს ანიჭებს, როემლთაც გარკვეულ ბიზნეს და ეკონომიკურ წრეებში აქვთ სტატუსი, ნდობა და მატერიალურად არიან უზრუნველყოფილნი საიმისოდ, რომ ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი დიპლომატიური მისია და იმ ქვეყნის მოქალაქეთა კანონიერი ინტერესები, რომლებსაც წარმოადგენენ მაქსიმალურად დაიცვან. საპატიო კონსულების ძირითადი ფუნქცია სწორედ ეს არის.
სხვათა შორის, სულ ახლახანს, უკრაინაში განვითარებული საომარი კონფლიქტის შედეგად ლატვიის საპატიო კონსულის გარდაცვალების გამო გამოთქმულ მწუხარების წერილში იმდროინდელმა ევროკომისარმა, ქალბატონმა ეშტონმა იგი მოიხსენია, როგორც კოლეგა. მოგეხსენებათ, დიპლომატები სიტყვას წონიან. შესაბამისად, ეშტონმა ბუნებრივად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საპატიო კონსული და კარიერული დიპლომატი რანგითა და სტატუსით გათანაბრებულია. ამას ამბობს ვენის კონვენციაც, რომელიც დიპლომატების სტატუსსა და მათ პრივილეგიებს მკაფიოდ განსაზღვრავს.
მე გეტყვით ფაქტს, – 15 წლის მანძილზე, რაც მე ვასრულებ ესპანეთის საპატიო კონსულის მისიას საქართველოში, არ ყოფილა არცერთი სერიოზული საკითხი ჩვენს ქვეყნებს შორის, რომლის თაობაზეც, ჩემთან, როგორც ესპანეთის წარმომადგენელთან კოსულტაცია არ გამართულიყო. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პრაქტიკულად ყველა ბიზნეს და ეკონომიკურ წამოწყებაში საპატიო კონსულს მუდამ ჰქონდა სერიოზული როლი და უცბად, ყოველგვარი წინაპირობის და ობიექტური საფუძვლის გარეშე საგრეო უწყება გეუბნება, რომ შენ ფაქტიურად აღარ გაქვს იმუნიტეტი და აღარ სარგებლობ დიპლომატისთვის განსაზღვრული პრივილეგიებით. და ამ გადაწყვეტილებას მინისტრი იღებს სასწრაფო წესით, ერთპიროვნულად, ყოვლეგვარი ახსნა–განმარტებისა საპატიო კონსულებთან ყოვლგვარი კონსულტაციის გარეშე. იმას რაც, მინისტრმა ფანჯიკიძემ გააკეთა, ასეთ ფაქტს, მსოფლიო დიპლომატიის ისტორია არ იცნობს.
სხვათა შორის, საქართველოში მოქმედ საპატიო კონსულებს შორის არის ერთი საკონსულო, რომელიც გენერალურ საკონსულოს წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ვიზების გაცემის პრეროგატივა. ეს არის ფილიპინების გენერალური საკონსულო და მისი საპატიო გენერალური კონსული. მას ამ გაუგებარი და აუხსნელი დისკრიმანაციის გამო ფიზიკურად შეეშალა ხელი და რამდენიმე ხნით იძულებული გახდა შეეჩერებინა სავიზო მომსახურების გაწევა.
მე მაინც ვფიქრობ, რომ საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელობა წინა მინისტრის ამ, დავარქმევ უმართებულო, ერთპიროვნულ და სუბიექტურ გადაწყვეტილებას სასწრაფოდ გადახედავს და აღმოფხვრის მის ნეგატიურ შედეგებს. შესაბამის განცხადებას და მიმართვას საპატიო კონსულები მალევე წარვუდგენთ საგარეო უწყებას“, – აცხადებს მიხეილ ახვლედიანი.
შექმნილი ვითარების თაობაზე „ბანკები და ფინანსები“ სან–მარინოს ვიცე საპატიო კონსულს საქართველოში ქალბატონ ელენე ლეჟავასაც ესაუბრა. მისი განცხადებით, პრაქტიკულად აუხსნელია, თუ რას ეყრდნობოდა მინისტრი ფანჯიკიძე, როცა უგულებელყო ვენის კონვენცია და არათუ დიპლომატიას, არამედ ობიექტურობას და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილება მიიღო საპატიო კონსულებთან დაკავშირებით.
„საქმე ის არის, რომ მსგავსი პრეცენდეტი, როცა დიპლომატებთან მიმართებაში არსებული იმუნიტეტი და პრივილეგიები იზღუდება, ძალიან ცუდი ტონია და ასეთ რამეს დღემდე მსოფლიო მასშტაბი ადგილი არ ჰქონია. თავისი გადაწყვეტილებით მინისტრმა ფანჯიკიძემ ასევე ხაზი გადაუსვა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N 278 დადგენილებას, სადაც მკაფიოდაა მითითებული, თუ სატრანსპორტო საშუალებათა რა ტიპის სანომრე ნიშნებით უნდა გადაადგილდებოდნენ საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები. მთავრობის დადგენილება უმაღლესი ნორმატიული აქტია. მინისტრმა კი შიდა განკარგულებით, თავისი სურვილით, შეცვალა მისი შინაარსი. ამ ბრძანების საფუძველზე შესაბამისი რეგულაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატიო კონსულების ავტოტრანსპორტისთვის განმასხვავებელი სანომრე ნიშნების ჩამორთმევის შესახებ და ამით არსებითი პრობლემა შეუქმნა საპატიო კონსულთა კორპუსს შეუფერხებელი გადაადგილებისა და შეზღუდულ ადგილებში (აეროპორტების შეზღუდული ზონები და ა.შ.) პარკირებისას. ნომრენთან დაკავშირებული ეს მომენტი საერთოდ კომიკურ სცენას დაემსგავსა, რამდენადაც იმდენად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდა ამ რეგულაციის ძალაში შესვლა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ფანჯიკიძე ხელოვნურად ცდილობდა ისეთი ვითარების შექმნას, რომ საპატიო კონსულები დროში ვერ ჩატეულიყვნენ და დამატებითი პრობლემები შექმნოდათ. ეს ერთი ნიუანსია ამ პრობლემისა. მთავარი კი ის არის, რომ მინისტრმა ფამჯიკიძემ ოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსულს საქართველოში ნორმალური დიპლომატიური მუშაობის პირობები პრაქტიკულად ჩამოართვა.
მე არ მესმის, რას ნიშნავს, როცა მინისტრი გამალებით საუბრობს ევროინტეგრაციის კურსის განუხრელობაზე და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს ვენის კონვენციას და უუარესებს დიპლომატებს არსებულ მდგომარეობას. უბრალოდ გაუგებარია, მეტი რომ არ ითქვას...
ფანჯიკიძის ამ გადაწყვეტილების ახსნას ვერ ვპოულობ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ვიღაცასთან პირად უთანხმოებას უკავშირდება. მიუხედავად ასეთი დრაკონული მიდგომისა, ჩვენ საპატიო კონსულებმა საქართველოში კიდევ იმდენად არ გავამწვავეთ ეს ვითარება ჩვენს წარმომგზავნ ქვეყნებში, რამდენადაც ფანჯიკიძე იმსახურებდა. ანგარიში გავუწიეთ საქართველოს დიპლომატიურ იმიჯს და მოცდა ვამჯობინეთ. საბედნიეროდ, პერსონალიები სამინისტროში შეცვლილია და დიდი იმედი მაქვს საპატიო კონსულების მორიგი მიმართვის შემდეგ მაინც, ახალი მინისტრი, რომელიც უდაოდ გამოცდილი დიპლომატია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატიო კონსულებთან დაკავშირებით,“- განაცხადა სან მარინოს ვიცე საპატიო კონსულმა საქართველოში ელენე ლეჟავამ.