„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს თანამდებობა არის პოლიტიკური ტრიბუნა, რომელიც მას პოლიტიკური შესაძლებლობების გამოსახატავად სჭირდება. კანონმდებელი პოსტიდან მის გადაყენებას არ გამორიცხავს, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი სულერთია, რადგან ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი თანამდებობებს არ ებღაუჭება.
მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას გუნდი ოპოზიციაში წავიდა, აბაშიძე აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყნის ოპოზიციაში არ იქნებიან, ხოლო მთავრობის მხრიდან რა გაკეთდება, ამას გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან და მთავრობას არ დაინდობენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესების თაობაზე for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მომხრეა, რომ თქვენ ვიცე-სპიკერის პოსტი დატოვოთ. მმართველი გუნდის დახურულ სხდომაზე, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მათთან არ გინდათ, მაგრამ მათი კვოტით ვიცე-სპიკერობა გინდათ. თანამდებობის დატოვებას აპირებთ?
- მთავრობის წევრი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, პოსტზე ერთი წამი არ გავჩერდებოდი და მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია გადააყენეს, თანამდებობას დავტოვებდი. ამას დემონსტრაციულად გავაკეთებდი, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო ცხოვრებას, ეს ყველაფერი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, რადგან ეს პარლამენტი არჩევითი ორგანოა, სადაც ხალხმა მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩია, ხოლო ვიცე-სპიკერად მხარი დეპუტატებმა დამიჭირეს. პირადი სურვილი, რომ პოსტიდან გადავდგე, არ მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ეს სწორი ნაბიჯია, რადგან ეს პოლიტიკური ტრიბუნაა და ეს თანამდებობა პოლიტიკური შესაძლებლობების გამოსახატავად მჭირდება. ამიტომ ვთვლი, რომ ამ პოსტზე უნდა დავრჩე და საქმიანობა გავაგრძელო თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან. მართალი გითხრათ, უმრავლესობის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ მათ ისეთი ოპოზიცია ჰყავდეთ, რომელთანაც არა მარტო იკამათებენ, არამედ ითანამშრომლებენ კიდეც. ერთი კვირაა, რაც ოპოზიციაში ვართ და ერთმანეთის მიმართ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულები არ ვართ და არც მომავალში ვიქნებით, თუ სიტუაციები სერიოზულად არ შეიცვალა.
მე რომ უმრავლესობაში ვყოფილიყავი და კოალიციიდან სხვა პოლიტიკური ძალა გასულიყო, რა თქმა უნდა, პრაგმატული და პოლიტიკური თვალსაზრისით, იმის წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ ესა თუ ის პირი პოსტიდან გაგვეშვა.
თუმცა, რეგლამენტში წერია, რომ თქვენ ვიცე-სპიკერის თანამდებობა უმრავლესობის კვოტით გიკავიათ. შესაბამისად, რეგლამენტთან წინააღმდეგობაში არ მოდიხართ?
- ბუნებრივია, რეგლამენტის მოშველიება სერიოზულად არ ჩანს, რადგან საზოგადოებაში აღქმა არის, რომ ჩემი პოსტიდან გადაყენება პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. თანამდებობა უმრავლესობის კვოტით მიკავია, მაგრამ რეგლამენტში არ წერია, რომ პოსტიდან ჩემი უკან გამოწვევა სავალდებულოა. უმრავლესობას ამის არავითარი ვალდებულება არ გააჩნია. არ მგონია, რომ ეს საკითხი კონფრონტაციულ რეჟიმში უნდა გაირკვეს. მოვლენებს დაველოდები. საქმე ასე იქნება თუ ისე, ჩემთვის სულერთია, რადგან პოსტებს არ ვებღაუჭებით. ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანამდებობიდან მაყენებენ. ეს ფაქტი რიგით მერამდენე შემთხვევა იქნება, არც მახსოვს. ამ პროცესებით ხელისუფლება ზიანს თავის თავს მიაყენებს. როცა პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოვედით, ემოციურად განვაცხადე, რომ „ამათთან ერთად ყოფნა არ ღირს“, რაც ჩემი მხრიდან დასტური იყო იმის, რომ ამათთან ერთად აღარ ვიქნებოდით. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ვარ და კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ვიღებ, როგორც დეპუტატს ერთი ხმა მქონდა და მომავალშიც მექნება. ვიცე-სპიკერი ვიქნები თუ არა, ჩემი ერთი ხმა ჩემთვის პოლიტიკური იარაღია. ვიცე-სპიკერის პოსტი დამატებითი საშუალებაა ბიუროზე გამოსვლის, დებატების დროს ჩემი საკუთარი დროის ქონის და კიდევ უამრავი პოლიტიკური ბერკეტია, რომელიც როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს მჭირდება.
იქედან გამომდინარე, რომ უმრავლესობის ნაწილი აქტიურობს, გამორიცხავთ, რომ პოსტიდან გადაგაყენონ?
- არაფერს არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი უმრავლესობის გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც ჩანს, მათ შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რაც ძალიან კარგია.
უმრავლესობაში „თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილი ნაციონალებით ჩაანაცვლეს და ამით უმრავლესობა დაშლისგან იხსნეს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის, ყოფილი ნაციონალებით უმრავლესობის შენარჩუნება, უხერხულობას არ ქმნის?
- გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის. უმრავლესობის გადასაწყვეტია, საკუთარ რიგებში ვის შეიყვანს. ამ საკითხის სისწორესა და ცუდ მხარეზე ნაკლებად ვისაუბრებ, რადგან თემა ჩემთვის მთავარი არ არის. მთავარია, ქვეყანა წინ როგორ წავა და ხელისუფლება იმ ამოცანებს როგორ გაუძღვება, რომელიც მათ წინაშე დგას. თუ თვლიან, რომ ასეთი დეპუტატებით ქვეყნის წინსვლას გააძლიერებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. უმრავლესობაში რომ ვყოფილიყავი, ამ საკითხს მხარს არ დავუჭერდი, რადგან საზოგადოების მეხსიერება ხომ არსებობს?! ხელისუფლებაში კოალიცია იმისთვის არ მოსულა და მათთვის ხალხს ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ უმრავლესობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იყვნენ. მმართველი ძალა საზოგადოებამდე ამ გზავნილების მიტანას როგორ მოახერხებს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ზოგ-ზოგიერთებმა ჩვენზე საუბარს თავი დაანებონ, რომ თითქოს, ჩვენ ნაციონალებთან რაღაც კავშირებს ვეძებთ. ჩვენ ქვეყნის ოპოზიცია არ ვართ, არამედ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ოპოზიცია ვართ. დეკლარირებულია, რომ ჩვენ ევროატლანტიკური კურსი გვიჭირავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მთავრობის მხრიდან რა გაკეთდება და რა ნაბიჯები გადაიდგმება, ამას გამადიდებელი ლუპით დავაკვირდებით და მთავრობას არ დავინდობთ.
ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ კამპანიაში საპარლამენტო ძალებიც ჩაერთვენ. დავით საგანელიძემ აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოში მასალების წარდგენა მოსთხოვა. ამ მხრივ, უმრავლესობის ლიდერის გააქტიურებას, რას უკავშირებთ?
- ამას პოლიტიკურ თემას ვუკავშირებ. ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ძალის მიმართ ღარიბაშვილის გუნდის მობილიზება მიმდინარეობს, რათა „თავისუფალი დემოკრატების“ და თავად ირაკლის დისკრედიტაცია მოხდეს, თითქოს, ესენი არიან კორუმპირებული ხალხი, რომელთაც ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. გარწმუნებთ, რომ როგორც გაზაფხულის თოვლი გაქრება და საპნის ბუშტი გასკდება, ეს საქმეებიც ასე გაქრება, რადგან არაფერი იქ არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ღარიბაშვილის გუნდს პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება, როდესაც ეს საქმეები ადეკვატურ დასრულებამდე ვერ მივა. ანუ, ბოლომდე იმას ვერ მიიყვანენ, რასაც დღეს ებღაუჭებიან. ამ პროცესებში მაქსიმალურად ყველა ბერკეტს იყენებენ და საპარლამენტო მექანიზმებიც კი ჩართეს, რაც არასასიამოვნოა, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად ვართ და ვერავინ ვერ შეგვაშინებს.
თქვენი ძალის წინააღმდეგ დავით საგანელიძე რატომ აქტიურობს?
- საგანელიძეზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ ოპოზიციაში წლები გვაქვს გატარებული და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ყველა თვითონ იღებს. როგორც ჩანს, ის როგორც უმრავლესობის ლიდერი ისე მოქმედებს და თვლის, რომ ის უნდა იყოს აქტიური. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულს და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებს მახსენებს. ამ მოვლენებს შორის რაღაცას საერთოს ვხედავ და ჩემთვის სამწუხაროა, რომ იგივე მეთოდებია, რაც წარსულში იყო.
მახსოვს, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან გადაგაყენეს, თქვენი თანამდებობა დავით საგანელიძემ დაიკავა. ასე იყო?
- დიახ, ეს ასე იყო. როცა ივანიშვილმა პირველ პოლიტიკურ ძალად მიგვიღო, თანამდებობიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადამაყენა, ფრაქცია დავშალეთ და ეს პოსტი დავით საგანელიძემ დაიკავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ალიანსში შემოვიდა, თანამდებობიდან ისიც მალე გადააყენეს.
ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სამთავრობო ძალების გაატიურებას ვხედავთ. შესაბამისად, ირაკლი ალასანიას დაკავებას გამორიცხავთ?
- არაფერს არ გამოვრიცხავთ. შეიძლება, ვიღაცის თავში ან გონებაში რაღაცა ტრიალებს, მაგრამ ეს საკითხი თუ ასე მოხდა, ეს სახელმწიფოს ძალიან სერიოზულად დაასუსტებს, მთავრობაზე ლაპარაკი ხომ აღარ არის. ხელისუფლება ევროპული კურსის ურყევობაზე გვესაუბრება, მაგრამ ეს თუ ასე მოხდა, ამით ყველანაირი თემა მთლიანად დასრულდება, პროცესები სულ სხვა რეჟიმში გადავა და საზოგადოება ამას ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, ვიღაცას მოსწონს ალასანია, თუ ვიღაცას არა. მისდამი უარყოფითად განწყობილი ძალიან ცოტა ადამიანია. მოვლენები საკმაოდ რთულად განვითარდება, რომლის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.
როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანია არ მოსწონს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არის „უჭკუო“, „ამბიციური“ და „ავანტიურისტი“...
- ეს განცხადება დამაზიანებელი მთავრობის თავმჯდომარისთვის იყო. ასეთ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებთ, რადგან ეს ჩვენს ღირსებას არ ეხება, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით ჩვენ დაგვაზარალებს ძალიან ცდება, ვინაიდან, საკუთარ თავს დააზიანებს და ის ტალახი უკან მიუბრუნდებათ, რომლის სროლასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენი მისამართით ცდილობენ. ამ განცხადებას ალასანიამ კარგად უპასუხა და თქვა, რომ პრემიერი სახეს კარგავს. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება მთავრობის წევრებსაც არ მოეწონებოდათ.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ-დემოკრატებს“ შორის შესაძლოა, თანამშრომლობა დაიწყოს, ამის თაობაზე ოპონენტებს რას უპასუხებთ?
- „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას არც ვაპირებთ და ეს თემა არც განიხილება. ვინც აპირებს და ეს ხალხი ვინც მიიერთა, ამის ფაქტები უკვე არის და ამ თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. რაც უნდა ჩირქი მოგვცხონ და ტალახი გვესროლონ, ყველაფრისთვის მზად ვართ და არაფერი არ გვაშინებს.