რის სანაცვლოდ აპატიეს „ყაზტრანსგაზს“ 10 მლნ ვალი?

რის სანაცვლოდ აპატიეს „ყაზტრანსგაზს“ 10 მლნ ვალი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტს კონკრეტული შედეგი მოჰყვა. ყაზახეთის და საქართველოს მთავრობებმა მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისზე” მართვის კონტროლი ყაზახი მენეჯერების ხელში გადავა. კომპანიას ვალის ნაწილი ჩამოეწერება, ხოლო ნაწილს გადაუვადებენ. რამდენად შეასრულებენ ყაზახები ახალ პირობებს, მალევე გამოჩნდება.

კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზში მითითებულია, რომ წინა კვირას, თბილისში ჩატარებულ ყაზახეთი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა მორიგების შეთანხმებას „ყაზტრანსგაზსა” და „საქართველოს ბანკს” შორის, რომლის შესაბამისადაც „ყაზტრანსგაზ-თბილისს” ჩამოეწერა 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ვალი, ჯარიმებით და პროცენტებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე არსებული, 2008-09 წლებში წარმოშობილი 34 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დავალიანების რესტრუქტურიზაცია. ეს ის ვალია, რომელიც თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას, „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” მიმართ, მიწოდებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო დაუგროვდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისში”, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” მიმართვის საფუძველზე, 2009 წლიდან სპეციალური მმართველი დაინიშნა. წლების განმავლობაში სწორედ ქართველი მენეჯერები უზრუნველყოფდნენ კომპანიის მეტ-ნაკლებად გამართულ მუშაობას.

„ყაზტრანსგაზში” თვლიან, რომ მიღწეული შეთანხმება ასახავს მხარეების საერთო დაინტერესებას მომავალი კონსტრუქციული პარტნიორობისა და ხსნის გზას საქართველოს ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული ბიზნეს-მიმართულების რეალიზაციისთვის.

ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო ყაზახური ინვესტიციების მეორე ტალღის დაწყების საკითხიც. სხვათა შორის, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საკითხიც დარეგულირებაც ამ კონტექსტში განიხილებოდა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ყაზახეთს საქართველოში დიდი ინვესტიციებით შემოსვლის სურვილი აქვს. ამიტომაც ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ბათუმის პორტის განვითარების, სატრანსპორტო კორიდორის განვითარების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

მისივე თქმით, ასევე იქნება საუბრები სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე. „ყაზახეთს აქვს სურვილი, შემოვიდეს დიდი ინვესტიციით საქართველოში. ჩვენ ამისთვის ყველანაირად უნდა შევქმნათ ადგილი”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ბოლო წლებში ყაზახურ კომპანიებს საქართველოში გარკვეული პრობლემა შეექმნა. სასტუმრო “ლიკანის” და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გარდა, ამ მხრივ აღსანიშნავია „აქსაი ბიემსი,“ რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან სასამართლო დავა აქვს: ყაზახური კომპანია ენერგეტიკის სამინისტროს ვალდებულებების მიზანმიმართულად დარღვევაში ადანაშაულებს.

ამ ეტაპზე საქართველოში 90–მდე ყაზახური კომპანია მოქმედებს. ყაზახური ინვესტიციების მეორე ტალღის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელმძღვანელმა ადილ ტურსუნოვმა ისაუბრა. მან აღიარა, რომ საქართველოში ყაზახური ბიზნესის პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის და მეტის მოლოდინი იყო. წამოვა თუ არა ინვესტიციების მეორე ტალღა, ამის შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი.