„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სახელწოდებით „არა ანექსიას“ დაახლოებით ორ საათნახევარში დაიშალა. მთავარ ლოზუნგს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა „არა ოკუპაციას“ და „ძირს მთავრობაც“ დაუმატა, აკაკი ბობოხიძე კი ხელისუფლებას „გულის გახეთქვით“ დაემუქრა.
მანამდე კი აქციის მონაწილეები საათების განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მიმდებარედ იკრიბებოდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და ლოგოტიპიანი მაისურებით „აღჭურვილი“ 5-10 კაციანი ჯგუფების ლოკალური საპროტესტო მსვლელობა დღის 12 საათიდან დაიწყო. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთი და მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
სწორედ, სამართალდამცველებს დაუკავშირეს საკუთარი აქციის შეწყვეტა „სახალხო დარბაზის“ წევრებმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციას გეგმავდნენ და ამ მიზნით ფილარმონიასთან შეიკრიბნენ კიდეც. ნაციონალების და მათი მხარდამჭერების სრულად შეკრებამდე მათ სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ აქციას სახელმწიფოებრივი აზროვნების გამო აუქმებდნენ.
„ვარდების მოედანზე“ დაგეგმილი „ნაციონალური“ აქციის მთავარ და მოკავშირე სუბიექტებს შეკრებაში ხელი არ შეშლიათ. დათქმულ დრომდე დაიწყეს ლოკალური საპროტესტო მსვლელობები „თავისუფალი ზონის“; „აპრიორის“, „სამართლის თაობისა“ და „ახალი იუნკრების“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„სამართლის თაობის“ წევრი გირშელ ბართაია, რომელიც თვეების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენდა for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ნაციონალების აქციას შეუერთდა, რადგან ხელისუფლების საგარეო კურსი არ მოსწონს.
„მივიჩნევთ, ხელისუფლება ატარებს არასწორ საგარეო პოლიტიკას განსაკუთრებით რუსეთთნ მიმართებაში, მოვითხოვთ, მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, დეანექსია და მოვუწოდებთ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს, ერთად დავდგეთ, ვაჩვენოთ მტერს და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და თავისუფლების სადარაჯოზე“,- აცხადებს გირშელ ბართაია და აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზაციის წევრები რუსთაველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.
ვიდრე ნაციონალების ლიდერები „ვარდების მოედნიდან“ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობისკენ მოუძღვოდნენ, „ახალი იუნკრების“ წევრები შავწარწერიან თეთრ დროშებს აფრიალებდნენ და საკრავებზე სიმღერებს ასრულებდნენ. როგორც თავად გვითხრეს, ორგანიზაცია სამი დღის წინ დაფუძნდა და პირველი აქტივობა ანექსიის წინააღმდეგ, სწორედ, 15 ნოემბერს გამოხატეს.
„ჩვენი მთავარი სათქმელია არა ანექსიას, არა საქართველოს იმ ნაწილის ანექსიას, რასაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჰქვია.. საქართველო არის ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის ისეთივე სამშობლო, როგორც ქართველისთვის. ეს იქნება ერთიან, თავისუფალ მოქალაქეთა ქვეყანა და არა ერთი რომელიღაც „ბუტკაში“ თავშეფარებული მოქალაქის მიერ დაწერილი სცენარისა“,- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას „ახალი იუნკრების“ წარმომადგენელმა რეზო ჩანტლაძემ. ჩანტლაძე განმარტავს, რომ გაიგო, რუსთაველზე ანექსიას აპროტესტებდნენ და ორგანიზაციის წევრებთან ერთად მივიდა. როგორც თავადვე ამბობს, აქციის ორგანიზატორებით არც დაინტერესებულა.
„არ ვიცი, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი, ეს არ მიკითხავს და არ მაინტერესებს, თუ „ნაციონალური მოძრაობაა“ ამის ავტორი, ჩემი „რესპექტი“ მას და საყვედური სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებამც ვერ მოიფიქრეს, რომ ასეთი აქცია მოეწყოთ“,- განაცხადა ჩანტლაძემ.
რუსთაველზე შეკრებილთა უმეტესობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ოპოზიციურ პარტიას ანექსიის საწინააღმდეგო აქციის „ექსკლუზივს“ უწუნებდა.
„სააკაშვილის მთავრობის დროს დაზარალებული ვარ. დღევანდელ აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ ნაციონალებს პირადად ვუთხრა: მათ არ აქვთ უფლება მოაწყონ აქცია და დაარქვან მას „არა ანექსიას“. ეს არ არის ის თემა, რომელიც მათ უნდა წამოსწიონ პარტიის სახელით. ეს თემა არის საქართველოს ტკივილი და არა ცალკე აღებული რომელიმე პარტიის – სამთავრობო იქნება ეს, თუ ოპოზიციური. ხალხს უნდა ჰკითხონ რეფერენდუმის გზით – ევროპა უნდათ, თუ აზია“, - განუცხადა for.ge-ს ქეთევან თედორაძემ - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პენსიონერთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, რომელიც პარლამენტის წინ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მივიდა.
ნაციონალების ორგანიზებულ აქციაზე საზოგადოების ცნობადი სახეებიც გამოჩნდნენ. პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი აქციის გამართვის აუცილებლობას for.ge-სთან საუბრისას ასე ასაბუთებს:
„ვფიქრობ, თავისუფალი ქვეყნის გადაქცევა რუსი ოლიგარქის პირად საკუთრებად, დანაშაულია - დანაშაულია მომავალი თაობისთვის, დანაშაულია ისტორიისთვის. დღეს რაღაცის არცდონა აღარ არის არცოდვა. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში. თანაც, ეს ომია, რომელიც რუსეთთან უკვე საუკუნეებია გრძელდება, ამ ომს აუცილებლად ექნება დასასრული, ჩვენი ინსტინქტი და დანიშნულებაა, ვიყოთ თავისუფლები. ამიტომ, ამ ომში ჩვენ არ დავნებდებით არასდროს“. პოეტი მიჩნევს, რომ ხელისუფლების დუმილი დასაგმობია და ანექსიის საკითხზე საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.
„ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ხელისუფლების სამარცხვინო დუმილს. დუმილს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ეთანხმები და ლაპარაკს მაშინ აქვს აზრი, თუ სიმართლეს ამბობ“, - აცხადებს დავით-დეფი გოგიბედაშვილი.
სოციოლოგი გია ნოდია კი, რომელიც აქციაზე მეულღესთან ერთად გამოცხადდა, ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ 15 ნოემბრის აქციისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს.
„მთავარი მიზანი ამ აქციის არის ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს გამოკვეთილი აზრიანი პოლიტიკა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორირიების საკითხზე. ხელისუფლებისგან რამე კონკრეტულ ნაბიჯს კი არ მოვითხოვთ, არამედ, მოვითხოვთ, რომ იყოს ხელისუფლება. არ იყოს დაკავებული მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებით. ამ აქციისგან რაღაც კონკრეტულ შედეგს არ ველი, ეს არის, უბრალოდ, ადამიანების მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ აქციის შემდეგ სხვა ხელისუფლება მოვა, ან მოქმედი ხელისუფლება გადახედავს საკუთარ პოლიტიკას“,- განუცხადა for.ge-ს გია ნოდიამ. სოციოლოგი აღნიშნავს, რომ რუსთაველზე მხარდამჭერების შეკრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალები მოსინჯა.
„ეს ასპექტი აქვს ყველა პოლიტიკურ აქციას - ყოველთვის ყოველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, შეკრიბოს მხარდამჭერები და სხვასაც დაანახოს ეს. აქციაზე რაც მეტია ხალხი, მით უკეთესი. ვიღაცის თვალში ცოტა იქნება, ვიღაცის თვალში ბევრი“,- აცხადებს გია ნოდია.
ნოდიას მსგავსად აქციაში მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. „ტაბულას“ დირექტორი მეუღლეს მხარდამხარ მოჰყვებოდა და „ვარდების მოედნიდან“ პარლამენტის შენობისკენ მომავალ ყველაზე ხალხმრავალ კოლონას მოუძღვებოდა.
„ჩვენი აქციის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო არასდროს შეეგუება სუვერენიტეტის დარღვევას, არასდროს გადაუხვევს იმ გზიდან, რაც აირჩია. ეს არის თავისუფალ სამყაროში - ევროპაში საბოლოო დაბრუნების გზა. ეს გზავნილი არის ივანიშვილის მთავრობის ორწლიანი მმართველობის ერთგვარი განაჩენი. საქართველოს არ სჭირდება მთავრობა, რომელსაც არც ნება, არც უნარი, არც ხედვა და სურვილი არ აქვს, რომ იმ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და თუ ამ გზავნილს ვერ გაიგებენ, მალე დადგება დემოკრატიული განაჩენიც - არჩევნების გზით“,- განუცხადა for.ge-ს გიგა ბოკერიამ.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამდე საზოგადიების ერთსულოვნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი შაშკინი.
„რუსეთმა დაიწყო დე-იურე ანექსია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ერთად კონსოლიდირებული, რომ გაჩერდეს ეს იურიდიული ანექსია. მერე ძალიან რთული იქნება ამ ტერიტორიების დაბრუნება. მით უმეტეს, იმ ახალი მუქარების ფონზე, რაც მოდის რუსეთიდან - ქვეყნის გახლეჩვის მუქარა გაისმა და ეს პირველად არის 2008 წლის შემდეგ“,- განუცხადა for.ge-ს შაშკინმა.
საკუთარ შეფასებებში სხვებზე მატად კრიტიკულია პარლამენტარი შოთა მალაშხია, მისი თქმით, ხელისუფლება სერგო ორჯონიკიძეზე სამარცხვინო ნაბიჯებს დგამს.
„სერგო ორჯონიკიძესაც არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, რასაც აცხადებს პრემიერ–მინისტრი, ვგულისხმობ იმას, რომ აფხაზეთში უამრავი ადამიანი არის გაუპატიურებული, ცოცხლად დამწვარი, ცოცხლად დამარხული და ა.შ. და ამას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ეძახის თვითგამორკვევას. დღევანდელი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეს ასე უნდა იყოს, რუსეთთან კონსტრუქციული რეჟიმია საჭიროო. ამიტომ, ვფიქრობ, აქციაზე საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს. რაც საქართველოში რუსეთის ხელით ხდება, ამას ჩვენ არავის შევარჩენთ. რუსეთი ამისთვის კონტრიბუციას გადაიხდის, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის ისტორიაში შევა, ალბათ, როგორც ყველაზე სამარცხვინო და ამას ასწავლიდნენ იქნება ბავშვებს, რომ ასეთი არ უნდა იყოს არასდროს რომელიმე ქვეყნის ხელისუფალი“,- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მალაშხიამ.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანექსიის საწინააღმდეგოდ, იგი ასე პასუხობს: „სხვადასხვა ქვეყნის ოკუპაციაზე მაქვს მომზადებული 17 დოკუმენტური ფილმი. ყველაზე დადებით მაგალითად მიიჩნევა ფინეთის ოკუპაციის მცდელობა, როცა ფინეთმა დაკარგა თავისი ტერიტორიის 10%, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებს, ჩვენს შემთხვევაში 20%–ია ოკუპირებული და ამას მთელი მსოფლიო ეძახის ოკუპირებულ ტერიტორიას, ეს იმას ნიშნავს რომ მას დეოკუპაცია მოჰყვება. 1946 წლიდან არის ოკუპირებული იაპონიის კუნძულები. იაპონია მსოფლიოში მეორე ადგილზეა ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ქვეყანამ ვერ მოახერხა საერთაშორისო დონეზე დაეყენებინა საკითხები ისე, როგორც ჩვენ დავაყენეთ. მაგრამ დღეს ეს პროცესი არა მხოლოდ გაჩერებულია, არამედ, უკან არის დაწეული. დარწმუნებული ვარ ჩვენ დავბრუნდებით, ამ ყველაფერს დავიბრუნებთ და აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც უკრაინა აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს შოთა მალაშხია. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებისთვის კოდორისა და ახალგორის დამატების ფაქტზე კი აცხადებს, რომ ეს ტერიტორიები დაკარგული არ არის და რადგან ოკუპაცია აღიარებულია, ეს ნიშნავს, რომ მას დეოკუპაცია მოჰყვება.
„ჩვენ 4 წლის წინ ვთქვით, რომ პუტინი, ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა, დღეს ამას ამბობს მაგალითად, დევიდ კემერონი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენთან დაკავშირებით მსოფლიომ თუ დაიგვიანა რეაქცია, აწი აღარ დაიგვიანებს - როდესაც მოითმენ საქართველოში, იმავეს მოითმენ უკრაინაში, მოითმენ უკრაინაში - მიიღებ ბალტიისპირეთში... დღეს ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, უკრაინის ცენტრი იქნებოდა საქართველოში და მსოფლიოს მობილიზება მოხდებოდა საქართველოში“,- აცხადებს შოთა მალაშხია. იგი ხელისუფლების დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ანექსიის სახელით წამოწყებული აქციის მთავარი მიზანი მოქმედი ხელისუფლების დემონტაჟია. ეს მოხდება კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ხელისუფლება აღარასდროს აღარ იქნება არჩეული საქართველოში“,- განმარტავს შოთა მალაშხია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი „მსუყე ნაწილი“ პარტიის თავმჯდომარის მიმართვა იყო. მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელები და მხარდამჭერები კიევიდან გაამხნევა და ერს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენ საქართველოს მეგობართა დიდი არმია ჰყავს, ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო – ამაყი, ღირსეული, განსაკუთრებული ქვეყანა“, - განცახდა სააკაშვილმა.
ბოლო წლების განმავლობაში გამართული აქციების მსგავსად 15 ნოემბერს აქტუალური კვლავ გახდა კითხვა: რამდენი ადამიანი მივიდა „ნაციონალური მოძროაბის“ აქციაზე? პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსთაველზე მისული მათი მხარდამჭერების რიცხვი 40-50 ათასს აჭარბებდა. სხვები „გუგლის“ მონაცემებით, მომიტინგეებს დაახლოებით 10 ათასის ფარგლებში ითვლიან. ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ წამყვანს კი ღია ერთეში წამოცდა, რომ რუსთაველზე „ზუსტად 5 საათზე ათასობით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი“. რეალურად, დასკვნითი ნაწილის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ჩიტაძის ქუჩასა და ქაშუეთის ეკლესიას შორის, იყვნენ შეკრებილები.