მოვალეთა რეესტრს ყოველთვე 3 ათასი ადამიანი ემატება

მოვალეთა რეესტრს ყოველთვე 3 ათასი ადამიანი ემატება

მოვალეთა რეესტრის ბოლო ინფორმაციით, ბაზაში 132 ათასი გადახდისუუნარო პირია მოხვედრილი. ერთ წელიწადში მოვალეთა რეესტრის ბაზა 34 ათასზე მეტი ადამიანით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დამატებით 3 ათასამდე ადამიანს ექმნება სესხის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა. ასე თუ გაგრძელდა 1-2 წლის შემდეგ ვითარება საგანგაშო იქნება.

2013 წლის ნოემბრის დასაწყისში რეესტრში 98 ათასამდე ფიზიკური და იურიდიული პირი იყო რეგისტრირებული. სააღსრულებლო ბიუროს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სააღსრულებო საქმეთა რაოდენობამ 7 ათას ერთეულს გადააჭარბა, აღსრულებულ საქმეთა რაოდენობამ - 4,6 ათასს.

საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სადაც 124 ქვეყნის პრობლემურ სესხებზეა ინფორმაცია, საქართველო 52-ე ადგილზეა, რაც საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლია. სავარაუდოა, რომ პრობლემური სესხების ასეთი მცირე წილი ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიან ოდენობაში იმით არის გამოწვეული, კრედიტების დიდი ნაწილი არაოფიციალურ ბაზარზე კერძო მევახშეებისგან არის აღებული.

მსესხებელთა დიდი უმრავლესობისთვის მევახშისგან თანხის სესხება უკიდურესი გამოსავალია, რომელსაც მაშინ მიმართავენ, როდესაც კომერციული ბანკებიდან სესხზე უარს იღებენ ან ცდილობენ დაფარონ სხვადასხვა ფინანსური დაწესებულებიდან უკვე აღებული პრობლემური სესხი.

უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი სისტემატიურად იზრდებოდა ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

სპეციალისტების შეფასებით, პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდას იწვევს მაკროეკონომიკური ფაქტორები (ეკონომიკური ზრდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სიღარიბის დონე და შემოსავლების უთანასწორობა), ბიზნესსექტორის სპეციფიკა (რისკების არაადეკვატური შეფასება და რისკების მართვის არცოდნა) და სხვა ფაქტორები, როგორიცაა მსესხებლის არაინფორმირებულობა, ჭარბი ვალი (ვალის აღება სხვა ვალის დასაფარად), არაადეკვატური ჯარიმები და დაუბალანსებელი სააღსრულებო კანონმდებლობა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო სესხზე საშუალო საპროცენტო განაკვეთის სიდიდით მსოფლიოში მეთერთმეტე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეორე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა.

ექსპერტ ლია ელიავას აზრით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ პრობლემური სესხების მაჩვენებელი გაიზარდოს და ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდეს.

„ხშირ შემთხვევაში მსესხებელი მაღალი საკომისიოს გადახდას ვეღარ ახერხებს და სესხი პრობლემურში გადადის. არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ასეთი სესხების რაოდენობა მოიმატებს და ამით სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი გაიზრდება. ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხალხის დიდი ნაწილი.

გამოსავალი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაა. ვფიქრობ, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს“, - აცხადებს ლია ელიავა.