ბრიუსელში ვიზიტის წინ, მინისტრის ფარღალალად დარჩენილი სავარძელი

ბრიუსელში ვიზიტის წინ, მინისტრის ფარღალალად დარჩენილი სავარძელი

17 ნოემბერს, როდესაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ახალი გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის პირველი ასოცირების საბჭო. ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებამდე დაიგეგმა. პრემიერთან ერთად გაემგზავრება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ამ დელეგაციაში არ იქნება ევროპული და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მიზეზი კი, საკადრო ცვლილებებია, რომელიც მთავრობაში 4 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებებისა და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების ბრალდებით, თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ალასანიას გადაყენების შემდეგ თანამდებობა დატოვეს საგარეო საქამეთა და ევროპული და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრებმა.

ირაკალი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის შერჩევაში დიდი დრო არ დაუკარგავს. უწეყება უსაფრთხოებისა და კრიზიესების მმართველის ხელმძღვანელს, მოქმედ პოლკოვნიკს, მინდია ჯანელიძეს ჩააბარა. უწყებაში მისულ ჯანელიძეს მოადგილეების სავარძელი პრემიერის ბრძანებით თავისუფალი დახვდა. კანონის შესაბამისად, თავდაცვის მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს კურირებენ. პირველი მოადგილე, მოადგილე საერთაშორისო მიმართულებაში, მოადგილე სოციალური საკითხების და პიარის საკითხებში, მოადგილე განათლების და საკადრო საკითხებში და მოადგილე ფინანსურ საკითხებში. თუმცა, მინდია ჯანელიძეს ამ დრომდე არც ერთი მოადგილე არ ჰყავს.

შექმნილ ვითარებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი სახელმწიფო სტრუქურების მართვის გამოუცდელობით ხსნის. მისივე განცხადებით, მწირი საკადრო რესურსების პიროებეში, არ იყო აუცილებელი თავდაცვის ახალ მინისტრს მოადგილეების 5 ცარიელი კაბინეტი დახვედროდა.

„მას ჩამოერთვა უფლება, რომ გასაუბრებოდა მინისტრის მოადგილეებს და თავად გადაეწყვიტა ვინ იქნებოდა მისი მოადგილე, რადგან ეს გარკვეული ფობიები სწორედ გამოუცდელობას ეფუძნება. საფრთხე იმისა, რომ ალასანიას მოადგილე თავდაცვის სისტემაში იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს თითიდან გამოწვეული საფრთხე გახლავთ. ნათქვამია შიშს დიდი თვალები აქვსო და ამ დიდი თვალებით ამჯობინებენ კაბაინეტი ცარიელი იყოს, ვინდრე მისი მფლობელი ერთ პროცენტიან ეჭვს მაინც იწვევდეს დღევანდელი და წინამორბედი პრემიერ-მინისტრებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

პრემიერ-მინისრტმა საგარეო მიმართულება, თამარ ბერუჩაშვილს ჩააბარა. რომელიც მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა, მაგრამ პრემიერთან საუბრის შემდეგ გადადგომა გადაიფიქრა და ეს „ემოციური სოლიდარობით“ ახსნა. მისი განცხადება „საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია“ დღემდე ექსპერტების განსჯის საგანია. პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უწყებაში რჩებიან მოადგილეები - დავით ჯალაღანია და ლევან გურგენიძე, თუმცა ვაკანტური რჩება მესამე მოადგილის თანამდებობა.

რაც შეეხება ევროპული და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, 11 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენდა, მაგრამ მინისტრის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე დავით დონდუა ასრულებს, რომელიც უწყებაში ევროატლანტიკურ მიმართულებას კურირებდა.

ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია სწორად იყოს შერჩეული ხელმძღვანელი, რომლიც იქნება პრინციპული ადამიანი და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ირაკლი ალასანიას განთავისუფლებას იქვე მოჰყვა განცხადება მისი შემცვლელის შესახებ, სირთულეები შეიქმნა საგარეო უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე, სირთულეები შეიქმნა, როგორც ჩანს, ჩემი შემცვლელის თაობაზე, არა იმიტომ, რომ მე შეუცვლელი ვარ. არა, საქართველოში საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრია, უბრალოდ, შესაძლოა, ადამიანებს ძალიან სერიოზულად აფიქრებთ ის ფაქტი, რომ თავისი მოვალეობის ისე შესრულების პირობებში, როგორც ეს მათ სწმათ და აქამდე უკეთებიათ, მომავალში შეიძლება დადანაშაულებული იქნენ, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლობირებაში. ასე რომ, მე მესმის ადამიანების, ვინც დღეს თავს იკავებს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ გადაწყვეტილების გაჭიანურება პროცესს არ არგებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.

სოსო ცისკარიშვილი განმარტებით ბრიუსელის ვიზიტის წინ ევროპული და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტური თანამდებობა, საერთაშორის ასპარეზზე არანაირ სიკეთეს არ შემატებს ქვეყნის პოზიციას.

„ბრიუსელში ვიზიტის წინ ფარღალალად დარჩენილი ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სავარძელი, ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზარალებს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიმე მაინც დასახელდეს ამ თანამდებობაზე და ბრიუსელში მიმავალ დელეგაციას შეუერთდეს. თუ ეს კადრი არ იქნა გამოცდილი და პროფესიულად დამაჯერებელი პერსონა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ შეიძლება ვინმე ექსკურსიაზე წაიყვანონ ბრიუსელში.

მართალი გითხრათ მეგულება არაერთი გამოცდილი დიპლომატი, საქმეში ჩახედული, მაგრამ ვშიშობ, რომ ადამიანი რომლის მიმართაც მე კომპლიმენტებს გამოვთქვამ, პირიქით გახდეს იმ სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, რომელიც დღეს უკავია, რადგან ჩემი რეკომენდაცია სრულიად სხვა ასოციაციის ინკუპატორი შეიძლება იყო უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

საქართველოს ატლანატიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის უწყებაში მიმდინარე პროცესები, ბრიუსელში ვიზიტი წინ არანაირად არ იქნება კარგად აღქმული.

„ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით მომუშავე ხალხი წავიდნენ მთავრობიდან. როდესაც ამ დრომდე ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა ხელმძღვანელი პირის გარეშეა დარჩენილი, ეს აფერხებს იმ კონკრეტული გეგმების და ვალდებულებების განხორციელებას, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით. ეს პროცესი არ უნდა შეყოვნდეს.

„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა, მითუმეტეს ნატოსთან ურთიერთობის კონტექსტში, რადგან ის არის მთავარი ავტორი უელსის სამიტზე საქართველოსთვის მიცემული პაკეტის მოქმედებების და პროგრამების განხორციელების კუთხით. აქედან გამომდინარე, ეს პროცესები არაა კარგის ნიშანი, პროცესის შემაფერხებელია.

იმედია, რაც შეიძლება მალე გადაწყდება ეს საკითხი და შესაბამის, კომპეტენტურ პირს ვიხილავთ ამ თანამდებობაზე. ირაკლი ალასანიას მოადგილეები, რომლებიც ამ კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობდნენ, პროფესიონალურად უძღვებოდნენ ამ საკითხს. სამწუხაროა, რომ მათ ჩამოერთვათ ამ მიმართულებების განხორციელება. მითუმეტეს, პაკეტის განხორცილების კონკრეტულ დეტალებში იყვნენ ჩახედულები და შეთანხმების პროცესი საკამოდ წინ იყო წასული.

ახალ მოადგილეებს, რომლებიც ჯერ დანიშნულნიც არ არიან, გარკვეული დრო დასჭირდებათ საკითხის გარკვევაში და ასევე, დაამყარონ შესაბამისი კოლეგიალური ურთიერთობები ნატოს შესაბამის მოხელეებთან. ეს ყელაფერი საჭიროებს გარკვეულ დროს, რაც აფერხებს პროცესებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.