მთავრობამ მოსავლის სუბსიდირების პროგრამით წელს ბევრი კომპონენტი დააფინანსა და ციტრუსი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს. სავარაუდოა, რომ „ნარჯისფერ რთველზეც“ ამოქმედდება სამთავრობო პროექტი, რომელიც ძირითადად არასტანდარტულ ციტრუსს შეეხება.
სუბსიდირების პროგრამაზე მთავრობაში კარგა ხანს ფიქრობდნენ. რამდენადაც წლევანდელი მოსავალი სიუხვით არ გამოირჩევა, ერთი პირობა სახელმწიფო დახმარების გაუქმებაზეც იყო საუბარი. თუმცა უკრაინის საექსპორტო ბაზარზე გაუარსებულმა ვითარებამ, როგორც ჩანს, შარშანდელის მსგავსი პროგრამის აუცილებლობა დაასაბუთა.
ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, მართლაც მნიშვნელოვნად ნაკლებია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 70 ათას ტონას შეადგენს.
ჯერჯერობით, კრეფა ქობულეთშია მიმდინარეობს. ციტრუსის მიმღები ერთ-ერთი საწარმო 10 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს. ამ ეტპისთვის სასოფლო ცენტრებში აქტიურად მიმდინარეობს მანდარინის მიღება, სადაც სტანდარტული ნაყოფის სარეალიზაციო კომერციული ფასი 60-70 თეთრია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ციტრუსს წელს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ბაზარზე გაიტანენ.
ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიებმა არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარებაზე, შესაძლოა, უარი თქვან. შარშან ერთი კილოგრამი არასტანდარტული ციტრუსის ჩასაბარებელი ფასი 20-22 თეთრი იყო. კომპანიების ვარაუდით, წელსაც იგივე ფასი უნდა შენარჩუნდეს.
ისინი ერთ კილოგრამში მაქსიმუმ 10-12 თეთრის გადახდას გეგმავენ. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია არასტანდარტულ ციტრუსზე კი, სავარაუდოდ, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 თეთრი უნდა იყოს.
რამდენიმე კვირის წინ ამასვე ვარაუდობდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეც. მისი ინფორმაციით, განკარგულების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სტანდარტულ მანდარიზე - 15, ხოლო არასტანდარტულზე 10 თეთრი გაიცემა.
მესხიძის ინფორმაციით, ციტრუსის გატანის დროს საქართველოს საბაჟოზე ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობაზეც არის საუბარი. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც რეგიონიდან ციტრუსი გააქვთ, წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ბათუმში რამდენიმე ორგანიზაცია გასცემს.
არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარებას და მისგან წვენის წარმოებას აპირებს შპს „ციტრო“. კომპანია 100 ტონაზე მეტი ციტრუსის გადამუშავებას გეგმავს. „ციტროს“ ხელმძღვანელის, მერაბ მეტრეველის თქმით, კომპანია ვარაუდობს, რომ ციტრუსს, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10-12 თეთრად ჩაიბარებენ.
„სუბსიდიების გაცემა გლეხების დახმარება უფროა, ვიდრე იმ კომპანიების, რომლებიც ციტრუსს იბარებენ. იმ ფასად, რასაც ჩვენ ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსში ვიხდით, გლეხს ციტრუსის მოკრეფაც კი არ უღირს. როდესაც სუბსიდია 10 თეთრია, 20-22 თეთრი უკვე რაღაცას ნიშნავს გლეხისთვისაც“, - აცხადებს მერაბ მეტრეველი.
თუკი შარშანდელი ფასი წელსაც შენარჩუნდება, სავარაუდოდ, 1000 ტონა არასტანდარტულ ციტრუსს ჩაიბარებს კომპანია „კულაც“.
კომპანიის დირექტორი, ივანე გოგლიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ციტრუსის აჭარიდან ქართლში ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებათანაა დაკავშირებული, რის გამოც, შარშან ერთი კილოგრამი ციტრუსი 30-35 თეთრი დაუჯდათ. ამიტომ, თუკი წელს არასტანდარტული ციტრუსის ფასი მოიმატებს, ან სუბსიდია არ განხორციელდება, კომპანია 100-200 ტონაზე მეტის ჩაბარებას ვერ მოახერხებს.