ნაციონალი გიორგი ბარამიძე კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი ფაქტიურად, პუტინის გეგმის შემსრულებელ, ივანიშვილის ბანაკიდან წავიდა.
კანონმდებლის შეფასებით, კარგია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალები მიხვდნენ, რომ ივანიშვილის კურსი დასავლეთისკენ არის მხოლოდ რიტორიკულად მიმართული, ხოლო ქვეყანა საქმით ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს სცილდება.
რატომ უხდის ვიცე-სპიკერი მადლობას 1-ელ ოქტომბერს და ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალასანიას გუნდთან? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გიორგი ბარამიძესთან ჩავწერეთ:
პარლამენტში შესაძლოა, ვიცე-სპიკერების პოსტები თავიდან გადანაწილდეს. უმცირესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას თქვენ იკავებთ და თქვენი მისამართით მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძის პოსტიდან გადაყენების ნაცვლად, ის მხარს თანანმდებობიდან თქვენს გათავისუფლებას დაუჭერდა. ვიცე-სპიკერატში საკადრო ცვლილებებს ელით?
- იმდენად უმნიშვნელო თემაა, რომ ამ სისულელეზე საუბარი არც კი ღირს. ვისაც თანამდებობები აინტერესებს, მას შეუძლია, ამ საკითხზე მსჯელობა გააგრძელოს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი, სიღარიბე და ფასები იზრდება და სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით უკან-უკან იხევს, ამ თემაზე სჯა-ბაასი უზნეობად მიმაჩნია.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა 12 დეპუტატმა უმრავლესობა დაშლას გადაარჩინეს და ისინი მმართველ გუნდში გაწევრიანდნენ. ამას ელოდით?
- თუ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩვენ ბავშვებს ვჭამდით და სისხლს ვსმავდით, სამწუხაროდ, მაშინ ეს ადამიანებიც ჩვენთან იყვნენ და იმ ცუდსაც და კარგსაც ჩვენთან ერთად აკეთებდნენ. ამჟამად, ხელისუფლება ამ ადამიანებს გვერდით იყენებს და ღმერთმა შეარგოთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაგება ძალიან განიცადა, იმიტომ, რომ 1-ელი ოქტომბერი ქვეყნის განვითარების ნაცვლად, უკან დახევას მოასწავებდა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დადებითიც ჰქონდა. ჩვენთან რიგი ადამიანები მხოლოდ იმიტომ იყვნენ, რომ ხელისუფლებაში ვიყავით და მათი სურვილი იყო თანამდებობებზე ყოფნის თუ სიკეთის მიღების საშუალება ჰქონოდათ. ისინი საკუთარი ფეხით დაგვშორდნენ და ის პროცესი, რაზეც ძალიან ბევრი პარტია დიდ ენერგიას ხარჯავს, რომ გუნდი არასასურეველი ელემენტებისგან გაწმინდოს, ეს პროცესი ბუნებრივად განხორციელდა და 1-ელ ოქტომბერს მადლობა ამისთვის.
უმრავლესობაში მარიკა ვერულაშვილიც გადავიდა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ ის მმართველ გუნდში გადასვლას ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზების სანაცვლოდ დასთანხმდა. უმრავლესობაში ვერულაშვილს რომ ხედავთ, რა შთაბეჭდილება გრჩებათ?
- რა თქმა უნდა - ცუდი. საზოგადოებაში ამ ქცევას რა ჰქვია, ეს ყველამ კარგად იცის. შესაბამისად, დამატებით ჩემი კომენტარი საჭირო არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე „თავისუფალმა-დემოკრატებმა“ დააყენეს, რომელთაც პროტესტის ნიშნად, კოალიციის რიგები დატოვეს. მათი უკმაყოფილება პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორ აფასებთ, მთავრობაში განვითარებულ მოვლენებს?
- კარგია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალები მიხვდნენ, რომ ივანიშვილის კურსი დასავლეთისკენ არის მხოლოდ რიტორიკულად მიმართული, ხოლო საქმით ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს სცილდება, კერძოდ - იმ მიზნებს, რაც საქართველოს აქვს. წინსვლა მხოლოდ იმ დოზით და ასპექტებით არის, რითაც შეიძლება ივანიშვილმა ხალხის მოტყუება გააგრძელოს, ვითომ მას დასავლური ინტეგრაცია უნდა. ამ შემთხვევაში, ყოფილი პრემიერი იანუკოვიჩზე ბევრად უფრო ჭკვიანია, რადგან იმ საზოგადოებაში, სადაც ქვეყნის ევროინტერგაციას მხარს 80 პროცენტი უჭერს, არ შეიძლება, ღიად გამოხვიდე და თქვა, კურსი შევცვალეო. სიმართლე რომ ითქვას, ის არც ამას მოერიდა, რადგან კენჭები მან მაშინ გადმოაგდო, როცა თქვა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის შურს. ასევე მან თქვა, რომ რატომაც არა, ევრაზიულ კავშირში შესვლას განვიხილავთო. მან საზოგადოებრივი აზრი მოსინჯა და მას შემდეგ, რაც უარყოფითი პოზიცია დაინახა, მსგავს განცხადებებს ღიად აღარ აკეთებს, მაგრამ მისი თანაშემწე, ფორმალური პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება. ეს ყველაფერი პუტინის ინტერესებში შედის და ეს დიპლომატიურ გამარჯვებასთან არ გვაახლოვებს.
ამას გარდა, იმასაც ამბობენ, რომ თურმე, საკუთარ თავს ტერორისტულ აქტებს ვუწყობდით და ტერორისტების ქვეყანა ვართ და ამის მერე ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღებენ? მივესალმებით, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი ხელისუფლებას მოშორდა. ფაქტობრივად, ისინი პუტინის გეგმის შემსრულებელ ივანიშვილის ბანაკიდან წამოვიდნენ, მაგრამ რესპუბლიკელების მიკვირს, რომლებიც კოალიციაში დარჩნენ და მაკიაჟის როლს ასრულებენ.
თქვენ ფიქრობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ წარმოებული ბრძოლა იყო არა კორუფციასთან, არამედ დასავლური ღირებულებების მატარებელ ირაკლი ალასანიასთან ბრძოლა?
- ეს იყო პოლიტიკურად არახელსაყრელი ადამიანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც გაბედა და ივანიშვილს შეეწინააღმდეგა. მაგალითად, ალასანია გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება სჭირდება. ამ განცხადებას საჯაროდ პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობა დაუპირისპირდა. მეტი რა ნიღაბი უნდა ჩამოიხსნან? ქვეყნის ინტერესებს სხვა რა ფორმით უნდა უღალატონ? ჩვენი მთავარი სამიზნე პუტინის პოლიტიკაა საქართველოში, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს.
ირაკლი ალასანიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. მსგავსი შთაბეჭდილება თქვენც გრჩებათ?
- ეს არის პოლიტიკური დევნის ნაწილი და ივანიშვილის ხელში პროკურატურა არის პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის ინსტრუმენტი. რამდენი საქმე იცით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიმართ აღიძრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პირები ჩვენი რიგებიდან გავიდნენ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელდა? - რა თქმა უნდა, არა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია არის „ავანტურისტი“, „უნიჭო“ და „ამბიციური“. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას?
- ასევე თქვა, რომ არის მოღალატეო. იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ივანიშვილისა და ჩვენი შეფასებები ერთმანეთს დაემთხვა.
რას გულისხმობთ?
როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს იყო უმწიფარი ადამიანის განცხადება, ეს ჩვენც ნათქვამი გვქონდა. ღარიბაშვილი ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი ადამიანია. მისი მხრიდან მსგავსი მიმართვები უცხო არ არის. მას მსგავსი რამ ჩვენს მიმართაც ბევრი უთქვამს. ამბობს, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, ბავშვი დავახრჩვეთ და საბურავებს ვასაწყობებთ. ეს ადამიანი პასუხს არაფერზე არ აგებს, მაგრამ რაღაცა ფორმით მას ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს. დაუშვებელია, ოპონენტები უპასუხისმგებლოდ და უსაფუძვლოდ მხოლოდ იმის გამო ლანძღო, რომ მათი მოსაზრებები არ მოგწონს და ისინი გიპირისპირდებიან. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ის იმდენად უმწიფარია, როგორ შეიძლება, ამ ადამიანზე გაბრაზება? ზოგჯერ ხედავ, რომ საქმე პრემიერ-მინისტრთან კი არ გაქვს, არამედ უმწიფარ ადამიანთან. რას როშავს ხოლმე თვითონაც არ იცის, მაგრამ ხანდახან, რაღაცას ეუბნებიან და ითვალისწინებს, მაგრამ ხანდახან, გაუგონრად იქცევა.
საქმე ძალიან ცუდ ცირკთან გვაქვს, მაგრამ ჩვენი მტერიც რომ იცინის, ფაქტია. როგორც ჩანს, პუტინის შესაბამისად, ივანიშვილის გეგმა ისაა, რომ ამ ქვეყანაში თუკი რამე სიმწრით, ოფლით და წვალებით, მათ შორის შეცდომების ხარჯზე შეიქმნა, ჩამოიშალოს, დაინგრეს და ქვეყანას ნორმალური მთავრობა არ ჰყავდეს, რათა არაფერი არ ფუნქციონირებდეს და ქვეყანას ინფანტილური, უნიათო ადამიანები მართავდნენ.
მას შემდეგ, რაც „თავისუფალი-დემოკრატები“ ოპოზიციაში წავიდნენ, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლია არ ექნება და თქვენი ჩანაცვლებას მოხდება...
- ამაზე ჩვენ არ ვნერვიულობთ და ისინი ნუ ინერვიულებენ. რაღაცნაირად ჩვენს თავს მივხედავთ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ვინც პუტინის გეგმის განხორციელებას არ ემსახურება, ყველა დამილოცნია. თუ ეს ჩვენს ხარჯზე მოხდება, პრობლემა არაა, მთავარია საქართველოში პუტინის პროექტები არ სრულდებოდეს. ჩვენს სადარდებელს ისინი ნუ იდარდებენ. საქართველოს ინტერესებისთვის ვინ როგორ იბრძოლებს და მთავრობას როგორ ოპონირებას გაუწევს, ეს გამოჩნდება.
ირაკლი ალასანიას გუნთან თანამშრომლობის სურვილი გაქვთ?
- პატარა ბიჭებივით ან ქუჩის ბიჭებივით არ ვიქცევით და წყენას და ბოღმას გულში არ ვიდებთ. თუ საკითხი საქართველოს ინტერესებს შეეხება, არც მთავრობასთან ვამბობთ თანამშრომლობაზე უარს. თუ თვითონ მოინდომებენ, ივანიშვილის ფორმალობიდან გამოსულ ძალას, თანამშრომლობაზე უარს რატომ ვეტყვით?