„ორი ბატონის მსახურება“ ვერ მოხერხდება“

„ორი ბატონის მსახურება“ ვერ მოხერხდება“

პარლამენტში მისულ პრეზიდენტს ტაში დაუკრეს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს სხდომათა დარბაზის შესასვლელთან არავინ დახვდა. ქვეყნის პირველი პირი დარბაზში ზუსტად 12:00 საათზე გამოცხადდა, პირველი ზაქარია ქუცნაშვილს მიესალმა, უმცირესობის წარმომადგენლებს კი ხელი არ ჩამოართვა.

გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სტუმრობა ერთ საათს გაგრძელდა, გამოსვლისთვის მას 30 წუთი მიეცა, მისი გამოსვლის დასრულებისთანავე კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს და მათ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გამოსვლას არ მოუსმინეს.

ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტს კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, ქვეყანას შეახსენა, რომ „ორი ბატონის მსახურება“ ვერ მოხერხდება, ხოლო მთავრობას მიმართა პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან დაიცვას.

მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია ევროპული კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება.

მისი თქმით, იმ ფაქტმა, რომ ყოფილმა სამმა მინისტრმა პოსტები დატოვეს, კითხვები გამოიწვია შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ - ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება.

„კონსტიტუციურად პარლამენტის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს ფუნქცია გადამწყვეტია. თქვენ არა მხოლოდ განსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ აღმასრულებელი ხლეისუფლების საქმიანობას აკონტროლებთ. დღეს ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი გამოსვლისას კოალიციიდან „თავისუფალი-დემოკრატების“ წასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე „თავისფალი დემოკრატების“ შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებელყოფა, სახელმწიფო სისტემას სირთულეებს შეუქმნიდა.

„ასეც მოხდა. ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო, ინსტიტუტები ვის ემსახურება, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს. ამას გარდა, საინტერესოა, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობის ან უწყებათა დეპოლიტიზირების პრინციპები. ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან დაცული უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შეშინებულ, უნიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას მიიღებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნული არ მოხდეს, აუცილებელია მთავრობის სტაბილურობის დაცვა, რაც პარლამენტის მხრიდან ეფექტურმა კონტროლმა უნდა განაპირობოს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ვითარება შევქმნათ, როდესაც იმ რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებით, როდესაც მინისტრი, რომლის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათაშორის, შემდეგ არ მტკიცდება და ამას არაფერი არ მოჰყვება. უნდა შევძლოთ და ავიცილოთ რეალობა, როცა დანაშაულშია ბრალდებული იმ უწყების თანამდებობის პირები, რომლის მინისტრიც ნატოს მხრიდან სწორედაც რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვისაა აღიარებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა სწორედ რომ ეფექტური კონტროლით“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მარგველაშვილმა დარბაზში აღნიშნა, რომ ორი ბატონის მსახურება ვერ მოხერხდება, მედიასთან კი დააკონკრეტა, რომ ამ განცხადებაში ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს არ გულისხმობდა.

პრეზიდენტის მტკიცებით, ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაცია და ამავე დროს სახელმწიფოს შენება რაიმე სხვა ყაიდაზე ვერ მოხერხდება.

„სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი. ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს, თუმცა, დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ მას თვალი უნდა გავუსწოროთ. თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ყველას ძალისხმევა სჭირდება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს რჩევები მისცა და კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდა.

მარგველაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას.

„უმნიშვნელოვანესია, რომ „ნდობის ჯგუფი“ ეფექტურად ფუნქციონირებდეს. სწორედ ამ ჯგუფის ბერკეტის ეფექტიანად ამოქმედება უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც ასე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფორმატში ასამოქმედებლად. ასევე, პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისთვის კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკა უნდა დავასრულოთ. ამის მაგალითებია თუნდაც ფარული მიყურადების, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეთა განხილვის, მოწმეთა დაკითვის წესის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გადაწევა. ბუნებრივია, პარლამენტს უფლება აქვს, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების მოქმედება შეაჩეროს ან გადაავადოს, მაგრამ ეს პერმანენტულ ხასიათს არ უნდა იღებდეს. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლებების რეალიზაცია, არამედ ამ უფლების არსეობაც კი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ძალოვანი უწყების რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე, გადაუდებელი აუცილებლობაა.

 მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურის შერწყმით შს სამინისტრო უპრეცედენტო ძალაუფლების სტრუქტურა გახდა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

„წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით, შსს-ში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, უპრეცედენტო ძალაუფლების სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში“, -განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა გამოსვლისას ყურადღება საკადრო პოლიტიკაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული საჯარო სამსახურის რეფორმაც.

მისი თქმით, კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუციონალური ქვაკუთხედი.

„ხელისუფლების თუ ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურებიდან კადრების მასობრივ დათხოვნას. საჯარო სამსახურის სწორი კონცეფცია სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნა დავით უსუფაშვილმა დაიკავა, რომელმაც უმცირესობის საქციელს სამარცხვინო უწოდა, მარგველაშვილის გამოსვლაზე კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოხსენება არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა, როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული.

სპიკერის შეფასებით, პრეზიდენტმა დეპუტატებს მოსაზრებების ფართო სპექტრი წარუდგინა.

„მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა ქვეყნის პირველი პირის შეფასებები, ის, როგორც საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პირის მოსაზრებები, მნიშვნელოვანია. დღეს ბატონმა პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, წარმოადგინა მოსაზრებების ფართო სპექტრი და ეს, ცხადია, არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა - თავდაპირველად თითქოს მისი გამოსვლა ამ თემებს ეძღვნებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა განგვიმარტა, რომ კონკრეტულად ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებში მან თავისი გადმოსახედიდან ფართო პრობლემები თუ ფართო თემები დაინახა, რომელსაც შეხმიანება სჭირდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის პრეზიდენტისგან ელოდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უკეთ მუშაობას შეძლებენ, რისი უზრუნველყოფაც კონსტიტუციით, სწორედ ქვეყნის პირველ პირს აკისრია.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დეპუტატთა ნაწილმა საუკეთესოდ შეაფასა, მეორე ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მარგველაშვილი თემებს გასცდა.

უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში რამდენიმე სრულიად მნიშვნელოვანი მესიჯი იყო.

მისი თქმით, მისთვის მისაღები და სწორი ფორმულირება გახდათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პიროვნებებს არ უნდა ემსახურებოდეს, რაც დღევანდელ საქართველოში პრობლემაა.

„პრეზიდენტის დამოკიდებულებას ვეთანხმები, რომ საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა ხდება. ეს სერიოზული პრობლემა და მექანიზმები უნდა შეიქმნას, რომლითაც პარლამენტის და საზოგადოების მხრიდან პროკურატურა გაკონტროლდება. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მესიჯი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუზღუდავი უფლებები არ ქონდეს და მისი დემოკრატიზაცია უნდა მოხდეს“, - აცხადებს ბაქრაძე, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე.

კანონმდებელი მიჩნევს, რომ მარგველაშვილის დღვანდელი გამოსვლა საუკეთესო იყო.

აბაშიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყურადღება ძირითადად იმ აქცენტებზე გამახვილა, რაც მათაც სწორად მიაჩნიათ.

„დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს არ გადაუხვევს, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული საქმეები ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან. ამას სერიზულად დავაკვირდებით და არასწორი საქმის გაკეთების დროს, არავითარ შემთხვევაში, მთავრობას არ დავინდობთ. პრეზიდენტი ინსტიტუტების სიძიერეზე საუბრობდა და არ შეიძლება, ვინმე დაშინებული გყავდეს“, - განაცხადა აბაშიძემ.

ზაქრია ქუცნაშვილს პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესოდ მიაჩნია, მაგრამ თვლის, რომ მარგველაშვილის გამოსვლა მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი იყო.

კანონმდებელის განცხადებით, ევროატლანტიკურ კურსთან კადრების შემცირება ან რეგორგანიზაციის საკითხი არაფერ კავშირში არ იყო.

„პრეზიდენტი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო, მაგრამ მსგავსი ფორმატი თებერვალში მისი სტუმრობის დროს არის გათვალისწინებული. ამას გარდა, შენიშვნები პარლამენტის მიმართ იყო და ითქვა, რომ საპალამენტო კონტროლი სუსტია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, წლიური მოხსნების წარდგენის დროს, პრეზიდენტს გამოსვლისას უმრავლესობის წევრებმა ტაში არცერთხელ არ დაუკრეს და ეს იმით ახსნეს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის პრეცედენტების გამეორება არ სურდათ.